“I’m just playing game

I know that’s plastic love

Dance to the plastic beat

Another morning comes”

Mariya Takeuchi, Plastic Love

City Pop, როგორც ახალი, იაპონური იდენტობის მქონე პოპ მუსიკა გვიანდელი 1970-იანი წლების ტოკიოში დაიბადა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, უკანასკნელ ათწლეულებში იაპონია ეკონომიკური სასწაულის პიკს უახლოვდებოდა. ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა იგი დიდ, ეკონომიკურ ელექტროსადგურად აქცია, ამასობაში კი, Sony Walkman-ის და მანქანის სხვადასხვა დახვეწილი სტერეოების გამოჩენამ დასვენების დღეებში ხეტიალს “კინემატოგრაფიული” ესთეტიკა შესძინა. City Pop სწორედ ასეთი კოსმოპოლიტური ცხოვრების საუნდტრეკად იქცა. იაპონური პოპის მთავარი მახასიათებელი კაშკაშა ხმები და მდიდრული მელოდიურობაა, რაც ინსპირაციას ამერიკული კულტურიდან, კერძოდ, ფანკიდან, იახტ როკიდან, ბუგიდან და ლაუნჯ მუსიკიდან იღებს.

ესკაპიზმი და ოცნებები არდადეგებზე 80-იანების ტოკიოს განცდებია მარტივი კალიფორნიული ვიბრაციების ფონზე, მზის სხივებით ელვარე ლურჯი წყლით, გლუვი ავტომობილებით, ნეონ განათებებითა და პასტელური ცათამბჯენებით. ის, რაც ამ პეიზაჟს ფორმას სძენდა, ღამის ტოკიოში მოსეირნე ფანჯრებ-ჩაწეული მანქანის რადიოში გაჟღერებული City Pop იყო.

Drew Litowitz, Pitchfork

თუ იაპონიის პოპ-მუსიკა წარსული ლამაზი მოგონებების ნოსტალგიებით იყო გაჯერებული, დასავლური კულტურისთვის იგი ეგზოტიკურ შინაარსს ატარებდა. სიმღერის ტექსტი იაპონურ ენაზე კი დასავლელ მსმენელს ხელს უწყობდა, მეტი თავისუფალი სივრცე ჰქონოდა სხვა, თავისი კულტურისთვის დამახსიათებელი რეფლექსიებისთვის.

თუმცა, ის, რაც City Pop-ს ურყევად და უცვლელად ახასიათებს, თავისებური, მელოდიური სიამ-ტკბილობაა. სწორედ ამგვარი ესთეტიკის ნათელი მაგალითია ეიზინ სუზუკის საკულტო ილუსტრაციები, რომლებიც იმ დროისთვის პოპულარული პროდიუსერისა და კომპოზიტორის, ტაცურო იამაშიტას ალბომის გარეკანზე აისახა. ზღვისპირა გზატკეცილების, მზიანი სანაპიროების პასტელური ფერებით შევსება და ფონად მანქანის რადიოში ჩართული City Pop, რომელიც, თავის მხრივ, წარსულს, დასვენებასა და არდადეგებს ნატრულობდა, იმას მიუთითებს,  თუ რა ფორმით სიმბოლირდა დასვენება ეკონომიკური ბუმით დაქანცულ ქალაქებში.

City Pop-ის ტექსტს ხშირად ახსიათებდა მიმოცვლა იაპონურ და ინგლისურ ენას შორის. ინგლისური ენით იაპონურის ჩანაცვლებას, ძირითადად, მაშინ ჰქონდა ადგილი, როცა სიმღერა დასასრულს უახლოვდებოდა. სუგიამა კიოტაკას ერთ-ერთი სიმღერა – ふたりの夏物語 სწორედ ამ მეთოდის ნათელი მაგალითია.

 ყველაზე ადრეული ტექსტი, სადაც City Pop, როგორც მუსიკალური ჟანრია მიმოხილული და ერთ-ერთ ამ ჟანრის პიონერ ბენდზე, “Happy End はっぴいえんど”-ზე ფოკუსირდება, 1977 წელს გამოშვებული ჟურნალი “Young Guitar”-ში დაბეჭდილი სტატიაა. თუმცა, ამ დროისთვის, City Pop-ს ჯერჯერობით City Music ჰქვია.

“ჩემი აზრით, სიტყვები “City Music”, “New Music”-ისავით, არაფერია გარდა შეგრძნებითი სიტყვებისა, რაც სიღრმისეულ მნიშვნელობას არ ატარებს. იგი ახალი მუსიკაა, ურბანული გრძნობებით. როგორც მოსალოდნელი იყო, მას შევიგრძნობთ, განვიცდით, და, იმავდროულად, იგი არ გვესმის.”, წერდა მუსიკის კრიტიკოსი, ტონო კიოკაზუ Happy End-ის მუსიკაზე.

ტონო Happy End-ს City Pop-ის პიონერად ასახელებს და ამბობს, რომ მათი ალბომი “Kazemachi Roman” იყო სწორედ ის, რამაც ქალაქის ნიუანსები აგრძნობინა. – “1970-იანებში შესვლისას, ქალაქი აღარ იყო დარდისა და ნაღველის ობიექტი, “Happy End”-მა კი, მკვეთრად გამოხატა ის სურათ-ხატები, რაც ქალაქში ასე მალულად მოიცემოდა.”

კალიფორნიული ბენდებიდან, Buffalo Springfield-სა და Little Feat-დან ინსპირირებული ფოლკლორული როკი, ფაქტობრივად, City Pop-ის ფონური ხმოვანება გახდა. Happy End-მა, სწორედ ამგვარი მუსიკით სცადა, ამერიკული ხმები იაპონური ენისთვის მოერგო და ამ გზით ეკვლია საკუთარი ეროვნული იდენტობა.

ადრეულ 1980-იანებში, City Pop უკვე განსაზღვრულ სივრცედ ყალიბდება, რომელიც სხვადასხვა ახალ არტისტსა და პროდუსიერს აერთიანებს. ერთ-ერთი მათგანი ტაცურო იამაშიტაა. მისი დებიუტი შედგა ალბომით “Big Waves”, რომელიც სავსეა Beach Boys-ის სიმღერების ქავერ-ვერსიებითა და ბრაიან ვილსონური დუ-ვოპ ჰარმონიით.

მიუხედავად იმისა, რომ City Pop-ის ჰანგები, ძირითადად, ზაფხულის ნიავში, მანქანით ხეტიალისას მარტივად მოსმენად მუსიკად აღიქმება, რამდენიმე იაპონელმა არტისტმა ჟანრობრივი საზღვრები გააფართოვა, შედეგად კი, ეგზოტიკური, ელექტრო-ლაუნჯ ალბომი Pacific შეიქმნა, რომელიც ჰაროუმი ჰოსონოს, იამაშიტას და Happy End-ის ყოფილი წევრის, შიგერუ სუზუკის კოლაბორაციის ნაწილია.

1980-იან წლების ეკონომიკურმა სიძლიერემ სოციალური ქცევის შეცვლაც განაპირობა, რაც ყველაზე მეტად ქალებს შეეხოთ. მათ უკვე ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ უმაღლესი განათლება. აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი სეგმენტი შეუერთდა შრომით ბაზარს, რამაც, ცხოვრების სხვადასხვა სიამოვნებაზე წვდომა განაპირობა. ამიერიდან, კოსმოპოლიტური პრივილეგიებით, არა მხოლოდ კაცები, არამედ – ქალებიც სარგებლობდნენ.

აღნიშნული კულტურული ცვლილებები მუსიკაშიც აირეკლა. ქალმა მომღერლებმა იაპონურ პოპ კულტურაში ის “გაუცხოებული”, ემოციური ტერიტორია აიღეს, რაც მანამდე რუკაზე არავის აღუნიშნავს. პასიურ, უმანკო სიყვარულზე, ანდაც ერთი ღამის რომანებზე მღერამ იმ უხილავი საზღვრების გახლეჩა დაიწყო, ასე ძლიერ რომ ბოჭავდა სექსუალობაში გამორკვევის პროცესს.

City Pop ხელახლა 2010-იანებში აღორძინდა, რამაც 1980-იანების ნეონური ნოსტალგია სხვანაირად დააბრუნა.

იაპონიის საარქივო სერიების ფარგლებში, 2019 წელს Pacific Breeze: Japanese City Pop, AOR & Boogie 1976–1986 გამოიცა,  Light in the Attic-ის მიერ, რამაც დასავლეთ კულტურაში დიდი წარმატებით ისარგებლა.

2020 წლის მიწურულს კი, 1979 წლის ცნობილმა პოპ სიმღერამ  Spotify-ის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. 19 წლის მიკი მაცუბარას მიერ შესრულებული “Mayonaka no Door / Stay With Me” ისევ სანაპიროს ბრიზში ზღვისპირა გზატკეცილზე მანქანით სეირნობას ჰგავს, მიკის მოწყენილი ხმა კი ჰარმონიულად ერწყმის ფანკი ბეისლაინს, ჯაზის მელოდიურობას და მოციმციმე, მანათობელ რითმს.

1984 წელს 10,000 ასლის გაყიდვის შემდეგ, Plastic Love ახლიდან დაიბადა 2017 წელს, როცა ანონიმურმა მომხმარებელმა, სახელად “Plastic Lover”, Youtube-ზე Plastic Love-ის რვა-წუთიანი ვერსია გამოაქვეყნა.

რაც უფრო ხელმისაწვდომი ხდებოდა მარია ტაკეუჩის სიმღერა, მით უფრო ეტყობოდა City Pop-ს, თუ როგორი ტრანსფორმაცია განიცადა 1980-იანებში ჩაკარგული მუსიკალური ჟანრიდან დასავლეთის კულტურის საყვარელ მიმდინარეობამდე. მიუხედავად იმისა, რომ, ძირითადად, Plastic Love-ის ტექსტი იაპონურ ენაზეა, თითქოს, მაინც განიცდება ის არსაიდან წამოსული ნოსტალგია, იმ შეგრძნებების, მოგონებების მონატრება, რაც არც კი განცდილა. დამწუხრება იმაზე, რაც საკუთარი არ არის და არც არასდროს ყოფილა, City Pop-ის თანმდევი ხიბლია, ალბათ.

შესაბამისად, იაპონური მუსიკალური მიმდინარეობა რეტროსპექტიულად ბრუნდება მუდამ მდინარე კულტურულ სივრცეში, დასავლეთში, რომლისთვისაც ამომავალი მზის ქვეყანა რეტრო-ფუტურისტულ  მელანქოლიას შეიცავს, საიბერ-პანკურ სტილში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *