საქართველო 1988 წელს ჯერ კიდევ სსრკ-ის ნაწილი იყო, მაგრამ ცხადია, ცენზურის მიუხედავად მუსიკის კეთება არ წყდება. განსაკუთრებული მოვლენა თსუ-ს დარბაზში 18-21 ნოემბერს ჩატარებული როკფესტივალი „ახალგაზრდული რიტმები – 88“ იყო. უნივერსიტეტის სცენაზე გამართულმა ღონისძიებამ მნიშვნელოვანი და უკვე ბევრისთვის ცნობილი შემსრულებლები – პრიზი, ჯუკ-ბოქსი, ბიჭები როკ-ენ-როლიდან, ტაქსი და სხვები გამოავლინა. ასევე, ამ წელს ჯაზ ქორალი წარმატებულ ტურნეს ატარებს პოლონეთში, სადაც კოლექტივი ლეგენდარულ საქსოფონისტ ტომაშ შუკალსკისთან ერთად მეორე ფირფიტის ჩაწერასაც ახერხებს.

1988 წლის ქართული სასიყვარულო თემატიკის მუსიკა ჟანრობრივად მრავალფეროვანია. აქ მოისმენთ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს, ქართულ რომანსს, ვოკალურ ანსამბლებს, როკს, ინდი-როკს, ალტერნატივასა და ჯაზს. სელექციაში ნახავთ რომა რცხილაძის ანსამბლ – ნატვრის ხეს, რომელსაც თავის დროზე საბჭოთა ცენზურამ საკონცერტო მოღვაწეობა აუკრძალა და რადიოშიც დაბლოკა. ასევე, გადააწყდებით ჯგუფს – ბიჭები როკ-ენ-როლიდან, რომლის ფრონტმენმა – ირაკლი გიგაურმა, სამწუხაროდ, 1988 წელს 22 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩემთვის აღმოჩენა იყო სერია „უნიკალური ჩანაწერების“ ფარგლებში ამ წელს გამოშვებული კავთისხეველი მარო თარხნიშვილის (1891-1969) მიერ შესრულებული ხალხური სიმღერების ნაკრები. სელექციაში ყურადღებამისაქცევია კომპოზიციები – „შუა წყალში გადამაგდე ნავიდან“ და „ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს“, სადაც იეთიმ გურჯის, ძველი თბილისის აშუღური პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელის, ტექსტებია შესრულებული.

1. ქალთა ვოკალური ტრიო (ჰარმონია) –  გაზაფხულზე შენთან მოსვლას დავაპირებ
2. ნანული აბესაძე – რა გინდა ჩემგან
3. ქეთო ჯაფარიძე – მხოლოდ ერთხელ მაკოცე
4. მარო თარხნიშვილი – მე რეგვენმა პატარძალმა
5. გურამ საღარაძე, მედუდუკეთა ანსამბლი – შუა წყალში გადამაგდე ნავიდან
6. საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა – ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს
7. გია ბეშიტაიშვილი, ხუტა გაგუა – მთვარიანი ხეივანი
8. ბიჭები როკ-ენ-როლიდან – მაისი
9. ეკა მამალაძე – ჩვენს პატარა ბაღში
10. ვია თეატრონი – თბილისელი გოგონები
11. ნატვრის ხე – მენატრები
12. ტაქსი – ისევ მირეკავ ღამე LIVE
13. სერგეი გურბელოშვილი, თამაზ ყურაშვილი, ნიკოლაი ლევინოვსკი – My Funny Valentine

1988 წლის სამი გამორჩეული ალბომია გია ბეშიტაიშვილის და ხუტა გაგუას ერთობლივი ნამუშევარი – „მოიდანახე“, ჯგუფი ტაქსის – „ტაქსი“, სერგეი გურბელოშვილის, ნიკოლაი ლევინოვსკისა და თამაზ ყურაშვილის „Classical Jazz Ballades“. აღსანიშნავია, რომ სანდრო ცქიტიშვილი საავტორო ბლოგზე – ქართული მუსიკის შესახებ, სამივე ალბომს საფუძვლიანად განიხილავს და მათ საკუთარ შეფასებასაც უწერს. მომდევნო აბზაცებში მისი ტექსტებიდან ამონარიდებს უცვლელად გთავაზობთ.

ფირფიტაზე „მოიდანახე“ (გია ბეშიტაიშვილი – ვოკალი; გოგი ბეშიტაიშვილი – ვოკალი (1, 6, 7); ია ბეშიტაიშვილი – ვოკალი (1, 2, 6); ხუტა გაგუა – ტექსტები; ინსტრუმენტული ბენდი გ. ბეშიტაიშვილის ხელმძღვანელობით): „თუ მათ პირველ, ძალიან არათანაბარ ალბომში მუსიკალური მიდგომა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული (რთულ, მრავალთემიან სიმღერებთან ერთად გვხვდებოდა ძალიან სუსტი პოპ-სიმღერებიც), „მოიდანახე“-ში უკვე იგრძნობა ის მიმართულება, რაც ამ დუეტის შემოქმედებას მაშინდელი ქართული მუსიკისაგან ცალკე აყენებს. …ალბომის არანჟირება იმ პერიოდის ქართულ მუსიკაში, ალბათ საუკეთესოა – ძალიან ლამაზადაა დასმული სინთეზატორული ჟღერადობა; შედარებით მსუბუქ, მაჟორულ სიმღერებს („პეპელა“, „მუსიკა“) ჟღერადობა თითქმის იდილიურ განწყობას სძენს, მაგრამ ალბომის უფრო ფასეული მხარე ლამაზი, სევდიანი სიმღერებია, სადაც ჭკვიანური არანჟირებით დიდი სივრცის მქონე, პირქუში ატმოსფერო იქმნება. „ნანაია“ და ხანგრძლივი „მოიდანახე“ საქსოფონის ინსტრუმენტული პასაჟებითაა გალამაზებული, მაგრამ ჩემი აზრით, აქ საუკეთესო სიმღერა „მთვარიანი ხეივანი“-ა, სადაც ძალიან ემოციური საოპერო ვოკალი და მოულოდნელი new wave დინამიკა დამანგრეველ კომბინაციას ჰქმნის“.

ჯგუფი ტაქსის ალბომზე (დადა დადიანი – ვოკალი, ბასი; კახა კიკაბიძე – გიტარა; ირაკლი ჩარკვიანი – კლავიშები; ბიჭიკო ოსიპოვი – დასარტყამები): „ეს ჩანაწერი ქართული მუსიკისათვის ნამდვილად ეპოქალურია. აქ ქართულ მუსიკას პირველად ჩამოსცილდა ყველანაირი ფორმალობა და ინტელიგენტობა, რომელიც მუსიკას ფართო მსმენელისთვის ამზადებდა. ამ მისი ადგილი დაიკავა ფარდაახსნილმა დეკადანსმა. ტრეკლისტის წაკითხვითაც სჩანს, რომ სიმღერები თემატურად და ემოციურად ერთსადაიმავე თემებს ეხება: რეალობისადმი უარყოფით დამოკიდებულებას, პირად ურთიერთობებში გამეფებულ სიცივეს, ახალგაზრდულ  მიზანთროპიზმს და გუნება-განწყობილების შეულამაზებელ, ერთობ ნეგატიურ გამოხატვას. მუსიკა თითქმის დაცლილია ყოველგვარი escapism-ისგან. ერთადერთი ნახსენები ”გაქცევის მეთოდიც”  კი ყველაზე დეკადანსურია (”ის ითხოვს ოპიუმს”). ამ ემოციური სიპირქუშის თვალსაზრისით, ეს ჩანაწერი ერთ-ერთი ყველაზე რადიკალურია ქართულ მუსიკაში – მისი ეს ასპექტი სტილის უცხოურ სტანდარტებსაც კი მოიტოვებს უკან. … „ტაქსიმ“ პირველმა დაიყვირა, რომ ”პაწაწინა სამოთხეში” არის ნაგვით აყროლებული სახლები, „რომელიც ჯოჯოხეთს ჰგავს“; რომ „საქართველოს ლამაზების“ გვერდით არის ხალხი, რომელიც „ჰგავს ნიანგს“, თანმდევი ფსიქოლოგიური კომპლექსებით; რომ თმის გაზრდის და საყურის გაკეთებისთვის შეიძლება „ელექტროსკამზე“ დაგსვან. ამ ჩანაწერმა დასაბამი და მაგალითი მისცა სპეფიციკურად ქართულ პანკ-ესთეტიკას, მახასიათებელი სოციალური ნიუანსებითა და კომენტარებით“.  

ჯაზ-ტრიოს „Classical Jazz Ballades“-ზე (სერგეი გურბელოშვილი – საქსოფონი; ნიკოლაი ლევინოვსკი – ფორტეპიანო; თამაზ ყურაშვილი – ბასი; კიროვის სახ. ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის კამერული ორკესტრი ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით): „საქსოფონისტი სერგეი გურბელოშვილი და ბასისტი თამაზ ყურაშვილი ოთხმოციანებში მოღვაწე ქართველი ჯაზ-მუსიკოსებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურები არიან. გურბელოშვილმა იმ პერიოდში ბევრი კარგი სოლო და კოლაბორაციული ალბომი გამოსცა, ყურაშვილი კი ჯერ კიდევ 1965 წლიდან თანამშრომლობდა ვაგიფ მუსტაფაზადესთან; ოთხმოციანების ბოლოს კი წარმატებით უკრავდა მიხაილ ოკუნის ტრიოში. …ალბომში შესულია 4 ტრადიციული ჯაზ-ბალადა. ისინი, გემოვნებიანი არანჟირებების წყალობით, ძალიან მსუბუქად ისმინება. ორკესტრირებაც ძალიან კარგადაა გაკეთებული. ორკესტრს არ აქვს მხოლოდ ფონური ფუნქცია; ხშირად მუსიკა სწორედ მას მიჰყავს. მიუხედავად ამისა, ეს ოდნავადაც არ უშლის ჯაზ-ტრიოს ექსპრესიას. სამივე ინსტრუმენტი ამ, თითქოს მკაცრ, “კლასიკურ” ჩარჩოებშიც თავისუფლად ახერხებს იმპროვიზებას. …ოთხიდან სამი ნაწარმოების ორიგინალი 1930-იან წლებშია დაწერილი. ჩანაწერი მსმენელს ნახევარი საუკუნის წინანდელ ეპოქაში ისვრის. იდეალური ალბომია რომანტიკული / ინტიმური სიტუაციებისთვის. ამ ნელი, მსუბუქი მუსიკის სმენისას დაგეუფლებათ სასიამოვნო ნოსტალგიისა და კომფორტის შეგრძნება“.

სტატიაში გამოყენებულია ფოტო – Comme des Garçons in Tbilisi, Georgia, 1989 (Photography Brian Griffin).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *