ქართველმა ელექტრონულმა მუსიკოსმა RTNH ახალი ალბომი გამოუშვა სახელწოდებით Slow Motion Garden ლეიბლზე UNHEARD. ელექტრონული და ბუნებრივი საუნდებით გაჯერებული ალბომი ახალი ხმების ძიების დაუსრულებელი გზაა. პირველი რამდენიმე წუთის მოსმენის თანავე იგრძნობა, რომ ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ახალი ჟღერადობების აღმოჩენას, კომპოზიციების არქიტექტურა კი ძალიან მარტივია და მას თავისთავად განსაზღვრავს მასალა, რომლისგანაც მუსიკა იქმნება. მოსმენის ესთეტიკური ტკბობა (და ალბათ შექმნისაც) სწორედ ამაშია.
რელიზი, რომელიც 28 ივნისს კასეტების სახით გამოვა, პანდემიისას შექმნილია, როცა დრო ყველაზე მეტად გაიწელა. შთაგონების პირველი წერტილი დროის შენელების შეგრძნებით გაჩნდა, შემდეგ კი გაგრძელდა გარეთ გამოსვლით და გარესამყაროზე დაკვირვების გამოცდილებებით.
„პანდემიის დროს, როცა რამდენიმე თვე თითქმის სულ სახლში მარტომ გავატარე, თითქოს ყველაფერი შენელდა და დროის აღქმაც შემეცვალა. 2020 წლის დასაწყისი ასეთი იყო, შემდეგ კი დავიწყე ჩემთვის საინტერესო მუსიკალურ ენაზე იმ შეგრძნებების და ადგილების აღწერა, სადაც ვხვდებოდი ხოლმე. ძირითადად ბუნებრივი გარემო იწვევდა ჩემს ინტერესს და შესაბამისად ემოციებსას სიმწვანე და არაურბანული სივრცე აღძრავდა.“
ტექნიკური თვალსაზრისით RTNH ყველა ტრეკში ცდილობს განავითაროს ერთი ლუპი, რომელიც პროგრესირდება, თუმცა პრინციპულად არ იცვლება და თითქოს ოდნავ იცვლის ფორმას და ხასიათს. გზაში კი მაგნიტივით იზიდავს იმ ხმოვანებებს რომლების მისთვის საინტერესოა. ეს საწყისი ლუპები ფაქტობრივად მთავარი „პერსონაჟები“ არიან ყოველ კომპოიზიციაში.
პირველი ტრეკი – Slow Motin Garden – ალბომის სასათაურე კომპოზიციაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერში გვესმის ბუნების ხმები, თითქოს სადღაც მიწის ქვეშ ან ჰაერში, მაინც უფრო ძლიერად არსებობს ურბანული კვალი და ელექტროენერგია. თუმცა სევდიან ჯადოსნობას მხოლოდ ბაღი ქმნის, რომელიც ცდილობს მაინც იარსებოს.
თუკი ამ ალბობში რადიკალური ცვლილებები არსებობს, მათ შორის ყველაზე ძლიერი პირველი ტრეკიდან Cactu-ზე გადასვლაა. ეს ალბათ ის, პირველი გარეთ გამოსვლის მომენტი და სტატიკური მდგომარეობის აჩქარებაა. აქ ცხადად იგრძნობა დადებითი ენერგიის სიჭარბე და ნაკლები სოფისტიცირება.
llatan-ში გაზრდილია ყველა საუნდის ინტენსივობა, რაც განმეორებადობასთან ერთად ჰიპნოზის და ჩაძირვის ეფექტს ქმნის. ვერც კი ამჩნევ ისე იკარგები სპირალში.
რაჭის მთებში ალბომის კულმინაციური ფაზა იწყება, რომელიც დავიდარაბაში გრძელდება, აქ პიკს აღწევს წინა ნამუშევრებში დაგროვებული ენერგია. ორი პარალელური საუნდი, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია, ისეთ შეგრძნებას ტოვებს, თითქოს მალე რაღაც უნდა შეიცვალოს.
ბოლო, ნახევარ საათიანი ემბიენთ ტრეკი ისევ საწყის კომპოზიციასთან დაბრუნებას ჰგავს. თითქოს იმავე ბაღში გრძელდება მოქმედება, უბრალოდ მეტი გამოცდილებით, რომელიც ალბომის შუა 4 ტრეკში დაგროვდა და რომელმაც ეს ნელი ბაღი უფრო საინტერესო გახადა. ნამუშევარი უსახელოა, რაც ალბათ იმის ნიშანია, რომ ხმების ძიების გზა ისევ გაგრძელდება.
ალბომის პრეზენტაცია 27 ივნისს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში – CCA ში გაიმართება. ადგილზევე შესაძლებელი იქნება კასეტების შეძენა.
მანამდე კი ალბომი ხელმისაწვდომია bandcamp-ზე.
მოუსმინე ბმულზე : RTNH – Slow Motion Garden