“My pieces are for smaller crowds. I want to hear what the audience is experiencing. I don’t mind more conservative environment, but if the space was a bit bigger, then it would be too much (ჩემი ნამუშევრები მცირე ჯგუფებისთვისაა. მინდა მესმოდეს აუდიტორია რას განიცდის. კონსერვატიული გარემო ხელს არ მიშლის, მაგრამ სივრცე რომ უფრო დიდი ყოფილიყო, უკვე ზედმეტი იქნებოდა). – კეთი ვან ეკი

28 ივნისის ღონისძიების ფავორიტი მომენტი იყო თამრიკო კორძაიას მიერ შესრულებული პეტერ კონრადინ ცუმტორის Fifteen minutes for Piano solo, რომელმაც აქტუალური მუსიკის ფესტივალისა და აუდიტორიის ურთიერთობაზე დამაფიქრა. ორ ნოტსა და ტემპს შორის შექმნილი თითქოს მესამე ახალი ჟღერადობა სივრცეში ძლიერად ვიბრირებდა. შეგრძნება მქონდა, კომპოზიცია დასრულების შემდეგაც კი გრძელდებოდა. ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დამსწრე საზოგადოება წინა დღისაგან რადიკალურად განსხვავდებოდა. საინტერესოა, 15 წლის ფესტივალის გარემო და პროცესი, თუ როგორ ახერხებს, აქტუალური და შესაძლოა ექსპერიმენტული გამოსვლებიც კი მაყურებელს, აგრესიის გარეშე, დიდი მოლოდინით მიაწოდოს.

გორის ქალთა კამერულ გუნდთან კოლაბორაციით, ფესტივალის ფარგლებში გაკეთდა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც 29 ივნისის ღონისძიების (Favourite Pieces) დამსწრე აუდიტორია სულმოუთმენლად ელოდა. სამუშაო პროცესსა და თავიანთ კოლეგებზე სასაუბროდ პროექტის მონაწილეებს ანუშკა ჩხეიძეს (Halfie), გიორგი კობერიძეს (COBERT), სანდრო ჩინჩალაძეს (TeTe Noise), ალექსანდრე კორძაიასა (Kordz) და გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელს – თეონა ცირამუას მივაკითხე:

„აქ შესრულებულ ყველას მუსიკაში კონკრეტული ნაწილები მიყვარს. გადაჭარბების გარეშე, Kordz-ის მესამე ნაწილზე სულ მეტირება. მაგალითად, COBERT-ის პირველი კომპოზიციის დასაწყისი ჩემთვის ძალიან ემოციური და თან ცოტა მძიმეა, TeTe-ს შემთხვევაში კი ბოლო, უფრო dance ნაწილი, თავდაპირველად ჩაფიქრებული არ იყო, მაგრამ მიხარია ასე რომ გადაწყვიტა. ამან ყველაფერი იმდენად გამოახალისა, ახლა, სცენიდან გამოსვლისას, ყველა მაგას ვღიღინებთ“. – ანუშკა ჩხეიძე (Halfie)

„ყველა ნაწარმოები ჩემთვის ემოციურად სხვადასხვანაირად იყო დაყოფილი. თვითონ პროცესზე რომ ვთქვა, გორში ჩასვლა და იქ მომზადება უკვე დიდი სიხარულია. ამ დროს პირველად ვიყავი გორში და სულ ველოდებოდი შემდეგი როდის მოგვიწევდა. გუნდთანაც პირველად ვიმუშავე და ცოტა დროში დიდი გამოცდილება მივიღე. განსაკუთრებული მომენტი იყო მუსიკალურ სკოლაში რეპეტიცია, სადაც ისტორიული შენობის ფოტოებს უყურებ, ეცნობი და შემდეგ ამ ადგილას სწორედ მათთან ერთად უკრავ“. – სანდრო ჩინჩალაძე (TeTe Noise)

„უხერხულია რომელიმე ნაწარმოების გამოყოფა, თუმცა ამ მომენტში ერთი იმდენად საყვარელი გახდა, რომ მივცემ თავს უფლებას, გამოვარჩიო. Kordz-მა ბოლოს რაც შეასრულა, მაგას სიხარულისაგან, სევდისაგან თუ ორივესგან ერთად ცრემლებამდე მივყავარ. მოსმენისას მწყინს ხოლმე – ჩემი რატომ არ არის, ვფიქრობ“. – გიორგი კობერიძე (COBERT),

„ორი დასამახსოვრებელი მომენტი იყო. ერთი ანუშკას კომპოზიციის ხმამაღალი ნაწილი, სადაც ყველა ბასებს უკრავს და ყვირილიც ნელ-ნელა იწყება. მეორე კი შორიდან გაგებული ჩემი ნაწარმოების პირველი ნაწილი მომეწონა. ხმის პრობლემასთან დაკავშირებით, ბევრი რაღაც შეიძლება არასწორად წავიდეს, მაგალითად, კაბელი გაფუჭდეს, ასეთი მომენტები ხდება, მაგრამ ხმის ინჟინერის ნიჭი სწორედ გამოსავლის პოვნაა. ფრაზა „ჩემი ბრალი არ არის“ ამ სიტუაციაში არავის ეხმარება.“ – ალექსანდრე კორძაია (Kordz)

დამსწრე აუდიტორიას ხმასთან დაკავშირებული პრობლემები მნიშვნელოვნად არ ჩაუთვლია, თუმცა ფესტივალის ორგანიზატორისთვის – თამრიკო კორძაიასთვის აღნიშნული პრობლემა საკმაოდ შესამჩნევი იყო:

„ახლა დადებით რაღაცაზე მიჭირს საუბარი, ისე ვინერვიულე. როცა ორი წელია რაღაცაზე მუშაობ და ტექნიკური ხარვეზების გამო მხოლოდ ამის ნახევარი ჩანს, საწყენია. ერთ მომენტში ვფიქრობდი, ალექსანდრე შეიძლება საერთოდ გაჩერდესთქო. რა საკვირველია, ამას დარბაზი ვერ მიხვდა, მაგრამ მუსიკოსებისთვის ეს ფაქიზი მომენტია.“

საღამო მოულოდნელად გორის ქალთა გუნდის მიერ სამი – მეგრული, გურული და აფხაზური ფოლკლორული მუსის გაჟღერებით დასრულდა

„ეს გორის ქალთა გუნდის პროფილი არაა. ქართული ფოლკლორული მუსიკა ბავშვობიდან ძალიან მიყვარს, მაგრამ მისი გაჟღერება ჩვენი იდეა არ ყოფილა. ფესტივალის ფარგლებში შვეიცარიაში უნდა წავსულიყავით, რაც პანდემიის გამო გადაიდო, და იქ უნდოდათ ძველი ქართული მუსიკის წაღება. ისეთი სიმღერები ამოვარჩიე, რომელებსაც უფრო არქაული ჟღერადობა ჰქონდა, თუნდაც შეძახილები და შეკივლებები. ბედნიერი ვარ, რომ მოგვეცა საშუალება არამხოლოდ შვეიცარიელებისთვის, არამედ ქართველი აუდიტორიის წინაშეც შეგვესრულებინა ქართული ფოლკლორი.“ – თეონა ცირამუა.

აქტუალური მუსიკის ფესტივალზე ქართული ფოლკლორის გაჟღერება გავდა ჟესტს, სადაც ლოკალურად არსებული მუსიკალური კულტურა შესაძლოა, მუსიკოსებმა მასალადაც კი გამოყენონ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *