გვინდა თუ არ გვინდა, ხშირ შემთხვევაში, სხვა ყველაფრთან ერთად, მუსიკა ჩვენს ცხოვრებაში ნელ-ნელა მოხმარების ობიექტი ხდება.

ყველას გვაქვს გადანახული დილის მუსიკა, საღამოს მუსიკა, მგზავრობის დროს, იმედგაცრუების დროს, ჭამის, ძილის წინ, წვიმის დროს და კიდევ ბევრი სხვადასხვა შემთხვევისთვის განკუთვნილი მუსიკა. ბგერები, რომლებიც ჩვენს შეგრძნებებს ასტიმულირებს, თავს კარგად გვაგრძნობინებს და ბედნიერებისთვის გვჭირდება, რაღაც მხრივ, მოხმარების ობიექტად იქცა [The product we consume].

მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ მუსიკალური ბგერა თვითონ ირჩევს საით წავიდეს, თვითონ ირჩევს თუ როგორ ჟღერდეს. წარმოიდგინეთ, რომ მუსიკალური ბგერა ცალკე ინდივიდია, მას მოძრაობის თავისუფალი არჩევანი აქვს და ჩვენი ბედნიერებისთვის მოხმარების ობიექტი არ არის.

„ვუსმენდი და გული ამოვარდნაზე მქონდა. მეთქი ვაიმე! ეხლა ეს რო გაჩერდეს და ვეღარ გაგრძელდეს, მერე რაღა გვეშვეელება, მერე სად წავიდე!“- ეს კონკრეტული მსმენელი ახალი თეატრის აუდიტორიიდან უკვე აღარ იყო მუსიკის მომხმარებელი. ამ დღეს უკვე ჩვენ თვითონ ვემორჩილებოდით ამ ახალ მოცემულობას: არსებობს ახალი მუსიკალური სქემა, რომელიც მხოლოდ ჩვენი პერსპექტივიდან არ ჩანს. მუსიკას გააჩნია თავისთავადი პერსპექტივა, რომელიც ყოველთვის არ ერგება მსმენელს.

Close Encounter-ის თითოეული კონცერტის დათქმა ასეთია: გვერდზე უნდა გადავდოთ პირადი და კულტურული ეგო. აქ არაფერია დასამტკიცებელი, არაფერია პერსონალური, არაფერია ისეთი, რასაც „მოვიხმართ“. აქ ვიკრიბებით იმისთვის, რომ პატივი ვცეთ თითოეული ბგერის თავისუფალ არჩევანს და გავყვეთ მუსიკასთან ურთიერთობის ახალ პრინციპს.

პერფორმანსების  იდეალურად დაბალანსებული თანმიმდევრულობით, ზომიერი განათებით და მაყურებლის სიმცირით გამოწვეული ინტიმურობით ეს ორი საათი ყველასთვის ახალი იყო. მეორე დღემ პირადად ჩემი პერსპექტივა შეცვალა.

Peter Conradin Zumthor – 15 Minutes. შვეიცარიელი პერკუციონისტის, კომპოზიტორის და საუნდ არტისტის 2020 წლის ნაწარმოები, რომლის მსოფლიო პრემიერაც თამრიკო კორძაიას შესრულებით 28 ივნისს ახალ თეატრში გაიმართა,  წელს ქართველ მსმენელსა და ახალ მუსიკას შორის ახალი პერსპექტივის ჩამოყალიბების დასაწყისი იყო.

ნაწარმოების მინიმალისტური სტრუქტურა მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. 15 წუთის განმავლობაში დასაწყისი, კულმინაცია და დასასრული მხოლოდ ერთი ნოტის ტონალობების მონაცვლეობის თანაბარი ვიბრაციით ხდება. ნაწარმოები ერთი ბგერიდან იბადება და 15 წუთის შემდეგ იმავე ბგერით კვდება. ყველამ ცხადად მოვისმინეთ რა შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ნოტის პოტენციალი. ზოგისთვის სუნთქვა გაძნელდა მხოლოდ ერთი ნოტის გამო – ამას ვგულისხმობ პერსპექტივის ცვლილებაში. თანამდეროვე კლასიკური-ავანგარდ მუსიკის კომპოზიცია და კომპოზიტორები დღეს უკვე გვთავაზობენ ნაწარმოების ახლებურ სტრუქტურას, რომელიც ჰარმონიის, ვიბრაციის და მუსიკის მოსმენის ახალ გზას ხსნის; სადაც თვითონ ბგერაა მთავარ როლში და არა მსმენელის ამ ბგერის მიმართ მოლოდინები.

Zumthor-ის ორი ნაწარმოების შემდეგ, ემოციური კულმინაცია სცენაზე ტრიო „ზაითენვინდ“-მა შეინარჩუნა [Trio SÆITENWIND] ტრიომ Paul Clift-ის, Ezko Kikoutchi-ის და Mischa Käser ნაწარამოებები შეასრულა, რომელიც აკორდეონისთვის, ჩელოსთვის და საქსაფონისთვის დაიწერა. ამ დროს სცენაზე ვხედავდით ტრიოს წევრების ერთმანეთთან კომუნიკაციის განსაკუთრებულ ფორმას, მათ ემოციურ სინქრონს, სიფრთხილეს და ერთად მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას, რომელმაც საბოლოოდ ამ ნაწარმოებების ჟღერადობა განსაზღვრა. ამ შემთხვევაში უკვე ინსტრუმენტებმაც დაკარგეს თავის სტერეოტიპული ფუნქცია. კონცერტის ბოლოს Ezko Kikoutchi-ს ნოტებთან ცოტა უფრო ახლოს მივედი: ჩელოს ნოტები სინამდვილეში დასარტყამი ინსტრუმენტის  რითმული ჩანაწერი იყო, საქსაფონისთვის ადამიანის სუნთქვის ხმა დაიწერა; თითოეული ინსტრუმენტის შესაძლებელობები აღარ იყო შეზღუდული მათი ახალი ჟღერადობით. ამას ვგულისხმობ პერსპექტივის ცვლილებაში – ფესტივლის მეორე დღეს პერფორმანსში გამოყენებული ვაშლიც ცალკე ინდივიდი იყო (Cathy Van Eck). ვაშლი, არა როგორც საჭმელი, არამედ ობიექტი, რომელსაც საკუთარი ინდივიდუალური ჟღერადობა აქვს და სხვა ინსტრუმენეტებს შორის თანაბრად იმსახურებს ყურადღებას.

აქვე მინდა ჩვენთვისაც ცხადი იყოს, რომ მუსიკას, რომელსაც „აქტუალური მუსიკის ფესტივალზე“ ვისმენთ, უკვე ათწლეულების ისტორია აქვს და ამ მხრივ არ ვიცი როგორ აღიქმება სიტყვა „ახალი“. მაგრამ საინტერესოა, რომ ყოველ წელს იცვლება პერსპექტივა და ურთიერთობა აუდიტორიასთან. ყოველ წელს ჩნდება ის ახალი ფუნქცია, რომელიც მუსიკას იქამდე არ ჰქონია; ყოველ წელს განსხვავებულია მუსიკოსების ინსტრუმენტებთან ურთიერთობის ფორმაც. თუმცა, ფესტივლის ის ტენდენცია, რაც პირადად ჩემთვის წელს უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა, არის ახალი პერსპექტივა, რომელიც საშუალო სტატისტიკურ მსმენელს მუსიკასთან შეიძლება გაგვაჩნდეს: მუსიკა შეიძლება არ ესადაგებოდეს ჩვენს ემოციებს, მუსიკა შეიძლება აბსურდულიც კი იყოს ჩვენი რუტინისთვის. მაგრამ ეს მუსიკა შეიძლება იყოს თავისთავადი, ცალკე ინდივიდი, რომელისაც ყოველთვის შეიძლება ვუპოვოთ მეორე, ახალი მხარე, რომელსაც ვერ “მოვიხმართ”.

Photo Credits: Keti Razmadze

___________________________________

სტატიაში გაცნობიერებულად არ ვისაუბრე Cathy Van Eck-ის პერფორმანსებზე, რომელიც ფესტივლის და განსაკუთრებით მეორე დღის უმნიშნელოვანესი ნაწილი იყო.  Cathy-ის პერფორმანსებზე Dancing on Architecture ვრცელ სტატიას გამოაქვეყნებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *