სამშობლოოო, სამშობლოოო, ჩემო.

ასე შეწყდა ყველასთვის ნაცნობი მელოდია, რომლის 5 წამიანი მონაკვეთი გიორგი ცაგარელმა 2 დღის წინ ექპრომტად დაუკრა კონცერტზე “ბახიდან ბახამდე”.

სამშობლოო, სამშობლოო! ჩემო.(წერტილი). როიალზე დაკრული „წერტილი“ ატონალურად ჟღერდა. ეს ძალიან პატარა, თითქოს უმნიშვნელო მომენტი იყო ემოციებით სავსე კონცეტზე, მაგრამ მაშინვე ყველაზე მეტად მენიშნა იმდღევანდელ ლამაზ, სევდიან, ბედნიერ, ცრემლიან და იმედიან შესრულებებს შორის. მოულოდნელი იყო და ყველაზე ნამდვილი.

დღეს კონცერტის მომოხილვა უნდა დამეწერა. თავიდანვე ჩაფიქრებული მქონდა, რომ ტექსტის შინაარსი ამ „შეწყვეტილ სამშობლოზე“ ამეგო. ახლა მითუმეტეს.

თუ ეს სიმღერა ადრე საქართველოს იმედის ჰიმნი იყო, ამიერიდან ჩემთვის ყოველთვის გლოვის ზარად დარჩება. იმ მომენტში მინდოდა, რომ არ შეწყვეტილიყო და მომესმინა სამშობლოზე სიმღერა დარბაზში, სადაც ადამიანებს საქართველო არ სძულდათ ორკებივით. კიდევ კარგი არ მოვისმინე. კიდევ კარგი არ წავიღიღინე გონებაში სამშობლო ჩემო ლამაზოო.

რა სატირლად ცინიკურია თვითმკვლელობის მუხლით გამოძიება იმ ადამიანის სიკვდილის, რომელიც საქართველოს სიმბოლოა დღეს. ნაცემი ქვეყანა თუ დაიძინებს ძილში გაიპარება. გარდაუვლად მოკვდება თუ დაიძინებს და არ გაგვიკვირდეს თუ თვითმკვლელობის მუხლით გაასამართლებენ.

სანამ სამშობლო შეწყდებოდა, ბევრი ცრემლი იყო ახალი დრამის თეატრში, ქრისტეს სისხლიანი:

„Jesus Blood never failed me yet” – უცნობი უსახლკარო კაცის სიმღერის ლუპზე აგებული გევინ ბრაიარსის ნამუშევარი(1971).

Jesus’ blood never failed me yet
Never failed me yet
Jesus’ blood never failed me yet
This one thing I know
That He loves me so

ქრისტეს სისხლზე კომპოზიცია ლოცვასავით მეორდებოდა. ჰიპნოზს გავდა. ბევრი ტიროდა დარბაზში, მაგრამ სასიამოვნო შვება იყო, მონანიებასავით.

ღმერთთან მეგობრობის ოდას ვისმენდით, მშვიდს და სიყვარულით სავსეს. ქრისტეს მინდობილი კეთილი ადამიანის ხმას მიჰყვებოდნენ სიმები ცაში გაშვებული გალობით. 

დღეს ქრისტეს სახელით დაღვრილი სისხლი შედედდა და ადამიანი მოკვდა.

უკან წამოვყვები კონცერტის ისტორიას. სხვაგვარი მიმართულებით ემოციის სვლა ძნელია ახლა. გარდაცვლილ ახალგაზრდა ადამიანზე მიძღვნილი ხსოვნაც იყო. კულიბაბასთვის შესრულდა sTia-ს It’s Burning [Since You’ve Been Gone]. 

დაიწყო ბახით. ჯადოსნურად. ისევე, როგორ ჯადოსნურადაც იწყება ნებისმიერი ძვირფასი ამბავი.

ეს ყველაფერი მოხდა სამშობლოს შეწყვეტამდე, პირველ ნაწილში.

მერე მეორე პოლუსზე ვიყავით. ვიცეკვეთ. გაგვიხარდა. უწყვეტად ვუკარით ტაში. მაგრამ ახლა მგონია, რომ კონცერტის მეორე ნაწილი არ ყოფილა.

ახლა იქ ვართ, სადაც სამშობლო შეწყდა. 

სასწაული იქნება, თუ მეორე ნაწილი ჩვენი მომავალია, რომელზეც ახლა არ მოვყვები. სასწაულების მე მწამს.

გაგრძელება იქნება [?]

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *