ამ ალბომში თითო გამოყენებული საუნდი საკუთარ ამბავს ყვება და მათი ერთობა ერთ ჯადოსნურ ამბავში ერთიანდება, რომელიც  სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვანაირ გრძნობებს და განსხვავებულ განწყობას უქმნის. ალბომი  ძალიან ვიზუალურია და ატმოსფერული –  მოგზაურობას გავს – ყოველ მოსმენისას, სულ ახალ და განსხვავებულ შრეს აღმოაჩენ, რადგან მესიკა უამრავი საუნდისგან შედგება. თან,  შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს , თითქოს მუსიკა საუნდებით არის  გადატვირთული და მძიმეცაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ არის. ალბომი ერთი საუნდით იწყება და იგივე საუნდით მთავრდება , რაც გარკვეულ ეტაპის გავლას ან ცხოვრების რაღაც პერიოდის დასრულების შთაბეჭდილას გვტოვებს. ამას ასევე ეხმარება ის, რომ კომპოზიციების შორის ისეთი რბილი და შეუმჩნეველი გადასვლებია, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ალბომი ერთი გრძელი კომპოზიციისგან შედგება.  უამრავი დასემპლილი საუნდი ხშირად დისონანსში შედის ერთმანეთთან , (მაგ ბიტი ერთი რიტმისაა,  ადამიანის ნამღერი კი  სულ სხვა რიტმში ჯდება), თუმცა დისონანსი სულაც არ იგრძნობა, პირიქით, ამ განსხვაბულ და თითქმოს შეუფერებელ საუნდების ერთიანობა ძალიან ჰარმონიული არის. 

ავტორი: ეკატერინა ხარბედია

——————————————————————————————————————–

ემბიენთ ჰაუსად წოდებული ერთ-ერთი პიონერი ჩანაწერი, რომელიც პირველივე ნოტიდან მსმენელის ფიზიკური სივრცის საზღვრებს შლის და მას ამერიკის პერიფერიებსა თუ პერსონალურ მოგონებებში მენტალური მოგზაურობისთვის ამზადებს. 

„All the way down the east coast Get ready…“ 

Chill Out ბრიტანული ელექტრონული ბენდის The KLF-ის კონცეპტუალური ალბომია, რომელიც ემბიენთ მუსიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და გარდამტეხ ჩანაწერადაა მიჩნეული. 

ალბომი ადამიანის ცხოვრებისეულ მოგზაურობას ჰგავს, სადაც შევხვდებით ამაღელვებელ მომენტებს, ყოველდღიურ რუტინას, სიბრაზეს, აგრესიასა თუ სევდას. The KLF-მა იგი შეუსვენებლად, ერთი შესრულებით ჩაწერა. შედეგად კი მივიღეთ ერთმანეთთან ჰარმონიულად დაკავშირებულ კომპოზიციათა მთლიანობა, რომელიც ერთი ამოსუნთქვით ისმინება. ალბომში სხვადასხვა ინსტრუმენტების ჟღერადობები ჩავლილი მანქანებივით იჭრება და მომდევნო ტრეკებში უკვე სახეცვლილი ექოსავით გვიბრუნდება. მოსმენისას შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს მოგზაურობა არ ხდება აქ და ახლა, პირიქით ის უკვე მომხდარია და ამას როგორც განვლილ გზას ისე ვიხსენებთ. „A Melody From A Past Life Keeps Pulling Me Back“. იგი სათავგადასავლო კინოსავითაა, რომელსაც ვიზუალი აღარ სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ერთი შეხედვით უწყინარი დასახელების მქონე ალბომის ავტორები ხშირად იყვნენ ანარქისტული მანიფესტაციების ინიციატორები. იქნებოდა ეს BRIT Awards-ზე აუდიტორიისთვის ტყვიამფრქვევიდან სროლა, დაჯილდოების შემდგომ წვეულებაზე მკვდარი ცხვრის მიტანა თუ ჩანაწერებიდან შემოსული როიალთის – 1 მილიონი ფუნტის საჯაროდ დაწვა. დინამიური ნარატივით დატვირთული Chill Out-იც, შეიძლება ითქვას, ბრაიან ინოს კლასიკური ემბიენთ ჟღერადობისადმი აჯანყებაა, რომელმაც თავიდან გადაიაზრა ჟანრი და მას სრულიად ახალი მიმართულება მისცა. 

ავტორი: მარიამ ლეჟავა

——————————————————————————————————————–

ბრიტანული ელექტრონული ჯგუფი The KLF, ზოგისთვის ცნობილი, როგორც the Justified Ancients of Mu Mu, the JAMs, the Timelords ან უბრალოდ ის ბენდი, რომელმაც მილიონი ფუნტი დაწვა, თავის მოღვაწეობას 1987 წელს იწყებს. ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როცა დააახლოებით 60-იანების  ბოლოს დაბადებული ციფრული სემპლერი ყოჩობის ასაკში შედის, ხოლო ჯიმი კოტი და ბილ დრამონდი ის ხალხი არიან, რომლებიც სემპლერთან ერთად ქმნიან “ანარქიულ” დაჯგუფებას. ეს დაჯგუფება საავტორო უფლებებსაც არას დაგიდევთ და საკუთარი მუსიკის შესაქმნელად იყენებს მათ შორის, The Beatles-ისა და Abba-ს ნაწარმოებებსაც. 

წარმოიდგინეთ, 80-იანი წლების მეორე ნახევრის თავისუფალი სამყარო, როცა თვითმფრინავში მოწევა ჯერ კიდევ შეიძლება და საავტორო და ინტელექტუალური სამართალი ვერ გარკვეულა სემპლინგი მეკობრეობაა თუ ხელოვნების განვითარების საშუალება. თუმცა, კანონმა KLF-ისთვის მაინც მოიცალა და სასამართლო გადაწყვეტილებებით მათ დაევალათ მთელი რიგი ნაწარმოებების განადგურება. სამართლიანობისთვის კი უნდა ითქვას, რომ სემპლერთან და კანონთან თამაშმა KLF მიიყვანა მათ ყველაზე მნიშვნელოვან ალბომამდე Chill Out, რომელიც 1990 წელს გამოვიდა და ითვლება ორი, ერთი შეხედვით, კონტროვერსული ჟანრის, acid house-სა და ambient მუსიკის გამაერთიანებელ ალბომად და ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ambient house-ის მიმდინარეობის ერთ-ერთ პიონერს. ეს სუბჟანრი თითქოს ყავარჯენს წარმოადგენდა, რათა რეივ კულტურის ადამიანს, ღამე ნათევსა და ცეკვით სასიამოვნოდ დაღლილს, დახმარებოდა სამსახურისა და ყოველდღიური ცხოვრების რუტინულ ყოფაში გადასვლაში და აქამდე არსებულ ჟანრებთან შედარებით, მას ყველაზე უკეთ შეეძლო აღეწერა ახალი ტალღის ემბიენთ მუსიკის არტისტები, თუ კი მათი აღწერა რაიმე შემოსაზღვრულ ცნებაში საერთოდ შესაძლებელია.  

Chill Out ემბიენთ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ალბომად იქნა დასახელებული AllMusic-ის მიერ და ამ საერთო აღფრთოვანებას აძლიერებდა ის ფაქტიც, რომ ,როგორც თავად ჯგუფის წევრები ამბობენ, ის ერთი ამოსუნთქვით ჩაიწერა. ამაში კი იგულისხმება ის, რომ თუ ჩაწერის დროს შეცდომას უშვებდნენ, მაშინ ისევ უკან ბრუნდებოდნენ და თავიდან იწყებდნენ, სანამ საბოლოო 44 წუთიანი ვერსია სრულყოფილი არ გამოუვიდათ. ისინი იყენებენ Elvis Presley-ს, Fleetwood Mac-ის, Acker Bilk-ის, Van Halen-ისა და 808 State-ის ჩანაწერებს  სხვა უამრავ აუდიო მასალასთან ერთად, რაც ქმნის ბუნებასთან ჰარმონიულობისა და მოგზაურობის განცდას.

მოგზაურობის ეს განცდა უმეტესწილად განპირობებულია ხმების ცვალებადობით, რაც ქმნის ლანდშაფტის ცვლილების ილუზიას. აქ დრამონდი ფრანკ კაფკად გვევლინება, მაგრამ ხელოვნების სულ სხვა განზომილებაში და ქმნის თავის “ამერიკას”, მსგავსად მწერლისა, ისე რომ ამ მიწაზე ფეხიც არ დაუდგამს. ასეთი შემოქმედებითი შედეგის მისაღებად დიდი წარმოსახვის უნარია საჭირო. Melody Maker-თან ინტერვიუში ის იხსენებს, რომ გონებაში ამერიკის სამხრეთ შტატებში, მექსიკის ყურის მიმდებარე სანაპიროებზე მოგზაურობა ჰქონდათ და ალბომის თრექების სახელების მოფიქრებაში რუკა დაეხმარათ. 

ამ ალბომს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ album of few words სწორედ მისი სიტყვაძუნწობის გამო, თუმცა თრექების საკმაოდ დიდი სათაურები (მაგ, Six Hours To Louisiana, Black Coffee Going Cold; 3am Somewhere Out Of Beaumaront) ქმნიან წარმოდგენას იმაზე რომ აქ მოგზაურობასთან უნდა გვქონდეს საქმე. ესეც რომ არა, მხოლოდ ერთი მოსმენაც სკმარისია მიხვდეთ, რომ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზაზე დგახართ, სადღაც ტეხასში ან ლუიზიანაში. ალბომი წყაროს ინტენსიური ხმით იწყება და გრძელდება ღილაკებზე თითების მოძრაობით. მსმენელი წარმოსახვის ლაბირინთში აღმოჩნდება, რადგან რასაც ისმენს თითქოს აქ, ჩვენს თანამედროვე მოწყობილობაში, კი არ არის, არამედ სადღაც რადიოში. მატარებლით მგზავრობის მოყვარულთათვის კი ალბომი მომგებიანი ბილეთია, რადგან მისი ხმა მთელ ალბომს რეფრენად გასდევს. გარემო ძალიან ამერიკულია, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა ქანთრის სტილში გაჟღერებული გიტარის მოტკბო ხმის გარეშე, რომელიც თითქოს ცივ და ბურუსით მოცულ სამყაროში ოპტიმიზმის მარცვალს აღვივებს. საქონლის ეჟვანის ხმა, ადამიანთა გადაძახილები, სინთეზატორის შემოსვლა და ტუველების ხახისებრი ხმები განსაკუთებულ მისტიურობას სძენს ალბომს. Madrugada Eterna კი ისევ აბრუნებს გიტარის თბილ მელოდიას, თუმცა აქა-იქ ვერტმფრენის გადაფრენის მსგავსი ავისმომასწავებელი ხმები არღვევენ სიმშვიდეს. აქვე ჩნდება პირველი სიტყვები; Come get your mojo, ამბობს ნარატორი და მზადყოფნისკენ მოგვიწოდებს. რადიოს ხმები კი  17 წლის ახალგაზრდას სიკვდილზე ყვება,რაც თითქოს შეგვახსენებს, რომ არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან ამ კატასტროფამაც, როგორც ცხოვრების ნაწილმა, ხოლო ცხოვრებამ, რომელის არეკვლასაც ხელოვნება მუდმივად ცდილობს, ამ მოგზაურობაშიც ჰპოვა თავისი ადგილი. 

KLF-ის შემოქმედებაში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს სიმბოლიკაც იკავებს. ადვილად შესამჩნევია, რომ მთელი ალბომის განმავლობაში ხშირად მოვისმენთ ცხვრების ხმას, ხოლო თავად ალბომის გარეკანზე კი გამოსახულია შვიდი ცხვარი. როგორც თავად განმარტავდნენ, ცხვარი სულიერად ამაღლებული ცხოველია და ამაში თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, ურჩევდნენ ალბომის მოსმენასთან ერთად გარეკანს დაკვირვებოდნე, რადგან მხოლოდ ასე თუ შეძლებდნენ სკეპტიკოსები ამ სიმშვიდის გაზიარებას. ამას კავშირი ცხვრიდ ბიბლიურ მნიშვნელობასთანაც უნდა ჰქონდეს, რადგან თავად ალბომის ტექსტშიც ნახსნებია მათეს სახარება. ისინი გამოირჩეოდნენ ექსტრავაგანტურობითა და არაპოპულარული ქცევებით და მოგვიანებით, როდესაც საკუთარი შემოქმედებითი საქმინობის დასასრულის სიმბოლიზირება უნდოდათ, მკვდარი ცხვარი დამარხეს საჯაროდ. ამ რევოლუციურმა ხასიათმა გამოხატულება მხოლოდ ცხვრის პერფორმანსში ვერ ჰპოვა და დაგვირგვინდა იმით, რომ გაყიდვიდან ამოიღეს საკუთარი ნაწარმოებები, მოგვიანებით კი KLF-ის ბიუჯეტი, ერთი მილიონი ფუნტი დაწვეს. 

კიდევ ერთი სიმბოლო, რომელსაც KLF ხშირად იყენებდა, არის რიცხვი 23. როდესაც დრამონდს კითხეს ეს რას ნიშნავდა, მან უპასუხა, რომ თუ იტყოდა, მაშინ ადამიანები შეწყვეტდნენ ამაზე ფიქრს, ხოლო სილამაზეს მაშინ აქვს აზრი, როცა მასზე ფიქრობენ. Chill Out-იც დრამონდის ამ ფორმულას უნდს მიჰყვებოდეს: ალბომს აქვს საიდუმლო, მაგრამ არავინ აპირებს გვითხრას რა არის ეს, ამიტომ მსმენელებს ისღა დაგვრჩენია მოვუსმინოთ და გვქონდეს საკუთარი ვერსიები. თუ გადავწყვეტთ, რომ ამაზე ფიქრი ღირს, მაშინ ეს იქნება ინდიკატორი იმისა, რომ ალბომი ლამაზია. 

ავტორი: თეა მიქელაძე

——————————————————————————————————————–

Მართალია ჯგუფი ორი წევრისგან შედგება, თუმცა ეს ალბომი არაერთი მუსიკოსისა და ჯგუფის სემპლს აერთიანებს და თითქმის ყველა თრექში არის ჟღერადობა რაც ჯაჭვივით კრავს თოთხმეტივეს და ერთ დიდ შედევრად გვევლინება.

მთელი 44 წუთი ისე გაირბენს როგორც სინათლის სხივი და ეს სხივი მთელი ამ დროის მანძილზე მედიტაციურ-სენტიმენტალურ განწყობაზე გამყოფებთ. 

დასაწყისიდანვე ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, თითქოს მთელი ალბომი სასპენსის პრინციპზე არის აგებული. Მოლოდინს, რომ რაღაც უნდა მოხდეს ამძაფრებს რადიოდან გამომავალი, აბობოქრებული ამინდის მსგავსი თუ არსაიდან მომავალი აჩქარებული მატარებლის მოახლოვების ხმები. Თუმცა სწორედ ეს ხმები აბალანსებს თითოეულ თრექს და მათ გარეშე კომპოზიციები ალბათ ასეთი სრულყოფილი არც იქნებოდა. Დასრულებიდან  ალბათ ორი წუთიც არ იქნება გასული, როცა მიხვდებით, რომ საბოლოოდ ჩაგითრიათ ამ ნამუშევარმა. Სწორედ Ამიტომ გირჩევთ განმეორებით მოუსმინოთ ალბომს, რომ ბოლომდე შეიგრძნოთ ამ მოლოდინის საოცარი სილამაზე. 

ავტორი: ნანუკა ბარნაბიშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *