ერეკლე დეისაძე წლის ბოლომდე მსმენელს ახალ ალბომს შესთავაზებს. პანდემიის განმავლობაში მომღერალმა აუდიტორიას რამდენიმე სინგლი წარუდგინა, თუმცა როგორც ჩანს არტისტის ახალი ალბომი მუსიკალურად სრულიად განსხვავებული იქნება.
„ალბომზე მუშაობა დავიწყე პანდემიის დროს, როცა ჩაკეტილი ვიყავით და მთელი სოციალური ნალექს, რაც შიგნით დაგროვდა ტექსტების სახით ვწერდი ბიტებზე, რომლის ნახევარიც Kay G-ს ეკუთვნის, ნახევარი კი ჯერონიმოს – ალბომს ვწერ ,სტუდია ინსაუდში’ რომეო პაიჭაძესთან. – ერეკლე ახალი ალბომის დეტალებზე გვიყვება.
როგორც ჩანს ალბომში მსმენელი ერეკლესთან ერთად ბევრ საინტერესო სტუმარსად უნდა მოელოდეს, მათ შორის თავად ჯერონიმოს, Kay G-ს და Kayataka-ს წევრს, ზურა ჯიშკარიანს, იგივე Next Dilla-ს.
„ალბომი განსხვავებულია ჟანრით, ახალი ერეკლეა, რომელსაც ძველთან ხასიათი აკავშირებს, მაგრამ ფორმებით განსხვავებულია. ახალი სკოლის ჰიპ-ჰოპი ის ჟანრია, რომელიც ახლანდელი განწყობების გადმოსაცემად ჩემთვის საუკეთესო ინსტრუმენტი აღმოჩდა და შესაბამისად მსმენელსაც მსუყე სოციალური ლუკმა ელოდება – მოგვითხრობს არტისტი.
ერეკლე დეისაძის პირველი ალბომი, „იარე“ 2015 წელს გამოვიდა და უკვე ხელმისაწვდომია სხვადასხვა სტრიმინგ პლატფორმაზე. ამის შემდეგ მუსიკოსი მეორე პროექტზე, Eko & Vinda Folio გადაერთო, რომლის სახელითაც ფრანგულ ლეიბლზე „Talitres“ 2016 წელს EP, ხოლო 2019 წელს სტუდიური ალბომი „თერაპია“ გამოუშვა. 2021 წლიდან ერეკლეს მენეჯმენტზე ქართული მუსიკალური კომპანია, Bloom Music ზრუნავს.