1969 წელს, როდესაც ადამიანმა პირველად დადგა მთვარეზე ფეხი, ვიეტნამის ომის გასაპროტესტებელი დემონსტრაციები იმართებოდა და ,,The Beatles” დაშლის პირას იყო, კაცობრიობა კულტურის სრულიად ახალ ერაში შეაბიჯებდა.
სწორედ ამ წელს ჯენეზის პი-ორიჯმა დააარსა კოლექტივი COUM, რომელშიც ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გაწევრიანდნენ. ისინი სხვადასხვა გზით ცდილობდნენ დაემსხვრიათ დამკვიდრებული შეხედულებები თავისუფლების, კულტურისა თუ ცხოვრების სტილის შესახებ.
COUM-ის წევრები მართავდნენ მუსიკალურ პერფორმანსებს და თეატრალურ წარმოდგენებს, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში სექსუალურ ხასიათს ატარებდა. Მედიის ყურადღებასაც იქცევდნენ, არც მთავრობის შეგონებებს თუ პარლამენტში მათთან დაკავშირებულ საკითხებზე განხილვის ნაკლებობას უჩიოდნენ და მაინც, კოლექტივი რამოდენიმე წელიწადში დაიშალა. თუმცა, მათ დაშლას მალევე ინდუსტრიული შუშხუნების ხმები მოყვა – ჯენეზის პი-ორიჯმა COUM-ის წევრებთან – ქოზი ფანი ტუტისთან, პიტერ კრისტოფერსონთან და კრის კარტერთან ერთად 1976 წელს ჯგუფი Throbbing Gristle დააარსა. ასე დაიბადა ბრიტანეთში ინდუსტრიული მუსიკა და შემდგომში უკვე სამყაროს მომავლის ხმები. ჯგუფმა, მუსიკალური თვალსაზრისების გათვალისწინებით, უამრავ ჟანრზე მოახდინა ზეგავლენა და არაერთი ჟანრის ჩამოყალიბებასაც ჩაუყარა საფუძველი. Throbbing Gristle -ის შექმნას ძალიან მალე მოჰყვა ხმის ჩამწერი სტუდიის Industrial Records-ის დაარსება, რომელიც არც თუ ისე კარგი “მასპინძელი” იყო არტისტებისთვის. სტუდიის კარი მხოლოდ მათთვის მისაღები ფილოსოფიის და საერთო ინტერესების მქონე ხალხისთვის იყო ღია. William S. Borroughs, Cabaret Voltaire, Monte Cazazza მცირე ჩამონათვალია იმ ვიწრო წრიდან, ვისაც შესაძლებლობა მიეცა ამ ლეიბლზე გამოექვეყნებინა თავისი ნაშრომი.
TG ჭეშმარიტად ინტელიგენტი ხალხით დაკომპლექტებული ჯგუფი იყო და ალბათ სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მათი შემოქმედება ასეთი ექსცენტრიული, პოეტური და შემოქმედებითად მდიდარია, მათ ძალიან დიდი დოზით ჰქონდათ ცინიზმი და თვითირონია, რაც დღევანდელი მუსიკოსების და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების საკმაოდ დიდ ნაწილს არ აქვს.
1979 წელს ჩაწერილი ალბომი ,,20 Jazz Funk Greats” ამავე სახელწოდების კომპოზიციით ,,20 Jazz Funk Greats” იწყება და ძირითადად ჯაზის და ფანკის ელემენტებს შეიცავს. ის ინტიმურ განწყობაზეც დაგაყენებთ და დაგაინტრიგებთ, თუ როგორ გაგრძელდება ალბომი. თუმცა, ჯგუფის ცინიკური გადასვლა შემდეგ კომპოზიციაზე – ,,Beachy Head”, რომელიც სამხრეთ ინგლისში მდებარე სანაპიროს სახელწოდებაცაა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია თვითმკვლელობისთვის, ამ განწყობას მალევე რადიკალურად შეგიცვლით. ალბათ, თოლიების, ოკეანის ხმები სწორედ აქ არის ჩაწერილი და შემდეგ ისე შეფუთული, რომ ალბომის ფოტოზე დახედვისას მეტ-ნაკლებად შემზარავი შეგრძნებები ერთი ორად გამძაფრდება. გარეკანის ფოტოც, რომელზეც ჯგუფის წევრები კლდის კიდეზე დგანან და მომღიმარი სახეებით გვიყურებენ, სწორედ ამ ადგილას არის გადაღებული.
რიგით მესამე ,,Still Walking” საკმაოდ ინტენსიური კომპოზიციაა, რომელშიც დომინირებს ვიოლინოზე (არა ხემის არამედ რაიმე სხვა) მეტალის გასმის ხმები, ან შეიძლება სულაც წარუმატებელი გლისანდოს ჟღერადობაა. კომპოზიციას ალაგ-ალაგ გასდევს ქალის ხმა, რომელიც არ დომინირებს, თუმცა ამ ინტენსიურობას ხშირ შემთხვევაში აბალანსებს.
,,Tanith” ჯენეზისის ძაღლის სახელი იყო. შეიძლება ითქვას ეს კომპოზიცია მისი სოლო ნამუშევარია. Ბასის და ვიბრაფონის მელოდიურ და სასიამოვნო ხმას აქაც ახლავს ვიოლინოზე უცნაური მეტალით დაკვრის ჟღერადობა და მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ვიოლინოს ხმაური, ეს კომპოზიცია ალბომში ალბათ ყველაზე მეტად არის სიმშვიდის მომგვრელი.
,,Hot On The Heels Of Love” ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიციაა. Kraftwerk-ისებრი სინთეზატორი, პერკურსიულ ინსტრუმენტად წარმოდგენილი მათრახის ხმა, ტექნო ელემენტებით გაჟღენთილი და ფანი ტუტის თითქმის ჩურჩულით წარმოთქმული I’m hot on the heels of love, waiting for help from above. ეს კომპოზიცია დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს და არაერთი დიჯეის სეტში იკავებს ადგილს.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ალბომი იმდენად სპეციფიურია თავისი მრავალფეროვანი ჟღერადობით, პოეზიით და ქარიზმით მთლიანად მასზე კონცენტრაციას მოითხოვს. ალბომის მოსმენის დროს გაიაზრებთ, რამდენი თქვენთვის საყვარელი მუსიკოსისა თუ ბენდის შთაგონების წყაროა ეს ჯგუფი და შემდეგ თავად გადაწყვიტეთ, ვინ არის დასავლური ცივილიზაციის გამანადგურებელი და ვინ კულტურის ინჟინერი.
ავტორი: ნანუკა ბარნაბიშვილი