“When you cut into the present the future leaks out.”
– უილიამ ბეროუზი
უკვე არსებული უნდა დაანაწევრო, რათა შეიქმნას ახალი სიტყვა, იდეა, ჟღერადობა. სწორედ ამ ფილოსოფიით გაერთიანდნენ 1975 წელს ბრიტანელი არტისტები ჯენეზის პი-ორიჯი, ქოზი ფენი ტუტი, კრის კარტერი და პიტერ კრისტოფერსონი და შექმნეს „ინდასტრიალად“ წოდებული პირველი ბენდი – Throbbing Gristle.
თუ გინდა შექმნა ახალი მუსიკა, მანამდე არსებული ყველა წესი, წესრიგი და ფორმულა უნდა დაივიწყო. მართლაც, Throbbing Gristle იმ იშვიათ ბენდებს შორისაა, რომელთა ამბოხით გაჟღენთილმა ჟღერადობამ წლების მანძილზე აღმართული ბარიერები დაანგრია და მუსიკაში სრულიად ახალი სიტყვა თქვა. თავად ბენდი თავიდანვე ექსპერიმენტად შეიქმნა: „მოდი გავაკეთოთ ბენდი და მივცეთ მას უხამსი სახელი. მოდი, არ გვყავდეს დრამერი, რადგან დრამერები როკ ბენდებს ჰყავთ. მოდი, არ ვისწავლოთ დაკვრა“ – ამბობდა პი-ორიჯი.
ალბათ უკვე მიხვდით, რომ ამ სტატიაში ჯაზისა და ფანკის 20 საუკეთესო კომპოზიციის შესახებ ვერაფერს ამოიკითხავთ. თუმცა, სწორედ ასეთი სახელი შეურჩია Throbbing Gristle-მ 1979 წელს გამოცემულ მე-3 სტუდიურ ალბომს „20 Jazz Funk Greats“, სადაც არც ჯაზი დაგხვდებათ, არც ფანკი და არც 20 კომპოზიცია.
სანამ ჩანაწერის ჟღერადობრივ ნაწილზე გადავალთ, ცოტა რამ ალბომის გარეკანის შესახებაც უნდა ვახსენოთ, რომელიც Radiohead-ის გრაფიკულმა დიზაინერმა, სტენლი დაუნვუდმა მის ყველა დროის საყვარელ გარეკანადაც დაასახელა. ფოტოზე სასიამოვნო პეიზაჟი იშლება: ყვავილებით დაფარული მდელო, კლდიანი სანაპირო, მოღიმარი ადამიანები. ერთი შეხედვით, ყველაფერი უწყინრად გამოიყურება, სანამ გავიგებთ, რომ ფოტო მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ თვითმკვლელობის ადგილას, Beachy Head-ზეა გადაღებული.
„ჩვენი იდეა იყო, ფირფიტების მაღაზიაში ვინმეს ძალიან გულუბრყვილოდ შეემჩნია ეს ალბომი, ეფიქრა, რომ იქ ჯაზის და ფანკის 20 საუკეთესო კომპოზიცია დახვდებოდა, სახლში მოსმენის შემდეგ კი თავზარი დასცემოდა.“
თუმცა, ამ სტატიისა და Throbbing Gristle-ს მიზანი ადამიანების მოტყუება ნამდვილად არ ყოფილა. ეს უბრალოდ ხუმრობაა იმაზე თუ რამდენად აცდენილი შეიძლება იყოს ვიზუალი შინაარსთან. თუ კიდევ ჩავუღრმავდებით, ბენდის ეს ჩანაფიქრი ახალი მსმენელისთვის ხმის მიწვდენის გზადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. არ აქვს მნიშვნელობა ჯაზს უსმენ, ფანკსა თუ სოულს, Throbbing Gristle ყველანაირი გემოვნების მსმენელს ახალ ტერიტორიებში სამოგზაუროდ ეპატიჟება.
„20 Jazz Funk Greats“ ამავე სახელწოდების ყველაზე უწყინარი კომპოზიციით იწყება, ნელ-ნელა კი თანმიმდევრული ბითებითა და აღზნებული ვოკალით ბნელი სიღრმეებისკენ მიგვიძღვება. ალბომის მუსიკალური ფორმა საკმაოდ კომპლექსურია, აქ შევხვდებით როგორც ავანთ გარდისა და პანკის ელემენტებს, ისე Dark Ambient-ის თუ ელექტრონულ ჟღერადობებს. დისთორშენი ჩანაწერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც განსაკუთრებით ტრეკებში What a Day, Six Six Sixties და Still Walking იკვეთება. მათი მოსმენის შემდეგ ვხვდებით, რომ ავტორების მიზანი მსმენელისთვის გულუბრყვილო სიამოვნებისა და სონიკური ტკბობის მინიჭება ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა, ამის პარალელურად ვისმენთ შედარებით მსუბუქ და დინამიურ ტრეკებსაც. Hot on Heels of Love, Kraftwerk-ისეული რობოტული ხმოვანებით ალბომის ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული და მიმზიდველი კომპოზიციაა, რომელსაც ადრეული ტექნოს ელემენტებიც აქვს. გასაკვირი არაა, რომ მისი რემიქსი დეტროიტის მეორე ტალღის პიონერ DJ Carl Craig-საც აქვს გაკეთებული.
მთლიანობაში, „20 Jazz Funk Greats“ რთული მოსასმენი ნამდვილად არაა. მის თითოეულ ჟღერადობრივ ფენასა და ტექსტუალურ ნაწილში კარგად დამალული მეტაფორებია, რაც მსმენელს მოდუნების საშუალებას არ აძლევს და მოსმენის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. რაც ყველაზე მთავარია, ამ ალბომით ბენდმა მუსიკალური მოგზაურობის სრულიად ახალი გზა გაკვალა, რომელიც თავიდან ბოლომდე გულწრფელი, ჭეშმარიტი და უკომპრომისო იყო. „Whatever you did last time, do it different next time”- ამბობდა პი-ორიჯი. სწორედ ამ ამბიციით იქმნება ახალი ჟანრები, ასე შეიქმნა ინდასტრიალიც.