14 ნოემბერს Mutant Radio-ს ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, სადაც საშუალება გვქონდა სანდრო თავართქილაძის “ქოთნის მუსიკისათვის” მოგვესმინა. მუსიკა არ ისმოდა ქოთნიდან, თუმცა კარგი წარმოსახვის უნარის მქონე მსმენელს არ გაუჭირდებოდა მუტანტ რადიოს ვაგონის  იმ ქოთნად წარმოდგენა, რომელზეც ულვაშიანი კაცუნაა გამოსახული. ფაქტია, რომ ამ კაცუნას თავი სულაც არ არის დედის მიერ სათუთად მოვლილი ყვავილებით სავსე , არამედ შიგ ჩაბუდებულა ნაზი, მაგრამ სევდიან გრძნობები, რომლებმაც ვერ გაუძლო კერამიკის კედლებს და მუსიკად ამოხეთქა. 

“ქოთნის მუსიკა” სანდრო თავართქილაძის რიგით მეორე ალბომია, ხოლო თავად სანდრო თავართქილაძე თბილისში დაფუძნებული პროდიუსერია, რომელიც, როგორც მუსიკოსი, თავისი პოლიჟანრულობით გამოირჩევა. არტისტის შემოქმედებაში შეხვდებით ინდი როკის, ინდი პოპის, ფოლკ როკისა და ექსპერიმენტული მუსიკის ნიუანსებს, რაც მის წამოწყებას საკმაოდ საინტერესოს ხდის. თუმცა მსმენელისთვის დამატებით საინტერესოა ის ფაქტიც, რომ არტისტის მომავალ განვითარებაზე დაკვირვების საშუალება თავადაც გვაქვს. ასევე,  დამაიმედებელია ისიც, რომ სანდრო, სხვა მრავალი ქართველი არტისტისგან განსხვავებით, არ ცდილობს უცხო ენების ხელოვნურ ინტეგრირებას სიმღერის ტექსტებში და სათქმელიც გულწრფელია. ასევე, ალბომს ეტყობა ფიქრი და გამოირჩევა ორიგინალურობის საკმაოდ მაღალი ხარისხით. 

აღნიშნული ალბომი თავის მხრივ დაყოფილია A და B ნაწილებად,რომელთაგანაც პირველი შედგება 7, ხოლო მეორე 6 კომპოზიციისაგან. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ღონისძიებაზე ლიმიტირებული რაოდენობით გაიყიდა აუდიო კასეტებიც, რომელთაგან ერთ-ერთი მეც მერგო. ჩემმა კასეტამ ორი კეთილი საქმე უკვე გააკეთა: ერთი მხრივ, ამჯერად ინდივიდუალურად მოვუსმინე მუსიკას, მეორე მხრივ კი მისი მოისობით ღრმა ძილისგან გამოფხიზლდა მამაჩემის მაგნიტოფონი, რომელიც წლებია არცერთ მეზობელს უთხოვია დაბადების დღეზე “მუსიკების ჩასართავად”. 

 

აქვე შეგიძლიათ მოუსმინოთ არტისტის უახლეს ალბომს “ძაღლო”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *