Yeezus, კანიე უესტის, ამერიკელი რეპერისა და პროდიუსერის რიგით მეექვსე სტუდიური ალბომია. ალბომი შინაარსობრივად მრავლისმომცველია და ბევრ აქტუალურ საკითხს ეხება. შინაარსთან ერთად, Yeezus მრავალფეროვანია მასში მონაწილე შემსრულებლების თვალსაზრისითაც, კანიესთან ერთად აქ მსმენელი ხვდება ჯასტინ ვერნონს, ჩარლი უილსონს, ნინა სიმონეს… ალბომის რამდენიმე ტრეკზე ცნობილმა ფრანგულმა დუეტმა დაფტ პანკმაც იმუშავა.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, Yeezus, 40-წუთიანი უკომპრომისო პროტესტია, სადაც მსმენელი 10 განსხვავებულ ტრეკს ისმენს მუდმივი არამდგრადობის შეგრძნებით. სწორედ ამ დისბალანსითა და ემოციების ნაკადით სავსე ტრეკების საშუალებით რეპერი ახერხებს მსმენელის გატაცებას და მასში ურთიერთსაპირისპირო ემოციების გაღვივებას.
არასტაბილურობა გამოწვეულია რადიკალურად განსხვავებული და საწინააღმდეგო აქცენტებით. მეტსაც ვიტყოდი, მსმენელი აქ სვადასხვანაირ კანიე უესტს ეცნობა.
შევეცდები ავხსნა რას ვგულისხმობ რეპერის სხვადასხვაგვარ სახეებში. ალბომის მოსმენის დაწყებისთანავე მსმენელი ძალიან მალევე გრძნობს რეპერის გაბრაზებულ, აგრესიულ და ამ ემოციების საპირისპიროდ სენსიტიურ განწყობასაც. ამ ყველაფერთან ერთად, კანიე წარმოუდგენლად პროვოკაციულია, ის მარტივი და აგრესიული ფორმით აცხადებს რომ ღმერთია, დაუმარცხებელი, პირველი და უკანასკნელი – I am the first and the last, whatever you need just ask. მსგავსი განცხადებით ის თითქოს განზრახ ცდილობს კრიტიკა გააღვივოს მსმენელში და “თავხედური” განცხადებით გამოწვეული სიძულვილის ტალღა თავის თავზე მიიღოს.
ალბომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის რასიზმიც, ავტორი სწორედ ამ საკითხს ეხება განსაკუთრებულად აგრესიული ფორმებით. ის აკრიტიკებს და აპროტესტებს ყველა იმ სტერეოტიპს, რომელიც არსებობს ფერადკანიანი ადამიანების მიმართ.
ტრეკები New slaves, Black skinhead, Blood on the leaves განსაკუთრებით ექსპრესიულად აჟღერებს რასიზმის წინააღმდეგ სათქმელს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილ ტრეკებში ავტორი უზომოდ აგრესიულია, ტრეკში New Slaves საოცრად ემოციური და ავავე დროს სევდიან უნგრული როკ ბენდ “ომეგას” სემფლი Gyöngyhajú lány-ს მოსდევს. მსგავსი მუსიკალური გადასვლა საკმაოდ საინტერესო მოსასმენია, “ომეგას” მუსიკა ამოვარდნილია საერთო ჟღერადობიდან მაგრამ ამავროულად ორგანულადაც ებმის მას.
შინაარსთან ერთად საინტერესოა ის გამოხმაურება რომელიც ალბომის ირგვლივ მალევე წარმოიშვა. შეფასებები რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა, Yeezus ერთდროულად გახდა წლის ყველაზე “underrated” და “overrated” ალბომი. მოსაზრებები გაიყო როგორც გენიოსსა და უგემოვნო შემსრულებელს შორის.
მსგავსი ურთიერთსაპირისპირო გამოხმაურებები ალბმომს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის და მსმენელს აძლევს საშუალებას თავად შეაფასოს მისი მნიშვნელობა და ღირებულება.