daniel-johnston-artworks

Daniel Johnston-ს პირველად ერთ-ერთ სტრიმინგ პლატფორმაზე გადავეყარე სიმღერით „True Love Will Find You”. სანამ უშუალოდ ჩანაწერს მოვუსმენდი, ჩემი ყურადღება ალბომის გარეკანზე გამოსახული ვან გოგისეულ ნახატთან მდგარი ადამიანის უცნაურმა გამომეტყველებამ მიიპყრო. სიმღერაც თავად ამ გამომეტყველების მკაფიო გაჟღერებად მივიჩნიე, მუსიკოსი ჩავინიშნე, თუმცა ყოველდღიურ რუტინაში ჩაფლულს მასთან მიბრუნება უბრალოდ გადამავიწყდა.

“Hi, How Are You” – პირდაპირი და უშუალო მისალმებით დაიწყო ჯონსტონთან ჩემი მეორე გადაკვეთა, როდესაც ამავე სახელწოდების ალბომს ყოველგვარი წინასწარი ინფორმაციის გარეშე მოვუსმინე. 30 წუთიანი მოგზაურობა კინოთეატრში მობილურით გადაღებული კინოფილმის ნახვის მსგავსი აღმოჩნდა. მართალია, პირველი მოსმენისას ჩანაწერმა არც თუ ისე მიმიზიდა, თუმცა ერთი რამ მკაფიოდ გამოიკვეთა და გავიფიქრე, რომ შემსრულებლის მენტალური მდგომარეობა სულ მცირე ბიპოლარული აშლილობა უნდა ყოფილიყო.

დენიელ ჯონსტონი, ტეხასელი მუსიკოსი და ვიზუალური არტისტია, რომელიც Beach Boys, Stevie Moore, Jandek, Ariel Pink-თან თუ სხვა მუსიკოსებთან ერთად Lo-Fi ჟანრის სულისჩამდგმელი და ალბათ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ინტროვერტი შემსრულებელია. მართლაც, ბიპოლარული აშლილობისა და შოზოფრენიის დიაგნოზით იგი ცხოვრების დიდ ნაწილს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ატარებდა. არტისტის არამდგრადი მენტალური მდგომარეობა, ერთდროულად როგორც წყევლა და წყალობა, მის შემოქმედებით ცხოვრებას მოუსვენარი აჩრდილივით მუდამ თან დასდევდა.

დენიელის საკულტო ალბომი “Hi, How Are You” 1983 წელს გამოვიდა და დღემდე მის ყველაზე პოპულარულ ჩანაწერად ითვლება. ეს 30 წუთიანი დაუმთავრებელი ნამუშევარი, ნერვიულად მონოტონური რიტმულობით და ბავშვური გულწრფელობთ აჟღერებული ინსტრუმენტებით, შინაგანი ქაოსის ვიზუალიზაციაა. ჩანაწერის გაჟღერებისას თითქოს მთლიანად დენიელის გონებას უსმენ და მის მენტალურ ლაბირინთებში მეგობარი მოჩვენებასავით დამოგზაურობ.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ ეს სულაც არ არის ჯონსტონის საუკეთესო ალბომი. იგი არც მელოდიურობით გამოირჩევა და ვერც ტექსტუალური ნაწილით იწონებს თავს, რომლითაც ასე მდიდარია მისი სხვა ჩანაწერები, როგორებიცაა “1990” თუ “Don’t Be Scared”. მეტიც, ვფიქრობ ალბომის ასეთი მასშტაბურობა შინაარსობრივ ნაწილზე მეტად ერთმა მაისურმა განსაზღვრა, რომელსაც კურტ კობეინი თვეების განმავლობაში გაუხდელად ატარებდა. 

kurt cobain and flea

„უეცრად ყველამ იცოდა ვინ იყო დენიელ ჯონსტონი…მაისურს ათასობით გულშემატკივარი გამოუჩნდა, მათ მოუნდათ უფრო მეტი გაეგოთ მაისურზე, ენახათ მაისური, მოესმინათ მაისური. ამასობაში კი დენიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა ვინ იყო ნირვანა.“

– ამბობდა დენიელის აგენტი.

მართლაც, მაისურის შემდეგ დენიელისთვის მუსიკალური ინდუსტრიის კარი ფართოდ გაიღო: საკონტრაქტო შეთავაზებები ცნობილი ლეიბლებიდან, მსმენელით გადავსებული საკონცერტო დარბაზები, მისი ილუსტრაციებით მოხატული კედლები და სხვა. დენიელსაც ოცნება უხდება, მის შემოქმედებას უამრავი ადამიანი ეცნობა და გულთან ახლოს მიაქვს.

მუსიკალურ სცენაზე მისი საზოგადო აღიარების მიუხედავად, ჯონსტონის მუსიკალური მემკვიდრეობა ვერც დაკვრის ტექნიკით გაგაოცებთ, ვერც კომპლექსური მუსიკალური ტექსტურებითა თუ ვოკალური შესაძლებლობებით. მაშინ რატომ არის ის გამორჩეული? რატომ უნდა ვუსმენდეთ მას დღეს?

Listen up and I’ll tell a story

About an artist growing old

Some would try for fame and glory

Others aren’t so bold.

დღესდღეობით, ალბათ თითზე ჩამოსათვლელი მუსიკოსები თუ არიან, რომლებიც ასე უანგაროდ გაგვიშიშვლებენ შინაგან სამყაროს და დენიელივით შემოქმედებითი პროცესით მთლიანად აუდიტორიის წინაშე დაიღვრებიან. ცოტა თუ შეძლებს გააჟღეროს ის გულწრფელი სევდა, რომელიც ჩვენი დროის ძალაგამოცლილი სულიერების მკვებავად მოგვევლინება. ეს სევდა მართლაც ყველა ჩანაწერსა თუ ილუსტრაციაში იგრძნობა. ალბომი “Hi, how are you” კი ამ ყველაფრის შესავალია, პირველი მისალმება, რომელსაც დენიელის შემოქმედების სხვა უფრო ღრმა სივრცეებში გადანაცვლება აუცილებლად სჭირდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *