Სიკვდილსა და სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაზე დაფიქრებულებს შორის Flylo არც პირველია და არც უკანასკნელი, თუმცა ფაქტია, რომ სიკვდილის, როგორც ამოუცნობი ფენომენის, ცნებამ მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა. Მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბომის Cosmograma-ს (2010) შთაგონების წყარო დედის გარდაცვალება გახდა, მოგვიანებით კი ამ პროცესს ანგელოზების ქალაქელმა პროდუსერმა მთელი ალბომი You Are Dead (2014) მიუძღვნა.
You Are Dead არტისტის შემოქმედებაში რიგით მეხუთე სტუდიური ალბომია და ჯაზ-ფიუჟენის ნიმუშს წარმოადგენს, სადაც ელექტრო-გიტარისა და კლავიშებიანი საკრავის გამოყენების ფონზე ერთმანეთს ერწყმის ჯაზის, ფანკის, არენბისა და ჰიპ-ჰოპის ელემენტები. Ალბომი გვიშიშვლებს სიცოცხლიდან სიკვდილის განზომილებაში გადასვლის პროცესს, რამეთუ აღწერს ამ მოგზაურობისთვის დამახასიათებელ თითოეულ აუტანელ ეპიზოდს.
Თავად არტისტი ამერიკაში დაფუძნებული რეპერი, დიჯეი და საკუთარი ლეიბლის (Brainfeeder) დამაარსებელი პროდუსერი სტივენ ელისონია, რომელსაც უკეთ მისი სასცენო სახელით Flying Lotus ვიცნობთ. ზოგიერთი მას თანამედროვეობის ჯიმ ჰენდრიქსაც კი უწოდებს, თუმცა გიტარის ნაცვლად კომპიუტერით ხელში. მის ნიჭიერებაზე მთელი მისი დისკოგრაფია მეტყველებს, You Are Dead კი წარმოადგენს ამ ტალანტის დამამტკიცებელ კიდევ ერთ საბუთს, რადგან აქ არტისტი გარდა მრავალჟანრული ექსპერიმენტისა, ახერხებს შეინარჩუნოს საკუთარი ნიშა და ავთენტურობა ისეთ ვარსკვლავურ არტისტებს შორისაც კი , როგორებიც არიან Kendrik Lamar და Snoop Dog.
Ყველაფერი იმით დაიწყო რომ ერთ დღესაც Flylo-მ და Thundercat-მა რიგითი ავტო-გასეირნების დროს ერთად მოუსმინეს George Duke-ს. ჩანაწერით აღფრთოვანებულებმა მოიფიქრეს თავადაც შეექმნათ რაიმე ისეთი, რომლის მოსმენაც იქნებოდა იმის ტოლფასი, რომ მსენელისთვის ეთქვათ “You are dead”.
“Მანქანით მივდიოდი Thundecat-თან ერთად, ვუსმენდით George Duke-ს. ერთ წამს ორივე აღვფრთოვანდით იმით, თუ როგორი გიჟური იყო მთელი ჩანაწერი. Ჩვენ ვკითხეთ ერთმანეთს, რატომ აღარ აკეთებს ხალხი რაიმე მსგავსს? Და რატომ არ გავაკეთოთ ჩვენ..რაიმე მსგავსი, რაც ყველას მოკლავდა.. Როცა უსმენ თავს გრძნობ, როგორც..”ო, მკვდარი ხარ’.”
Flylo
ალბომის პირველი კომპოზიცია Theme წარმოადგენს სიკვდილის პროლოგს,- ყველაფერი იწყება ნელა და მშვიდად, შემდეგ კი დგება წამი, როდესაც მუსიკის სწრაფი ცვალებადობა წააგავს რადიოს არხების ნერვული გადართვის მცდელობას, რაც თავის მხრივს სიმბოლიზებაა იმ პანიკური შეტევისა და შიშის, რომელიც ადამიანს ამ დროს ეუფლება. Tesla-ს დასარტყამი ინსტრუმენტების ხმა კი ემსგავსება გულის ზოგჯერ აჩქარებულ, ზოგჯერ კი სტაბილუტ ფეთქვას,- ნიშანს იმისა, რომ სიცოცხლე ჯერ ისევ არსებობს.
Მსმენელის ამ ინსტრუმენტალურ სულისშემხუთავ გამოცდილებას მალამოდ ეფინება ადამიანის ხმის გაჟღერება. Განსაკუთრებით დამაიმედებელია, როცა ეს ადამიანი კენდრიკ ლამარია, რომელიც დაჭერობანას ეთამაშება სიკვდილს და ლაღად უმეორებს: Say you will never ever catch me. ამ სიტყვებს შემოაქვს მიჯნა ფიზიოლოგიურ სიკვდილსა და არტისტის სიკვდილს შორის. Თითქოს Flylo-საც და კენდრიკსაც უნდათ გვითხრან, რომ ხელოვანსა და სიკვდილს შორის ჭადრაკის თამაშს სულ სხვა წესები აქვს. Რა თქმა უნდა, მსმენელმაც იცის, სანამ ადამიანები ჰიპ-ჰოპზე ისაუბრებენ, იქ კენდრიკიც უკვდავი იქნება. თუმცა სწორედ ამ კომპოზიციამ მომაგონა დიდი ხნის წინათ წაკითხული ერთი სამეცნიერო სტატია მზის წითელ გიგანტად გადაქცევის შესახებ. მზეც კი მოკვდება, გავიფიქრე მაშინ. Ამ ფონზე კი უფრო გასაგები ხდება თუ რატომ ეშინია თავად კენდრიკსაც კი, ან რას გულოსხმობს როცა ამბობს: Recognize I deprive this feeling and then I embrace it.
მსმენელს კიდევ ერთი თამაში ელოდება წინ, როდესაც რიგი Dead Man’s Tetris-ზე მიდგება. Ამ კომპოზიციის სახელის ინიციალები (DMT) წარმოადგენს მინიშნებას ჰალუცინოგენურ ნარკოტიკზე dimethyltryptamine. მეცნიერთა გარკვეული ნაწილი, რომელიც სიკვდილის ფენომენს შეისწავლის, გამოთქვამს მოსაზრებას, რომ სიკვდილის პროცესი შეიძლება წააგავდეს ამ ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ ყოფნას. ცდების მონაწილეები ყვებიან რომ გამოცდილება ემსგავსება ეგოს სიკვდილს, როდესაც გრძნობ თითქოს გღვიძავს, მაგრამ იდენტობა დაკარგული გაქვს. სწორედ ამგვარი ყოფის შიშს გამოხატავს ელისონი. Მას ეშინია უმოქმედობის და არ აქვს მნიშვნელობა ეს ნარკოტიკული ნივთიერებებით იქნება გამოწვეული თუ სიკვდილით. ერთ-ერთ ინტერვიუში ის კომპოზიციაზე The Boys Who Died in their Sleeep ამბობს, რომ მას ეშინია სიკვდილის, არა როგორც ფიზიოლოგიური მოცემულობის, არამედ როგორც იდენტობის დამკარგველი ფაქტის, როდესაც რაღაც ღრუბელში ხარ გახვეული და ამ ღრუბელში არაფერი ხდება. ფანების მოსაზრებით, სულაც არ არის დამთხვევა რომ ამ კომპოზიციაში Flying Lotus-ს თავისი რეპერი ალტერ-ეგო Captain Murphy შემოჰყავს, რათა უკეთ გამოხატოს ეგოს სიკვდილან დაკავშირებული შიში.
“It’s not death that I fear, it’s being comfortable in a cloud where nothing ever happens.”
Სწორედ ეს უამრავი შიში და ამ შიშის მრავალჟანრულად გამოხატვის მცდელობაა მიზეზი იმისა, რომ ალბომი არც ისე მარტივად მოსმენადია. Flylo უბრალოდ გვჩუქნის 38 წუთსა და 12 წამს, რათა ჩვენც ვიფიქროთ საკითხე, რომელზეც ყველაზე ნაკლებად მოგვწონს ფიქრი, ან უბრალოდ ჩვენც გავიხსენოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები, რადგან , Რა თქმა უნდა, Flylo-ს არ ავიწყდება ახსენოს Austin Peralta და J Dilla.
გარდა შიშების შესახებ გულწრფელი საუბრისა, ალბომი ერთი დიდი ამბოხებაა სიკვდილის წინააღმდეგ, რაც კარგად ჩანს კომპოზიციაში The Protest, რომელსაც რეფრენად გასდევს სიტვები we’ll live forever and ever. Თუ ამ სიჯიუტეს კაცობრიობა მყარად შეინარჩუნებს და ექნება საშუალება მზის სიკვდილს სხვა პლანეტიდან დააკვირდეს, იმედია, ერთ ადამიანს მაინც გაახსენდება წაიღოს ეს ალბომი, რადგან თავად Flylo-მაც არ იცის, მაგრამ კომპოზიცია Coronus, the Terminator სწორედ მზის სიკვდილის ცქერის დროს მოსასმენადაა შექმნილი.