არის ერთი ასეთი სცენა. ალბათ უდიდესი მსგავს სცენთაგან. ზის ღმერთქალი მაჰალია ჯექსონი. ზის სკამზე და ირწევა. გრაფიკის მიხედვით და ჩემი თვალის გამოცდილებით, ნატ კინგ კოულის შოუ უნდა იყოს. მღერის საკულტო Summertime – ს, მღერის მაგიურ-მაჰალიურად, მაგრამ ხვდები, რომ ფონი სხვაა მუსიკის, ვიდრე სიმღერა. და ამ ფონის მსუბუქი ამოწევით, ფრთხილად, მაგრამ მკაფიოდ – როგორც თვითონ ირწევა სავარძელზე – გადადის სხვაგან – ,,Sometimes I Feel Like a Motherless Child”
ამგვარი კომპილაციები სარისკო საქმეა და ხშირად უშამპანურო – მაგრამ მაჰალიას იოლად გამოსდის. ან რა არ გამოსდის მაჰალიას.
ხოლო თვითონ სიმღერა, უჩვეულოდ გრძელი სათაურით, ამერიკელ მონათა წიაღიდან დიდ სევდად გამოპარული თქმაა, ზოგისგან იავნანად მიჩნეული, ზოგისგან ზოგად ამბად.
Fisk Jubilee Singers -აფროამერიკული ანსამბლი მეცხრამეტე საუკუნის – ამ სიმღერის პირველი აკადემიური გაჩერებაა.
მერე ბევრმა იმღერა. 282 ვერსია და 4 ადაპტაცია (ყველაზე ცნობილია ადაპტაციათაგან რიჩი ჰევენსის ვუდსტოკური ,,Freedom”) იძებნება Secondhandsongs.com – ის ცოდნით – ზოგი არ ვარგა, ზოგი გამომრჩა, ზოგიერთსაც გეტყვით.
ლუი ამსტრონგი – მორიგი დიდი გაბაასება საკუთარ თავთან – ხრინწი და საყვირი. აწევა და დაშვება. მოკლედ დიდი ლუი.
პოლ რობსონი – ჩვენსას ამ სახელის მხოლოდ ნამცხვრის სახეობა იციან, არადა ერთობ საინტერესო კაცია ბატონი პოლი – დიადი ბარიტონი, პოლიტიკური აქტივისტი, ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალი მოთამაშე და მსახიობი. თავისებურად მღერის, აკადემიურად, როგორი თხრობაც ვიცით მეოცე საუკუნის დასაწყისში მსგავსი მიმართულების ხალხისგან – ბოხი, დინჯი და გაბმული.
მარიან ანდერსონი – რადგან აკადემიურობაზე ვთქვით, ეს საოცარი ქალიც სახსენებელია, იშვიათი კონტრალტო და დიდებული ვერსია. თითქოს რომელიმე დიდი კომპოზიტორის საოპერო არიაა, ისე მღერის.
ბესი გრიფინი – გოსპელური დუნე და მდორე თხრობა, ცოტა მისტიკური და ამავდროულად ძალიან ყოფიერიც.
მაჰალია ჯექსონი – გარდა იმ დიდი შეერთებისა, მაჰალია ამ თემას ცალკეც ამუშავებს და სრულიად შესანიშნავადაც, თითქოს რელიგიური საგალობელია და თითო მოსმენაზე თითო ცოდვას გვაკლებს.
არჩი შეპი და ჯეისონ მორანი – თუ ლუი საკუთარ თავს, არჩი და ჯეისონი ერთმანეთს ებაასებიან. მძაფრია ეს დიალოგი და ბასრი, განსაკუთრებით ინსტრუმენტების მონაცვლეობისას.
ვინტონ მარსალისი – აქ მხოლოდ ინსტრუმენტია და მხოლოდ ფიქრი. გაბაასება – არა. როგორც ფიქრს და ჯაზს სჩვევიათ – სადღაც გაქცევა და მერე დაბრუნება.
სარა ვაუგანი – ჯაზის ხმაა, ერთ-ერთი დიდი და მომაჯადოებელი ქალის. შეუცდომლად მიჰყავს, რაღაცნაირი ჯაზური სიზუსტით – ეგ კიდევ სტერილური სიზუსტე რომ არ არის, თქვენც კარგად იცით.
ოდეტა ჰოლმსი – ყველაზე მეტად იავნანას ეს სიმღერა ოდეტასთან ჰგავს. გალობს. გალობს და ძილს გგვრის, მაგრამ არ გაძინებს. ონირიული ამოთქმაა – ცხადის და სიზმრის მიჯნაზე ყოფნა. ოღონ არა ტანჯვით და გაურკვევლობით, არამედ ღვთიური სიმბსუბუქით. კარგია ოდეტა.
ჯიმი სკოტი – თითქოს გამოქვაბულიდან მღერისო, ისე იდუმალია და თან ეგ გამოქვაბული რომელიმე სიგარეტის კვამლით გაჭვარტლული და ვისკით ყელჩახეხილი ჯაზის კლუბი რომ იყოს. ისეთი ტრაგიკული, როგორიც თვითონ ჯიმის ყოფა იყო.
გრანტ გრინი – დიდებული მოქცევა გიტარის მარწუხებში ამ საქმის შესანიშნავი ოსტატისგან. ახალი სამუსიკო ინტრიგები და ინტეგრალები.
ო.ვ. ვრაითი – რიტმ-ენდ-ბლუზურად ატრიალებს თემას. ნაცნობ კვადრატებში გადაჰყავს და მგონი რომ არ გამოსდის ეს ცდა ურიგოდ.
Moby – არც ელექტრონული მუსიკის შეთამაშებაა გამოსატოვებელი ამ სტანდარტთან და ერთხელ მოსმენად ღირს, როგორც რომ სხვა რელსებზე გადაყვანის სურვილი. ჰერმან მელვილის შთამომავალია ბოლო-ბოლო.
Tumi mogorosi – ერთი ბოლო და საინტერესო მცდელობათაგანი საერთოდაც სამხრეთ აფრიკულია. ესეც გასინჯეთ – არ გაწყენთ, თუ არ გარგებთ მაინც.
მოკლედ, სამი სხვანაირი იავნანა. და მათგან იავნანა პირველი – – ,,Sometimes I Feel Like a Motherless Child”