ცხოვრების ყველაზე აუტანელ მომენტებში მუსიკას ვუსმენ და მშურს იმ ადამიანების, ვისაც შექმნა – პირადი თუ საზოგადო ტკივილის ხელოვნებით გადმოცემა შეუძლია. ახლა სწორედ ეს მომენტია.

მსოფლიო მუსიკის არქივი კი სავსეა ომის ქრონიკებით: სიმღერებით, რომელთა მეშვეობითაც სხვადასხვა პერიოდში ადამიანები კონფლიქტებს აღწერდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ.

წარმოგიდგენთ მუსიკას ომსა და მშვიდობაზე, პროტესტზე, აქტივიზმზე და რაც ყველაზე მთავარია – სოლიდარობასა და მომავლის იმედზე.

Слава Україні! Героям слава!

  1. Leonard Cohen – Dance Me To The End Of Love (1963)

როგორ რომანტიულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს სიმღერა, ლეონარდ კოენმა იგი ჰოლოკოსტის დროინდელ ამბავს მიუძღვნა: კრემატორიუმის გვერდით, ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში, სიმებიანი კვარტეტისათვის იყო ადგილი გამოყოფილი. ებრაელების დაწვის პარალელურად კვარტეტს კლასიკური მუსიკის შესრულება ევალებოდა.

2. Black Sabbath – War Pigs (1970)

ჯგუფის ბასისტის, გიზერ ბატლერის თქმით, კომპოზიცია  ვიეტნამის ომს ეძღვნება. ოზი ოზბორნმა კი მას ზოგადად ანტი-საომარი სიმღერა უწოდა. რაც არ უნდა იყოს, Black Sabbath-ის იდეა ერთია – ომი ბოროტების უმაღლესი დონეა, სატანისტური ქმედება, რომელსაც მდიდარი ადამიანები იწყებენ ღარიბთა სიცოცხლის ხარჯზე: „Politicians hide themselves away/They only started the war/Why should they go out to fight?/They leave that all to the poor“

3. Paul McCartney  – Pipes Of Peace (1983)

პირველი მსოფლიო ომის დროს მომხდარი „საშობაო დაზავება“ პოლ მაკკარტნის შთაგონება გახდა. შობამდე ერთი კვირით ადრე ცალკეულ შემთხვევეში დაძაბულობა იმ დონემდე შემცირდა, რომ გერმანელი და ინგლისელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზს გადადიოდნენ, მოწინააღმედეგეებს ესაუბრებოდნენ, კვების პროდუქტებსა და სუვენირებს ცვლიდნენ, საშობაო სიმღერებს ასრულებდნენ. შობის ღამეს კი ნეიტრალურ ტერიტორიაზე ფეხბურთიც ითამაშეს.

4. Marvin Gaye – What’s Going On (1971)

1971 წლის სიმღერით მარვინ გეი მსოფლიოს მიმართავს, რომ ომი არაა გამოსავალი. სიმღერა მის ძმას ეძღვნება, რომელიც ვიეტნამის ომში იბრძოდა.

5. Gil Scott-Heron – The Revolution Will Not Be Televised (1970)

52 წლის წინ გილ-სკოტ ჰერონმა ძალიან, ძალიან ცხადად გაგვაფრთხილა: თუ ცვლილება გინდა, გარეთ უნდა გახვიდე და მოვლენების აქტიური მონაწილე გახდე. ცვლილებებს საინფორმაციო ომი ახლავს თან და პასიურად, ტელევიზორისთვის თვალის დევნებით ვერც ცვლილებაში შეიტან წვლილს და ვერც სიმართლეს მოისმენ.

6. Radiohead – Harry Patch (In Memory of) (2009)

კომპოზიცია პირველ მსოფლიო ომს და ჰარი პეტჩს ეძღვნება – ბრიტანელ ვეტერანს, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის სამხედროებს შორის ყველაზე დიდხანს იცოცხლა და 2009 წელს გარდაიცვალა.

ტომ იორკი: “ახალი თაობისათვის რთულია მსოფლიო ომის სიმძაფრეების აღქმა. ჰარის მოგონებებში ეს ყველაფერი ცოცხლობს და იმედი მაქვს, ჩვენც არასდროს დაგვავიწყდება”

7. The Rolling Stones – Gimme Shelter (1969)

კომპოზიცია ხატავს ომის სიმახინჯეს მთელი სიმძაფრით და ეხმიანება ვიეტნამის ომს, რომელიც, მიკ ჯაგერის თქმით, არაფრით გავდა სხვა ომებს, რადგან ეს იყო ყველაზე ბინძური, აპოკალიპტური და არასასურველი ომი კაცობრიობის ისტორიაში.

8. The Clash – Spanish Bombs (1979)

Spanish Bombs ჟღერადობით თითქოს ზაფხულის არდადეგებზე მოსასმენ კომპოზიციას უფრო ჰგავს, მაგრამ რეალურად ესპანეთის სამოქალაქო ომის ამბებს გადმოგვცემს.

9. Plastic Ono Band – Give Peace A Chance (1969)

კომპოზიცია ვიეტნამის ომის მიმდინარეობისას დაიწერა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ანტი-საომარ ჰიმნადაც იქცა.

10. The Supremes – Stoned Love (1970)

ადამიანებს შორის საერთო მეტია, ვიდრე განსხვავება. სიმღერა ყველას მოუწოდებს, დაივიწყონ ის, რაც მათ ერთმანეთისაგან განასხვავებს და ერთად იპოვონ გამოსავალი მშვიდობის დასამყარებლად.

11. The Cranberries – Zombie (1993)

ავტორის თქმით, კომპოზიცია არის ყვირილი ადამიანების არაადამიანობაზე და ეძღვნება ჩრდილოეთ ირლანდიაში კონფლიქტის დროს დაღუპულ ბავშვებს.

12. Prince – 1999 (1982)

სიმღერა როგორც შინაარსით, ისე სათაურით, უფრო სამყაროს აღსასრულს ეხმიანება, ვიდრე კონკრეტულ ომს. სამყაროს აღსასრულისისკენ სვლას კი, პრინცის აზრით, ბირთვული შეიარაღება აჩქარებს.

13. Pink Floyd – Us And Them (1974)

რაღა თქმა უნდა, ფინქ ფლოიდიც ეხმიანებოდა ომის თემატიკას და თან არაერთი ნაწარმოებით. მხოლოდ რიჩარდ რაითი და როჯერ უოთერსი თუ შეძლებდნენ, ომის წარმოუდგენელი სისასტიკე წარმოუდგენლად ლამაზი კომპოზიციით გადმოეცათ.

14. Bob Dylan – Blowing In The Wind (1963)

ბობ დილანმა 1963 წელს მსოფლიოს მშვიდობის მარადიული მესიჯი გაუგზავნა. შეუძლებელია, მისი ლირიულად გადმოცემული იმედგაცრუება და ტკივილი მსმენელის გულთან ახლოს არ მივიდეს.

15. Sam Cooke – A Change Is Gonna Come (1963)

ბობ დილანის ზევით ნახსენები კომპოზიცია სემ ქუქის ინსპირაცია გახდა. როგორც ამბობენ, პირველი მოსმენის შემდეგ სემმა ვერც კი დაუშვა, რომ ეს სიმღერა შავკანიან შემსრულებელს არ ეკუთვნოდა.

ის, რაც თაობიდან თაობას გადაეცემა და არასდროს უფერულდება – ცვლილებების სურვილია. სემ ქუქის ეს სიმღერა კი იმედისმომცემი გზავნილია მთელი მსოფლიოსათვის.

16. Anohni – Drone Bomb Me (2016)

კომპოზიცია ავღანეთის ომის მსხვერპლი გოგონას პერსპექტივიდანაა დაწერილი, რომლის ოჯახიც ომს შეეწირა, ამიტომ თავადაც იგივე აღსასრულს ნატრობს. მისი ავტორი, Anohni კი, ობიექტურად, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი არტისტია და ბევრად დიდ ცნობადობას იმსახურებს.

17. Edwin Starr – War (1970)

მორიგი სიმღერა ვიეტნამის ომსა და მეტი ჰარმონიის აუცილებლობაზე მსოფლიოში.

18. The Beatles – While My Guitar Gently Weeps (1968)

სამყაროში, რომელიც ტანჯვითა და უბედურებითაა მოცული, გიტარის ჰანგები ერთადერთია, რაც გაუსაძლის სიჩუმეს არღვევს, სიცოცხლის კვალს ტოვებს და მომავლის იმედს აძლევს შემსრულებელს. “ბითლზები” კლასიკად აღიარებულ კომპოზიციაში ხაზს უსვამენ გიტარას, როგორც ინსტრუმენტს, რომელიც იმ დროში ახალგაზრდების პროტესტის გახმოვანების ერთ-ერთი მთავარი საშუალება იყო. სიმღერა ასევე განმარტავს მუსიკის მნიშვნელობას სოლიდარობის გამოხატვასა და მშვიდობის მხარდაჭერაში.

19. Vera Lynn – The White cliffs of Dover (1942)

ცნობილი სიმღერა მეორე მსოფლიო ომიდან, რომელიც პოპულარული ვერა ლინის შესრულებით გახდა. კომპოზიცია ეძღვნება დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის 1941 წლის საჰაერო შეტაკებებს.

20. Duke Ellington – Come Sunday (1942)

დიუკ ელინგტონს არ უყვარდა კატეგორიების მინიჭება, ამიტომ თავის ნამუშევრებს “ჯაზს” კი არა, მხოლოდ “მუსიკას” უწოდებდა. არ ეთანხმებოდა არც ადამიანების კატეგორიებად დაყოფას, შესაბამისად, ბევრი კომპოზიციაც აქვს შექმნილი ადამიანების ემანსიპაციის თემაზე. გულში ჩამწვდომი ვიოლინო, ალტ საქსაფონი და მაჰალია ჯექსონის სევდით სავსე ხმა იდეალურ გზავნილს ქმნიან. ამ გზავნილით კი ღმერთს სთხოვენ, გადმოიხედოს დედამიწაზე და დაინახოს, თუ როგორ იტანჯებიან ადამიანები.

21. Oscar Peterson – Hymn to Freedom (1962)

კომპოზიცია ლეგენდარულ კანადელ ჯაზ პიანისტს, ოსკარ პეტერსონს ეკუთვნის და იმ პერიოდში მიმდინარე სამოქალაქო ომებს ეძღვნება.

22. Wingy Manone – Stop The War (1941)

მეორე მსოფლიო ომის კვალდაკვალ კომპოზიტორებმა ცეცხლი საკუთარი ხმამაღალი მუსიკით გახსნეს, კითხულობდნენ მორალს თავისი შემოქმედებით და მოუწოდებდნენ მოწინააღმდეგეებს ბრძოლის შეწყვეტისკენ.

ამერიკელი ჯაზ მესაყვირეს, ვინგი მენოუნის კომპოზიცია იაპონელების მიერ პერლ-ჰარბორზე ცნობილ თავდასხმას ეხება.

ამ პერიოდში სვინგ ჯაზს უკვე ჰქონდა ფეხი მოკიდებული, სვინგი კი ყველას აცეკვებდა, მათ შორის – ტკივილის შესამსუბუქებლადაც.

23. DJ Shadow – Nobody Speak feat. Run The Jewels (2016)

ომს ნაკლებად ეხება, მაგრამ ამერიკელი პროდიუსერის DJ Shadow-ს და ჰიპ-ჰოპ დუო Run The Jewels-ის კომპოზიციაზე გადაღებული გენიალური კლიპის ყურება ერთი სიამოვნებაა. ვიდეო ირონიულად ასახავს გავლენიანი პოლიტიკოსების ნამდვილ ბრუტალურ სახეს შეხვედრაზე, დახურულ კარს მიღმა. სხვათაშორის, ვიდეო გადაღებულია კიევში, საგამოფენო დარბაზში, რომელიც ადრე ლენინის მუზეუმი იყო.

24. ჯანსუღ ჩარკვიანი, მამუკა ჩარკვიანი – ჰიმნი თავისუფლებას

ქართველი კაცი ბრძოლის დროსაც მღეროდაო – ლეგენდებად ვიცით. ამ ამბების სინამდვილეს ქართული მუსიკაც მოწმობს. რთულად თუ ვიპოვით ფოლკლორულ ნაწარმოებს ან ქართველ კომპოზიტორს, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლის თემატიკას და მტრის წინაშე გაძლიერებას არ შეხებია. გამორჩევა ძალიან რთულია, მაგრამ მამუკა ჩარკვიანის უკვდავი “ჰიმნი თავისუფლებას” გარეშე, მშვიდობისა და თავისუფლებისთვის მიძღვნილი სიმღერების სია ვერ იარსებებს.

ეს ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.

მუსიკა არასდროს არის ზედმეტი, მაგრამ ომის მიერ მოტანილ ტკივილზე დაწერილი მუსიკა უკვე ნამდვილად საკმარისია მსოფლიოში.

დიდება თავისუფლებას და თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *