თუ რამე სიმღერა დგას ცალკე, როგორც თხრობა, როგორც ამბავი, გნებავთ, როგორც დღეს უყვართ თქმა – სათქმელი – ეგ არის Strange Fruit – უცნაური ნაყოფი, გნებავთ ხილი. საქმე ერთი ფოტოსგან იწყება, სადაც ხეზე ჩამომხრჩვალი ორი აფროამერიკელი, თომას შიპი და აბრამ სმითი მოჩანან, დასჯილნი ლინჩის წესით.


აბელ მიროპოლმა სწორედ ამ სურათის მიხედვით დაწერა საგალობელი-პროტესტი და 1939 წელს ბილი ჰოლიდეიმ იმღერა. მერე ბილიმ იმღერა კიდევ რამდენჯერმე, მაგრამ მე მიყვარს ერთი სტანდარტი, მოკლე და მკაფიო. ბილი ჰოლიდეის ხმა, წესისამებრ, არის გაჭიმული გზა პატარა ბავშვიდან ვიდრე მოხუც ქალამდე. თუ თვალს დახუჭავ, რომელსაც წარმოიდგენ, ეგ არის ან ვერ გაიგებ რომელია ან ყველა ერთადაა. ყველ ასაკი. და ესეც ამბავია – იმ ორი ჩამომხრჩვალი კაცის ცხოვრებას გვანდობს – ყმაწვილობიდან ვიდრე დასჯამდე. ბილისთან კიდევ არის ტაბ სმიტის საყვირის ორი ხმამაღალი ამოსუნთქვა, რაღაც უცნაურად ტრაგიკული, თითქოს მისალმებაც და თითქოს დამშვიდობებაც.

ბილის შემდეგ ბევრმა იმღერა, მაგრამ სულ ბილია. ცადა დიდმა ნინა სიმონემაც, თუმცა ისე ვერ ამოაყირავა, როგორც, ვთქვათ სქრიმინ ჯეი ჰოკინსის I Put Spell On You (“მე შენ მოგაჯადოვე”) – ს უყო. კი, მანდ ადგა და ცალკე ამბავი დადო. აქ მგონი, რომ ეგ ვერ მოხერხდა ნინასგან. რაც იშვიათია, მაგრამ ხდება ხოლმე. კარგი ნამღერია, განა ცუდი, მაგრამ მაინც. და რაც ვერ მოხერხდა ნინასგან, მოულოდნელად ბეთ ჰარტისგან მოხერხდა. მგონი ბეთი გაექცა ბილის, შეიძლება შორს არ, მაგრამ გაექცა. და ეს გაქცევა ჯო ბონამასას წაშველების წყალობითაცაა, რომლის სამი სოლო, გაბმული კონწიალია თოკზე. გაქცევა კიდევ იქ არის, სადაც ბეთი სიტყვა მაგნოლიას ამბობს, სახასიათო ჩაგდებით და ოდნავი გაბმით. ხოლო ჯოს გიტარა თითქოს თან კონწიალია და თანაც გასვლის ცერემონიაც. ეპოქა გაყავსო გეგონება. ოდნავი პომპეზურობით, ბლუზური ჩაჭიმვით და ცოტა ეზოთერულობით ანუ ,,მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი”.

რახან ინსტრუმენტი ვახსენეთ, აუცილებლად სათქმელია ვინტონ მარსალისის და რიშარ გალიანის გენიალური დუეტი. ეგენიც სხვა მწვერვალისკენ ექაჩებიან ამ ხილის ხეს. და რა გასაკვირია ამ სიმაღლის დიდოსტატებისგან ეგ ამბიცია. არის ერთი მომენტი, სადაც მუსიკა ყელზე გიჭერს, როგორც სახრჩობელა და სულ გხდის, ვინტონის და გალიანოს ამ დიალოგისას.

მაგრამ საბოლოოდ, ეს სიმღერა არის ბილი. და ბილის უკან ნაგულისხმევი ის ორი კაცი, ხეზე მოკონწიალე. და იმ ორი კაცის უკან ადამიანის სასტიკი ისტორია, საუკუნეების მიღმა და მგონი, რომ საუკუნეების მერეც. რადგან ,,რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი”. და – არც ეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *