18-19 ივნისს Mutant Radio-ს ფიზიკურ სივრცეში მუსიკალური ჟურნალისტებისა და სელექტორების კოლექტივის „Dancing of Architecture“ მუსიკალური მარათონი „Sounds of Georgia” გაიმართა.

„Sounds of Georgia” 22 საათამდე ქართულ მუსიკას, განსხვავებულ სტილებს, ეპოქებს, ჟანრებს, ქალაქების ჟღერადობებსა და ადგილობრივ მუსიკოსებთან ინტერვიუებს აერთიანებს. სელექციებში უამრავ ახალ თუ ძველ ადგილობრივ მუსიკოსს აღმოაჩენთ, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ და ქმნიან ქართული მუსიკის ისტორიას.

ღონისძიება Creative Education Studio-სთან და drip-თან კოლაბორაციით ჩატარდა. მასზე შემოსული თანხა კი უკრაინის ბავშვთა ფონდში Голоси дітей გადაირიცხა.

ქართული გალობა

ავტორი: მარიტა გულიაშვილი

ქართული გალობა მრავალსაუკუნოვან ისტორიას მოიცავს. უძველესი საგალობლების კრებული, სახელად იადგარი, დათარიღებულია X საუკუნით. საგალობლის როლი ქართულ მართლმადიდებლურ ლიტურგიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, სასულიერო პირებთან ერთად წირვა-ლოცვის დროს მგალობელთა გუნდსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს. ქართული საეკლესიო გალობა სამხმიანია. საგალობლის დასასრულს კი სამივე ხმა ერთიანდება, უნისონი იქმნება, რაც წმინდა სამების გაერთიანებას – დოგმატის სიმბოლურ განსხეულებად წარმოგვიდგება. გამოიყოფა ძირითადად ორი შტო – აღმოსავლური, ანუ ქართლ-კახური, და დასავლური – იმერულ-გურული. აღმოსავლურთან შედარებით დასავლური კილო უფრო მოძრავია (გამშვენებულია).

ქართული ხალხური მუსიკა

ავტორი: ნინო კახიანი

ქართულ კულტურაში ხალხურ მუსიკას განსაკუთრებული ღირებულების მქონე ადგილი უკავია. ქვეყანაში, რომლის ენა და კულტურა ხშირად შევიწროვებული იყო დამპყრობლების მიერ, მრავალხმიანი სიმღერის ტრადიცია უკვე მრავალ საუკუნეს ითვლის. საქართველოში მრავალხმიანობა სამი სახისაა: რთული მრავალხმიანობა – რომელიც გავრცელებულია სვანეთში; მრავალხმიანი დიალოგი ბანის ფონზე – გავრცელებული კახეთის რეგიონში და აღმოსავლეთ საქართველოში და კონტრასტული მრავალხმიანობა – სამი ნაწილობრივ იმპროვიზირებული სასიმღერო ნაწილის მქონე მრავალხმიანობა, რომელიც დასავლეთ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი.

ქართული ალტერნატიული მუსიკა

ავტორი: ირაკლი სინაურიძე

ქართულ ალტერნატიულ მუსიკას დიდი ისტორია აქვს, რომელიც 90-იანი წლებიდან იღებს სათავეს. პერიოდიდან, როდესაც ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და ახალგაზრდა თაობამ დასავლური მუსიკის გავლენით დაიწყო ახალი კომპოზიციების შექმნა. ჟანრი განსაკუთრებით 2000-იან წლებში განვითარდა, როდესაც გაიზარდა ინტერესი ახალი თაობის მუსიკოსების მხრიდან და გაჩნდა ახალი ბენდები. ალტერნატიული მუსიკის განვითარებასა და ფართო აუდიტორიაზე გასვლას ასევე ხელი შეუწყვეს 2010-იანი წლების მუსიკალურმა ფესტივალებმა, განსაკუთრებით კი ფესტივალმა Tbilisi Open Air. ალტერნატიული მუსიკა ქვეყანაში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჟანრია .

60-იანი და 70-იანი წლების ქართული მუსიკა

ავტორი: თინათინ მიქიაშვილი

60-70-იანი წლების ქართული მუსიკა უფრო დიდი საბჭოთა მუსიკალური სცენის ნაწილი იყო. ამ დროს არაერთ მუსიკალურ ჟანრს „კაპიტალისტურად“ მიიჩნევდნენ და ქვეყანაში მათი შესრულებაც იკრძალებოდა. შესაბამისად, მუსიკოსების თავისუფლება დაეკრათ ის, რაც სურდათ საკმაოდ შეზღუდული იყო. უამრავი ახალგაზრდა მუსიკოსი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ქმნიდა ტრიოს ან პატარა ანსამბლს, რის შემდეგაც ისინი ადგილობრივი პოპ სცენის, იგივე „ესტრადის“, ნაწილები ხდებოდნენ. ადრეული 60-იანი წლებიდან ჩნდება ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები „რერო“, „ორერა“, „დიელო“ და სხვა. ამ ანსამბლებს ჰქონდათ ისეთი დასავლური ჟანრების გავლენა, როგორებიცაა მსუბუქი როკი, ჯაზი, ფანკი და სოული. თუმცა, უმეტესად ასეთ მუსიკაზე არ იყო ასახული იმდროინდელი რეალური სოციალურ პრობლემები და მას ახალგაზრდა აუდიტორიასთან განსაკუთრებული ემოციური კავშირი არ დაუმყარებია.

ბათუმის ხმა

ავტორი: კატიშა დაშნიანი

ზღვისპირეთის სუბტროპიკული ჰავა, თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული, შავი ზღვის კლიმატი და წლის განმავლობაში ქალაქის ცხოვრება თავისებურ გავლენას ახდენს აქაურ მუსიკაზე. ბათუმის მუსიკალური სცენა მრავაფეროვანია და თითქოს ყოველთვის გამოარჩევ ზღვის ნაპირებზე შემქნილ მუსიკას.

DOA Talks

გვანცა უთურაშვილის ინტერვიუ Melqo-სთან

გვანცა უთურა და მელქო გაგვიზიარებენ მსმენელისა და მუსიკოსის პერსპექტივას დღევანდელ ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაზე და მის გამოწვევებზე. შეიცვალა რამე ბოლო ათწლეულში თუ ვტრიალებთ წრეზე?

Video is Unavailable


80-იანი წლების ქართული მუსიკა

ავტორი: ქუჯი ტაბაღუა

80-იანი წლები ქართული მუსიკის ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ამ პერიოდის მუსიკა მოიცავს სოციალურ პოლიტიკურ კონტექსტს. 80-იანების მუსიკამ შექმნა ის ბაზისი, ის საფუძველი, რომელზეც აღმოცენდა 90-იანი, 00-იანი და ასე შემდეგ დროების მუსიკა.

ქუთაისის ხმა

ავტორი: ნანუკა ბარნაბიშვილი

საბჭოთა პერიოდში ინდუსტრიულად წოდებული ქალაქი ქუთაისი, მაშინაც და ახლაც უკომპრომისო და პროტესტული მუსიკოსების და კომპოზიციების დაბადების ადგილად შეიძლება მოვიაზროთ. Მაშინ, როცა ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისი და ომი მძვინვარებდა, ქუთაისში დაარსდა კლუბი “მელომანი”, რომელიც ერთ-ერთი პირველი მუსიკალური კომუნა იყო ქვეყნაში. კლუბმა გააერთიანა როგორც ლოკალური, ასევე ახალი სტილის მიმდევარი და დამწყები მუსიკოსები. ამის შემდეგ 1991-1992 წლებში ეკრანებზე გამოჩნდა გადაცემა “კედელი”, რომლის საშუალებითაც მსმენელმა და მაყურებელმა გაიცნეს ბაჯუ, გოგა ჟორჟოლაძე და სხვები.

ქართული ექსპერიმენტული მუსიკა

ავტორი: სალომე ოთარაშვილი

ქართული ექსპერიმენტული მუსიკის ჟღერადობის პალიტრა დაუმუშავებელ, წმინდა, უხეშ და ერთგვარ ნოსტალგიურ ხმებს აერთიანებს. ქაოტურ და ველურ 90-იანი წლებში მომხდარმა სოციალურმა, პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კოლაფსმა ინტენსიური გავლენა მოახდინა ექსპერიმენტული მუსიკის (ისევე როგორც სხვა ჟანრებისა და ზოგადად კულტურის) განვითარებაზე.

90-იანი წლების ქართული მუსიკა

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

90-იანი წლები იყო ათწლეული, როდესაც ქართულმა მუსიკამ აყვავება ნამდვილად დაიწყო. ეს არის დრო, როდესაც ელექტრონული მუსიკა, ჰიპ-ჰოპი და ალტერნატიული მუსიკა პირველად მოექცა ყურადღების ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საინტერესო მუსიკის შესაქმნელად სათანადო გარემო არ ყოფილა, მუსიკოსებმა საკუთარი ენთუზიაზმით მუსიკალური ტალღების წარმოქმნა დაიწყეს. ეს პერიოდი იყო იმ მუსიკალური სცენის საფუძველი, რომელიც დღეს გვაქვს. სამწუხაროდ, 90-იანი წლების ბოლოს ბევრმა ხელოვანმა დატოვა ქვეყანა, თუმცა მათ მემკვიდრეობას დღესაც ყველგან ვხვდებით.

ქართული ელექტრონული საცეკვაო მუსიკა

ავტორი: სალომე ვარდანაშვილი

ქართულმა  ელექტრონულმა საცეკვაო მუსიკამ აღმოცენება 90-იან წლებში დაიწყო. ჟანრის პიონერ დადა დადიანის ექსპერიმენტები მრავალი შემსრულებლისთვის ინსპირაციის წყარო გახდა, რომ საკუთარი თავი ახალ ჟღერადობაში მოესინჯათ.

აღსანიშნავია, ქუთაისში მოღვაწე არტისტი ბაჯუ, რომელიც ქართული ტრანს მუსიკის პიონერია.

დიმა დადიანი ბრიტანულ მუსიკაზე იყო ორიენტირებული, ნიკა მაჩაიძე კი უფრო მეტად ექსპერიმენტულ, IDM & Drill n Bass ჟღერადობის მუსიკას ქმნიდა.

ინტერნეტის და სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის ხელმისაწვდომობამ ხელი შეუწყო 2000-იან წლებში ლოკალურად ახალი ჟანრების განვითარებას. არტისტების ახალმა თაობამ კი სრულიად სხვა ჟღერადობა შემოიტანა ადგილობრივ საცეკვაო სცენაზე.

ქართული კლასიკური მუსიკა

ავტორი: ანა ვაშაყმაძე

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო ე.წ. „ახალი ქართული პროფესიული მუსიკალური სკოლა“. იგი ეფუძნებოდა ევროპულ კლასიკურ მუსიკალურ ენასა და კლასიკურ მუსიკალურ ფორმებს (ოპერა, სიმფონია და სხვ.). ქართველ კომპოზიტორთა ამ სკოლის უდიდესმა წარმომადგენლებმა (ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, ნიკო სულხანიშვილი) ევროპული მუსიკალური ენა ქართული ტრადიციული ჰარმონიისა და მრავალხმიანობის ელემენტებს დაუკავშირა. გვიანდელი პერიოდის კომპოზიტორებს შორის იყვნენ ანდრია ბალანჩივაძე (ჯორჯ ბალანჩინის ძმა), ალექსანდრე მაჭავარიანი, შალვა მშველიძე და ოთარ თაქთაქიშვილი.

ქართული ქალაქური მუსიკა

ავტორი: თეა მიქელაძე

დღესდღეობით სიტყვა „ქალაქური“ ქართულ მუსიკალურ სივრცეში გაუფასურებული ტერმინია. ის, რასაც მავანნი ქალაქურად ასაღებენ, უფრო მეტად ჯანსაღ უჯრედზე მოდებული სიმსივნეა, ვიდრე „ქალაქური ფოლკლორი“. სამწუხაროა, მაგრამ შეიძლება ბუნებრივი პროცესიც იყოს, რომ ჯანსაღი უჯრედი კვდება, აღარ მრავლდება და რჩება მხოლოდ ნოსტალგია მისი სიჯანსაღის შესახებ. თუმცა ანომალიაა საზოადოების მაღალი ინტერესი მისი დამახინჯებული ფორმების მიმართ.

ქართული ქალაქური ფოლკლორი აღმოსავლური და დასავლურია. მაშინ როცა აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქური ფოლკლორი აღმოსავლური საკრავებისა და ინდივიდუალური შემსრულებლებისკენ იხრება, დასავლეთ საქართველო გიტარის ტკბილჟღერადობასა და ხმაშეწყობით მღერაზე აკეთებს არჩევანს. პოეზია კი ქართული ქალაქური მუსიკის განუყოფელი ნაწილია.

ქართული ჯაზი

ავტორი: ხატია გოგრიჭიანი

ქართული ჯაზის მუსიკას დიდხნიანი ტრადიცია არ აქვს, რადგან საბჭოთა პერიოდში ჯაზის დაკვრა აკრძალული იყო და მხოლოდ ზოგიერთ ორკესტრს მიეცა სვინგის და დიქსილენდის მუსიკის შესრულების შესაძლებლობა. თუმცა, ვითარება 60-იან წლებში შემსუბუქდა, როდესაც თბილისში გაჩნდა “Jazz Trio Caucasia”. მალევე, 70-იან წლებში ალექსანდრე კილაძის “Jazz Nonet”-მა ადგილობრივ დარბაზებში დაიწყო დაკვრა. 1978 წელს თბილისში ჩატარდა პირველი ქართული ჯაზ ფესტივალი, სადაც სხვადასხვა ბენდებმა და სოლო მუსიკოსებმა დაუკრეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ახალი თაობის არტისტებმა განაგრძეს ჯაზის სხვადასხვა სტილში ახალი მუსიკალური ნაწარმოებების შექმნა. დღესდღეობით არაერთი ადგილია, სადაც შესაძლებელია ლოკალური სცენის ჯაზ მუსიკოსების ცოცხლად მოსმენა.

2000-იანი წლების ქართული მუსიკა

ავტორი: სალომე ბერძენიშვილი

2000-იანი წლები ქართული მუსიკისთვის ახალი ენერგიებით სავსე ათწლეული იყო. ფართოვდება როგორც ადგილობრივი პოპ სცენა, ისე ალტერნატიული მუსიკაც. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ბენდებისა და მუსიკოსებისთვის საკმაოდ არასტაბილური ვითარება იყო, რადგან მათ მუსიკალურ ცხოვრებას არ ჰქონდა სტაბილური კომერციული მხარე. სწორედ ამიტომ, ქართულ სცენას გაზრდის დიდი შესაძლებლობა არ ჰქონია. ამ ეპოქის მუსიკალური პროექტების უმრავლესობა კი სულ რაღაც 1-3 წელი გრძელდებოდა. მიუხედავად ამისა, 2000-იანი წლები იყო დეკადა სავსე სხვადასხვა ექსპერიმენტებითა და მოსმენის ახალი გზებით.

ქართული როკი და მეტალ მუსიკა

ავტორი: ეკატერინა ხარბედია

მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ქართული მეტალის სცენა არც თუ ისე ცნობილი და განვითარებულია, ის მაინც საკმაოდ მრავალფეროვანია. ამ ჟანრისადმი დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით სავსე ადგილობრივი ბენდები ძალიან საინტერესო მეტალ ჟღერადობებს ქმნიან.

DOA Talks

მარი კალაბეგაშვილის ინტერვიუ დავიდ ხორბალაძესთან

Dancing on Architechure-ს წევრი მარი კალაბეგაშვილის ინტერვიუ ქართველ დრამატურგსა და კომპოზიტორ დავიდ ხორბალაძესთან თეატრის მუსიკის შესახებ.

თბილისის ხმა

ავტორი: მარიამ ლეჟავა

ქალაქის იდენტობას მის სივრცით გარემოსთან ერთად განსაზღვრავს ხმა. ხმა, რომელიც ისმის შუაღამის ქუჩებში, დატვირთულ პარკებში, ხალხმრავალ კაფეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და თავად იქ მცხოვრები მუსიკოსების გონებაში, რომლებსაც შეუძლიათ მრავალმხრივ გადმოსცენ ეს ჟღერადობა. თბილისსაც თავისი უნიკალური ხმოვანი იდენტობა აქვს, რომელიც მრავალ საუკუნეს ითვლის. სელექციაში თანამედროვე თბილისის ჟღერადობას მოისმენთ, რომელსაც 90-იანი წლებიდან დღემდე ქალაქში მცხოვრები არტისტები ქმნიან.

ქართული პოპი, R&B და სოულ მუსიკა

ავტორი: მარიამ ტალიაშვილი

ქართული პოპი რამდენადაც ერთი შეხედვით ცხადი, იმდენად დამაბნეველი და საკამათოა. პოპის ანუ პოპულარული მუსიკის ზუსტი მახასიათებლების ჩამოთვლა რთულია და ძირითადად მის ქვეშ მოიაზრება არა კონკრეტული ჟანრი ან ჟღერადობა, არამედ მუსიკა, რომელიც საჭირო დროსა და ადგილზე შედარებით მეტი მსმენელის გულთან ახლოს მივიდა.

საკამათოა ქართული პოპის სელექციაც. ის შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს, დაწყებული უახლესი ალტერნატიული თუ ინდი მუსიკით, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა და დასრულებული 90-იანი წლების ქართული ჰიტებით.

ქართული პანკი

ავტორი: ლუკა ჩანუკვაძე

ქართული პანკ მუსიკა სათავეს 1987 წლიდან იღებს, როდესაც ლადო ბურდულმა ქვეყანაში პირველი პანკ ჯგუფი სახელწოდებით “რეცეპტი” ჩამოაყალიბა. მაშინ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, ჯგუფმა თბილისის ანდერგრაუნდ სცენის ტრაგიკული ცხოვრების წარმოჩენით ახალგაზრდა თაობას ენერგია და პროტესტი აჩვენა. მალევე რობი კუხიანიძის ხელმძღვანელობით კიდევ ერთი ქუთაისური პანკ ჯგუფი „Outsider“ გამოჩნდა. „რეცეპტის“ მსგავსად ისინიც 90-იანი წლების საქართველოში ცხოვრების სირთულეებზე მღეროდნენ. 2000-იანი წლებიდან უამრავი პანკ სივრცეები და ადგილობრივი პატარა ფესტივალები გაჩნდა. შესაძლებლობების სიმცირის მიუხედავად, სულ უფრო მეტი ახალი ბენდი ცდილობდა ქალაქის ნამდვილი პანკ ჟღერადობის წარმოჩენას.

2010-იანების ქართული მუსიკა

ავტორი: ნასტია სართანია

2010-2022 წლები ერთგვარი ქართული მუსიკის ოქროს ხანაა. ამ ათწლეულში ალტერნატიული ჟანრები თითქოს კულმინაციას აღწევს და შემდგომ იფერფლება. აქვე იბადება ახალი კულტურა, რომელსაც ელექტრონული მუსიკის ბუმი ქვია. ეს ის ათწლეულია როდესაც საქართველოში ახალი ტექნოლოგიებისადმი ცნობიერება მაღლდება და ინსტრუმენტალისტი მუსიკოსების ინსტრუმენტებს, თანამედროვე გაჯეტები ანაცვლებენ, როდესაც ბენდები სტუდიებიდან გადიან და სოლო პროდუსერები ხდებიან საძინებლებიდან. 2010-2020 წლების საქართველოში, მუსიკა იმაზე მეტად ინტიმური ხდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს ის ათწლეულია, როდესაც ყველას შეუძლია იყოს მუსიკოსი, ქვეყანაში იბადება ელექტრონული მუსიკისა და კულტურის სკოლები, იხსნება ღამის კლუბები, რომლებიც საქართველოს ერთგვარი სავიზიტო ბარათები ხდებიან. ეს ის ათწლეულია, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტი აღიარებული მსოფლიო მუსიკოსები სტუმრობენ. 

ქართული ჰიპ-ჰოპი

ავტორი: ლიზი მახარაძე

ქართული ჰიპ-ჰოპის ისტორია 1990-იანი წლებიდან იწყება, როდესაც „ბაჯუმ“, იგივე გიგა ერისთავმა ქუთაისში პირველი ჰიპ-ჰოპი შეასრულა. ამის შემდეგ ჰიპ-ჰოპის გზა მისმა ახლო მეგობარმა „შავმა პრინცმა“ გააგრძელა და 1996 წელს „ძებნილებთან“ ერთად პირველი ჰიპ-ჰოპ ალბომი ჩაწერა. 2000-იანი წლები ადგილობრივი ჰიპ-ჰოპ სცენისთვის აშკარა უკუსვლა იყო, რადგან ამ პერიოდში მუსიკალურად ღირებული ჩანაწერები არ შექმნილა. თუმცა, ვითარება 2010-იანი წლებიდან შეიცვალა, როდესაც ახალგაზრდა თაობის მუსიკოსებმა პროდიუსინგისა და შესრულების ახალი მეთოდებით დაიწყეს ადგილობრივი სცენის ახლებური განვითარება. დღესდღეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰიპ-ჰოპი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჟანრია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *