“If Strangers” კოლაბორაციული პროექტია, რომლის ფარგლებშიც ლეიბლ “CES Records” – ზე უკვე 2 ალბომი გამოვიდა. ნიკა მაჩაიძეს და ნატალია ბერიძეს, მუსიკის ფროდაქშენის ლექტორებს, პანდემიის დროს მიდგომების შეცვლა მოუწიათ. ჯგუფი ონლაინ უნდა გახსნილიყო, რაც სრულად უკარგავდა ლექციებს მუხტს. სწორედ ამიტომ საჭირო გახდა ინოვაციური გადაწყვეტილების მიღება და ასე შეიქმნა “If Strangers” და ალბომები, სადაც თითოეულ კომპოზიციაზე თითოეულმა წევრმა იმუშავა.

უფრო დეტალურად პროექტის იდეის, სტრატეგიისა და სამუშაო პროცესის შესახებ პროექტის ავტორებსა და კურსის ლექტორებს, ნიკას და ნატალიას ვესაუბრეთ:

საიდან წამოვიდა იდეა კოლაბის გაკეთების?

ნატალია: იდეა ერთობლივად წამოვიდა სტიასგან (სტია სართანია CES-ის დირექტორი) და ნიკასგან. 2020 წელს შეუძლებელი გახდა ახალი ჯგუფის აყვანა კოვიდის გამო. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, ონლაინ შეგვექმნა “მუსიკის ფროდაქშენის” ჯგუფი. ღია კარის შეხვედრა მოვაწყვეთ ზუმით, პრეზენტაციაც გავაკეთეთ და …

ნიკა: და მე გავიქეცი…

ნატალია: კი, ნიკა გაიქცა ოთახიდან და მივხვდით, რომ ონლაინ ძალიან გაგვიჭირდებოდა გაგრძელება, რადგანაც ლექციები ძალიან ინტერაქციულია. მალევე წამოვიდა იდეა, რომ ამ ყველაფრისთვის ონლაინ კოლაბორაციის ფორმა მიგვეცა. მეორე დღესვე გამოაცხადა ეს სტიამ, გამოგვეხმაურნენ როგორც ძველი სტუდენტები, ისე ახალი ხალხი. ნელნელა დავიწყეთ სისტემის დალაგება.

ნიკა: პროცესში ვლაგდებოდით. ირაკლიმ , ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, შექმნა სისტემა, რის მიხედვითაც ვჯგუფდებოდით მუსიკოსები ერთმანეთთან და ვიწყებდით ტრეკის გაკეთებას ერთად. შემდეგ სხვა გუნდს გადაეცემოდა ამათი დაწყებული ტრეკი, ხოლო სხვა გუნდის დაწყებული ტრეკი ამათ გადმოეცემოდათ და ასე ყოველ ჯერზე. იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ცოტა სხვა პრინციპით, მაგრამ დაახლოებით იგივე გამოცდილება გვქონდა მეც და ნატალიასაც ონლაინ ალბომის გაკეთების და ვიცოდით, რომ შესაძლებელი იყო ონლაინ რეჟიმში ალბომის შექმნა. 

ყველაზე მეტ სირთულეს რა წარმოადგენდა ალბომზე მუშაობისას?

ნიკა: სირთულე იყო სწორი პრინციპის პოვნა, როგორ გადაეცემოდა ყოველ შემდეგ ჯგუფს ტრეკი სამუშაოდ.

ნატალია: იმიტომ რომ გვინდოდა ყველას ემუშავა ყველასთან ერთად და ირაკლიმ ისე დაალაგა ალგორითმი, რომ გამოვიდა ზუსტად ისე, როგორც გვინდოდა.

რა იყო ყველაზე სასიამოვნო ამ პროცესში?

ნატალია: მუშაობის პროცესი და ის შეგრძნება, რომ რაღაცა გამოვიდა, არ ჩავარდა კურსი და რომ ამ ჩაკეტილობაშიც შეიძლება რაღაც საინტერესო მოიფიქრო. როცა ექსტრემალური სიტუაციაა, ადამიანს ერთვება სხვა ექსტრემალური აზროვნება. ამდენი დრო გვქონდა ყველას, ძალიან ბევრს ვმუშაობდით. ზოგადი ფონი და გარემო ძალიან დამთრგუნველი იყო ყველგან, მაგრამ იმიტომ, რომ ეს კურსი გაკეთდა, „იძულებულები“ ვიყავით გვემუშავა და საკუთარი თავებისთვის გადაგვეჭარბებინა. ეს რომ არ ყოფილიყო, შეიძლება არც მემუშავა, რადგან არ მქონოდა მუშაობის ხასიათი და აქ იძულებულები ვიყავით და ეს იყო სასიამოვნო.

ნიკა: სასიამოვნო იყო მოლოდინის პროცესი. იმ დღეს რომ ველოდებოდით, როცა საბოლოოდ მოვისმენდით თუ რა გამოვიდოდა. ვის ვისთან მოუწევდა კოლაბორაცია მოცემულ ტრეკში, იმიტომ რომ, ცოტა “გემბლინგის” ხასიათი ჰქონდა და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო.

ნატალია: უკონტროლო ხდება, როცა შენი დაწყებული ტრეკი მოგწონს, გინდა რომ დაამთავრო, მაგრამ ვალდებული ხარ გაუშვა და გადასცე სხვა გუნდს. თავიდან ვერ ვეგუებოდი, მაგრამ ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, იმიტომ რომ ვისწავლე, როგორ შეიძლება გაუშვა და რა მაგარი შეგრძნებაა როცა მეორე ადამიანი შენს ტალღაზე ჯდება და მერე შენ გადადიხარ მის ტალღაზე და ასე შემდეგ.

საიდან წამოვიდა კოლექტივის სახელი ” if strangers”?

ნატალია: ეს სახელი დავარქვით ჩვენი კოლაბორაციული პირველი ალბომის ერთ-ერთ ტრეკს. რისი ინსპირაციაც გახლდათ ამერიკელი პოეტის, ედვარდ ესტლინ კამინგსის ლექსი ” If Strangers Meet “, საიდანაც გამოყენებულია ტექსტები ამ ტრეკში ნაწყვეტებად.

შემდეგ ეს სახელი ამ კოლექტივს დაერქვა, რადგან კოლექტივში რეალურად იყვნენ მუსიკოსები, რომელთა უმეტესობაც ერთმანერთს არ იცნობდა და ერთმანეთისთვის იყვნენ უცხოები. გამოწვევაც ეს იყო, თუ შეძლებდნენ ერთმანეთისათვის უცხო ადამიანები ამის შექმნას. შეიძლება საერთოდ არ გამოსულიყო, ვერ შეწყობოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ბოლოს ყველაფერი გამოვიდა.

ნიკა: პირველ ალბომს რაც დაერქვა („DUST”), ეგეც ნატალიას და ნაზის ტრეკის სახელი იყო (ნაზი ჭავჭავაძე – კოლექტივის წევრი). ლეას, ჩვენს შვილს, ვაჩუქეთ პატარა მიკროსკოპი და ამ მიკროსკოპის ქვეშ გავატარეთ მტვერი, გადავუღეთ ფოტოები და სწორედ ეს გახდა ალბომის გარეკანი.   

რაც შეეხება მეორე ალბომის სათაურს “NO SIGNAL” და გარეკანს, CES სტუდიაში ვისხედით და ვფიქრობდით, თუ რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო. ამ დროს ვხედავ მონიტორს, რომელიც იმის გამო, რომ ლეპტოპთან არ იყო დაკავშირებული ლანდავდა შავ ფონზე თეთრად “No Signal” და ძალიან მომეწონა, რადგან ძალიან სიმბოლურია ამ ყველაფერთან რაც ჩვენთან და არამარტო ჩვენთან ხდება.

აპირებთ თუ არა ისევ გააკეთოთ კოლაბორაციული ალბომი?

ნიკა: რა თქმა უნდა. მგონი როგორც მუსიკის პროდაქშენის ჯგუფი გვაქვს CES-ში, ისე არის უკვე კოლაბის ჯგუფიც. რეალურად ეტაპობრივად ვგროვდებით და როცა მივაღწევთ საჭირო მინიმალურ რაოდენობას, დავიწყებთ მუშაობას.

როგორ იქმნება კომპოზიციები, უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ?

ნიკა: კოლექტივი იყოფა 2-2 მუსიკოსად. თითოეული ჯგუფი იწყებს კომპოზიციის გაკეთებას და შემდეგ გადასცემს სხვა კოლექტივს, იმათი დაწყებული კი სხვა კოლექტივს გადაეცემა და ასე წრეზე ბრუნავს. თითოეულ ტრეკზე მინიმუმ 4 ადამიანი მუშაობს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ეს კომპოზიციები ინახება და ბოლოს შეიძლება სხვადასხვა ვერსია გაკეთდეს, ისეთი, რომ ერთი საწყისიდან 2 სხვადასხვა ტრეკი გამოვიდეს, რომლებიც სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან და საერთოდ ვერ მიხვდები რომ ერთი საწყისი აქვთ.

If Strangers – ის ორივე ალბომის თითო ტრეკს აქვს თავისი ვიდეო კლიპი, საიდან გაჩნდა ამ კლიპების იდეა?

ნიკა: პირველი ვიდეო იყო ნაზის და ნატალიას ტრეკზე DUST. გადავწყვიტეთ სწორედ ამ კომპოზიციაზე გადაგვეღო კლიპი, რადგანაც მისი სახელი ჰქვია ალბომსაც. ძალიან მაგარი იყო გადაღების პროცესი, ძალიან სასაცილო და სახალისო. დავიღალეთ, მაგრამ მაინც ძალიან გავერთეთ.

მეორე ალბომის ვიდეო იყო სტიას იდეა. დამირეკა და მითხრა – ერთ ვიდეოს ხომ არ გააკეთებდი სულ რომ აფეთქებები იყოსო. მე ვუთხარი ვცდი-თქო და ძალიან მოუხდა. ორი ივენთიდან არის კადრები: პირველი, ეს არის უკრაინის მაიდანი, როცა მოიპოვეს თავისუფლება და მეორე არის პრაღის გაზაფხულის კადრები, როდესაც რუსეთის ტანკები შევიდნენ ქალაქში, რადგან ჩეხებს ასევე თავისუფლება უნდოდათ, ისევ იმ სოციალისტურ სივრცეში ითხოვნენ რეალურ სოციალიზმს. ამას დაერქვა “პრაღის გაზაფხული”. აფეთქება უფრო კონცეპტუალური ჩვენებაა იმის, რომ დროა რაღაც შეიცვალოს. ის კი არა, რომ ატომური ომი დაიწყოს, არა, ის, რომ მართლა დაინგრეს რაღაც და დავიწყოთ ახალი.

რა იქნება მთავარი რჩევა დამწყები მუსიკოსებისთვის?

ნიკა: ჩემგან მთავარი რჩევა, რასაც სულ ვეუბნები სტუდენტებსაც და ყველა დამწყებ მუსიკოსს, ვფიქრობ არის ის რომ, პროცესი უფრო აინტერესებდეთ და არა – შედეგი. პროცესი მუსიკის კეთების ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საბოლოო შედეგი. ეს ერთი, და მეორე ის, რომ ექსპერიმენტები აკეთონ სულ. არასდროს არ დასჯერდნენ იმას, რომ რაღაც სიმაღლეს მიაღწიეს, უნარები გამოიმუშავეს და არ იფიქრონ, რომ მორჩა, ამაში თავს გრძნობენ ისე, როგორც თევზი წყალში. ხანდახან თავის თავს გამოწვევა უნდა მოუწყო, რომ მოდი ახლა ამას ვცდი და რა გამოვა?!

ნატალია: ნიკას დავეთანხმები, რასაკვირველია, და დავამატებდი, რომ ძალიან ბევრი იშრომონ ყოველთვის. შრომა უყვარდეთ და არ აყვნენ მასიურ ხმაურს, ტენდენციებს. ყოველთვის თავიანთი გზა ჰქონდეთ, რომლითაც მიაღწევენ, რომ ინდივიდუალური ჟღერადობა აღმოაჩინონ. რეალურად ეს გქმნის მუსიკოსად და არ დაიკარგები მორევში, რომელიც წამიერია და მალევე ქრება.

Credits:

If Strangers – No Signal

Music written and produced by: Natalie Beridze (3) / Nikakoi (6) / Nicolas Tsima (2) / Progenol (6) / Gvantsa Enukidze (4) / Shmelo (5) / Gvarama (7) / Kuji Slwn (5) / ELY ANN (1) / Tiko Gogoberidze (7) / Miranamy (1)

Mastered by Giorgi Koridze

Cover-art by Nikakoi

If Strangers – DUST

Music Written and produced by If Strangers collective. The 13 members of “If Strangers” are in no particular order: Natalie Beridze; Ta mTa Gwarliani; Nikakoi; Nasi Chavchavadze; DAVA; ELY ANN; Omar Jgenti; Progenol; EKNR; Anushka Chkheidze; Kuji Slwn; Tamo Nasidze; Lasha Chkhaidze.

Mastered by Gvaji at Leno Records

Artwork is a photograph taken with the microscope of the dust by Nika Machaidze.

Design by Liza Asatiani

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *