ავტორი: ქუჯი ტაბაღუა
“Die Kreise” – ლეიბლი, რომელიც Underground Acid Hard Industrial Techno ჟღერადობისაა. ის ახალგაზრდა მუსიკოსებმა ცოტნე ტაბატაძემ და არტისტმა Hel:nosce -მ შექმნეს. “True Prayers” ლეიბლის სადებიუტო ალბომია, რომელიც როგორც ციფრულად, ასევე კასეტის სახით გამოიცა 2023 წლის 1 თებერვალს. ლეიბლის სახელი “Die Kreise” გერმანული სიტყვაა და ქართულად “წრეებს” ნიშნავს. “სამსარა” ინდურ რელიგიებში ღმერთის, ადამიანის თუ ცხოველის ახლად შობას ნიშნავს მარადიულ წრებრუნვაში. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა ამ სახელწოდების. ლეიბლის ახალგაზრდა დამფუძნებლების თქმით, ეს სახელი სიმბოლოა დედამიწის წრიულობისა და ყველაფრის ერთმანეთთან კავშირის, რომ ყველაფერი ერთი დიდი უსასრულობაა და ისინიც ამ დიდი უსასრულობის ნაწილები არიან. გავესაუბროთ ერთ-ერთ წარმომადგენელს, ცოტნე ტაბატაძეს:
საიდან წამოვიდა ლეიბლის შექმნის იდეა?
ამ საკითხზე ბევრს ვფიქრობდით, გვინდოდა, მაგრამ საჭირო ინფორმაცია და განათლება არ გვქონდა, რომ ლეიბლი გაგვეკეთებინა. საჭიროა ბევრი რამ იცოდე, რეკლამაში, ციფრულ და ფიზიკურ დისტრიბუციაში ერკვეოდე, ბევრი ნიუანსია. მასტერინგი აითვისო, ტრეკების ხარისხზე პასუხისმგებლობა აიღო. ამ ყველაფერში გარკვევაა საჭირო. დავიწყეთ მზადება. მე აუდიო-ინჟინერიის სწავლას დავეუფლე, Hel:nosce კი – მარკეტინგულ და სარეკლამო საკითხებს, სოციალურ მედიას და ყველაფერს, რაც საჭირო იყო. ცხადია, ამ ცოდნის დაგროვებას დრო დასჭირდა.
როგორ შეარჩიეთ არტისტები ალბომისთვის?
გვინდოდა ნიჭიერი, მაგრამ არაცნობადი სახეები გვეპოვნა. არტისტი ფასდება ნამუშევრით. ცნობილია თუ არ არის ცნობილი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენი არტისტები არიან გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, უნგრეთიდან და ასე შემდეგ. დავუკავშირდით მათ, რა თქმა უნდა, ციფრულად, ინტერნეტის მეშვეობით, ვაწარმოეთ მოლაპარაკება და საბოლოოდ შედგა ჯანსაღი საქმიანი კომუნიკაცია.
საიდან მოდის ალბომის სახელი და გარეკანი?
“True Prayers” ანუ ნამდვილი მლოცველები, ნამდვილი ანდერგრაუნდ მსახურები არიან, რადგან ანდერგრაუნდ ტექნო თავისი არსით ერთი დიდი ლოცვაა. რაც შეეხება ქავერს, ვფიქრობდით რამე “old school” გარეკანი ყოფილიყო. ჩემი და Hel:nosce -ის ერთობლივი იდეა იყო, ყოფილიყო შავ-თეთრი. მე კასეტის იდეა მომივიდა, Hel:nosce -ს გველის. გავაერთიანეთ და გამოვიდა კასეტაზე შემოხვეული გველი, რომელიც სიმბოლოა კაცობრიობის ისტორიაში პირველი მაცდუნებელის.
კასეტის ფორმატით გამოშვების მოტივი რა იყო?
უპირველესად იმას ვიტყვი, რომ კასეტაზე გამოცემის მიზანი არ ყოფილა კორმერციული და მატერიალური სარგებელის მიღება. გვინდოდა დაგვეფიქსირებინა, რომ არსებობს ასეთი ლეიბლი, რომ ჩვენ ვართ ასეთები, როგორებიც ვართ. ჩვენს ყველა რილიზს ციფრულ ვერსიასთან ერთად აუცილებლად ექნება ლიმიტირებული, მაგრამ ფიზიკური ვერსიები – იქნება ეს კასეტა, ფირფიტა თუ CD.
სად შეიძლება თქვენი კასეტების შეძენა?
ამჟამად “Vodcast Records”-ში. ამის გარდა ბენდქემფზე შეგიძლიათ ციფრული და ანალოგ ვერსიის შეძენა.
რა სირთულეებს გადააწყდით ალბომზე მუშაობისას?
ცნობადობის არქონის გამო ბევრმა არტისტმა დაგვაუარა, უკვე გამოგზავნილ და დამასტერებულ კომპოზიციებზე გვითხრა უარი. ეს ძალიან მოულოდნელი და შემაფერხებელი იყო ჩვენთვის, მაგრამ არ გავჩერებულვართ, ფარ-ხმალი არ დაგვიყრია. დავიწყეთ სხვა არტისტების მოძიება და ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდა.
სამომავლო გეგმები რა არის?
ვგეგმავთ მეორე “Various Artists” ალბომის გამოცემას. უკვე მზადების პროცესში ვართ. რათქმაუნდა, ეს იქნება ფიზიკური რილიზი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით კასეტის, ფირფიტის თუ CD -ის ფორმატი, დავტოვოთ სიურპრიზად.
რა რჩევას მისცემდი ადამიანებს, რომლებსაც სურთ ლეიბლის გაკეთება?
ჩემი რჩევა იქნება რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ინფორმაცია მოაგროვონ ამ ინდუსტრიის შესახებ, რადგან პროცესში ძალიან ბევრ სირთულეს გადააწყდებიან. ამისაგან თავის ასარიდებლად კარგია, როცა წინასწარ ყველაფერზე გაქვს ინფორმაცია და გარკვეულწილად მომზადებული ხარ. მე მზად ვარ, ყველას დავეხმარო და გავუადვილო ეს საქმე.