„აქაც არიან ღმერთები“ (ჰერაკლიტე)

გამოვიდა ნინო დავაძის სადებიუტო ალბომი „Agora“, რომელიც ალბათ ისეთი მსმენელისთვის ნამდვილი საჩუქარია, ვისაც მიტოვებულ სახლებში გადაძრომა უყვარს. სახლებში, რომლებშიც ჩვეულებრივი, ყოველდღიური ნივთები, მოჯადოებულ ნივთებად გადაიქცევა და გრძნობ, ნისლივით როგორ ჩამოწვება გარშემო უცნაური ველი.

მალერის მუსიკის შესახებ მუსიკათმცოდნე ჰანს ეგებრეხტი წერს ბუნების ხმებზე, რომელშიც ის ბუნების ხმების სამ გაგებას გვთავაზობს: ვიწრო გაგებით, ცხოველებისა და ფრინველების ხმები. ფართო გაგებით – ხელოვნების ტრადიციაში დამკვიდრებული, ბუნებრივი ხმების მიბაძვით შექმნილი ბგერები, რომელშიც ყოველდღიური რეალობა აისახება. დაბოლოს ხმები, ყველაზე ფართო გაგებით –  ბგერები, რომლებიც სამყაროს მთლიანობის ხმოვანი რეპრეზენტაციაა და რომლებიც ბუნებას, როგორც ყოფიერების წარმონაქმნს ერთ მთლიანობაში მოაქცევს.

ნინო დავაძის ალბომში ხმები ერთგვარ ხმოვან და ასევე ვიზუალურ შრეებს აჩენს. ერთი მხრივ, გვესმის უშუალო რეალობა – ლაპარაკის ხმები, ადამიანის ხმები, ადამიანური ყოველდღიურობა, ბაზრის მოედნები. მეორე მხრივ, ხელოვნურად შექმნილი ხმები, ბითები, რომელიც კულტურის დინამიკას, ქალაქის ჰექტიკურ სინამდვილეს გამოხატავს. და ხმები, ერთგვარი არამიწიერი ბგერები, რომელიც სამყაროს მთლიანობის შეგრძნებას ბადებს. ეს ყველაფერი მსმენელისთვის განსაკუთრებულ ინტიმურობას, საკრალურობას აღვიძებს, რომელსაც ადგილი შეიძლება აქ, ქალაქის მტვერში, მოეძებნოს და მეტიც, არა სხვაგან, არამედ სწორედ აქ მოეძებნება.


ავტორი: მარიამ შუბლაძე

ქავერი: ნინო გავაშელი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *