ავტორი: ქუჯი ტაბაღუა
Sumo იგივე შოთიკო წვერავა ელექტრონული მუსიკის დიჯეია.
იგი ამჟამად არის კომუნა მზესუმზირის რეზიდენტი DJ და პრომოუტერი, ასევე 303hz-ის მენტორი. მის სახელს უკავშირდება ისეთი ცნობილი შემსრულებლების ჩამოყვანა საქართველოში, როგორებიც არიან: Rob Smith a.k.a. RSD, Tunnige, Kink, Francesco Farfa, Fantastic Man და სხვები.
განვლილ გზასა და სხვა დეტალებზე Sumo-ს პირადად გავესაუბრეთ:
მოგვიყევი ყველაფერი თავიდან, რა ასაკიდან დაიწყე ელექტრონულ მუსიკასთან სერიოზული ურთიერთობა?
ელექტრონულ მუსიკასთან ურთიერთობა როცა დავიწყე, ვიყავი დაახლოებით 13-14 წლის. ერთ-ერთ რადიო ტალღაზე იყო ასეთი რუბრიკა “FM Plus Night”, ღამის 12 საათიდან დილამდე ელექტრონული მუსიკა ჟღერდა უწყვეტ რეჟიმში. სწორედ აქედან და ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ჩემს ამ მუსიკასთან მიჯაჭვულობას.
როგორ მიხვედი იქამდე, რომ დიჯეინგი გესწავლა, რამდენად მარტივი იყო ეს იმ პერიოდში?
ეს იყო 2002-2003 წლები, ერთადერთი სკოლა, რომელიც დიჯეინგს ასწავლიდა იყო “ლაუდერი”, სადაც დამხვდა მენტორი და გამოცდილი დიჯეი ბაბა. სხვა სკოლა ფიზიკურად არ არსებობდა, ამიტომ მომიწია ლოდინი, მეც, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ჩავდექი რიგში.
ვინ იყო ინსპირაცია შენთვის, რომ დიჯეი გამხდარიყავი?
პირველი დიჯეი სეტი, რომელიც მოვისმინე იყო ჟორჟიკა და ბაჯუ Adjara Music Hall ში. გარდამტეხი შთაბეჭდილება ჩემზე მოახდინა ასევე Music Hall ში დაკრულმა Break-Beat- ის პიონერის Freq Nasty ს სეტმა.
იყო თუ არა იმ პერიოდში დიჯეობა და მუსიკის ეს მიმდინარეობა პოპულარული საქართველოში?
ძირითადად ყველას უკვირდა, როცა იგებდნენ, რომ მე ამით ვიყავი გატაცებული და მინდოდა, რომ დიჯეობას დავუფლებოდი. თუმცაღა იმდენად მტკიცედ მქონდა ეს ყველაფერი გადაწყვეტილი, ჩემზე ნეგატიურად არ უმოქმედია ხალხის რეაქციას.
სად დაუკარი პირველად და როგორი შთაბეჭდილებები დაგიტოვა ამ გამოცდილებამ?
იყო ასეთი კლუბი “Switch”, სადაც “Break-Beat” სესიის ღონისძიება ჩატარდა დაახლოებით 2005-2006 წელს. მქონდა ბედნიერება დამეკრა ისეთ არტისტებთან ერთად, როგორებიც არიან Mix’O, Ciga, Zukka, Keba, Synth – ლაშა ჟორჟოლიანი. მახსოვს, მეორე დღეს “dance.ge” ზე ვნახე მიხო მაისურაძის პოსტი. წერდა, რომ ჩემი სეტი იყო განსაკუთრებულად გამორჩეული. არ დამავიწყდება არასდროს ის ემოცია, რაც მაშინ განვიცადე.
თვითონ დაკვრის პროცესი საკმაოდ უცხო და სასიამოვნო ემოციებით იყო ჩემთვის სავსე, მეტად თავდაჯერებულიც გამხადა.
ვინ არის ის საოცნებო დიჯეი ვისთან ერთადაც დაუკრავდი??
სიმართლე გითხრა, გამორჩეულად ერთს ვერ გეტყვი. მაგრამ სიამოვნებით დავუკრავდი Ron Trent-თან, Antal-თან და ასე შემდეგ.
დაკვრისას შენ არგებ მსმენელს მუსიკას თუ მსმენელი უნდა მოერგოს შენს მუსიკას?
ზოგადად, მუსიკა პირველ რიგში არის მსმენელისთვის, მაგრამ პირველი მსმენელი ხარ შენ. უპირველესად შენთვის უკრავ, მაგრამ ეგოისტი არ უნდა იყო, მარტო შენს თავზე არ უნდა ფიქრობდე. რა თქმა უნდა, ემოციები უნდა გაიცვალოს შენსა და მსმენელს შორის. ყველა დაკვრას და ყველა ღონისძიებას ყოველთვის სხვადასხვა ემოცია აქვს.
როგორც ვიცი, ჟანრებში თავს არ იზღუდავ და მსმენელს ანებივრებ სხვადასხვა ჟღერადობის მუსიკით.
დაკვრა დავიწყე Break-Beat და Dubstep ჟანრებით, მაგრამ Dubstep-ს დღესაც ვუკრავ კლუბ “Tes” -ში “Sioni Hi-Fi” სესიებზე. შემდეგ Disco იყო ჩემი გატაცება. დღეს რასაც ვუკრავ, არის House, პროგრესული მოტრანსო House.
რას მუსიკას უსმენ შენი პროფესიული ელექტრონული ჟანრების გარდა?
ყველაფერს, ყველაფერს. სწორად აღნიშნე, რომ თავს არ ვიზღუდავ ჟანრებში.
დიჯეინგის მენტორობა როგორ გადაწყვიტე ?
პანდემიის პერიოდში დამიკავშირდნენ 303 ჰერციდან. შემომთავაზეს დიჯეინგის მენტორობა. ყოველთვის თავს ვიკავებდი ამ საქმიანობისგან, რადგან ძნელია ადამიანს ასწავლო ის, რაც არავის უსწავლებია შენთვის. იმის თქმა მინდა რომ, ტექნიკურ მხარეს ასწავლი, მაგრამ სხვა დანარჩენი ადამიანის აღქმაზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ როგორ ხედავს ის მუსიკას. კარგად დაფიქრების შემდეგ ავიღე ეს პასუხისმგებლობა ჩემს თავზე. მე ადამიანებს კარს ვუღებ, ხოლო შემდეგ რას იზამენ, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული. რაც მთავარია, ძალიან სასიამოვნო პროცესია ეს ყველაფერი.
რა რჩევას მისცემდი შენს კოლეგებს, დამწყებ ან უკვე შემდგარ დიჯეებს?
რჩევას ვერავის ვერ მივცემ. ყველას თავისი შეხედულება და დამოკიდებულება აქვს ამის მიმართ, მაგრამ ერთი მთავარი რამე არსებობს, რაც არის გულწრფელობა. იყავით გულწრფელები, ყალბი არ უნდა იყო. გიყვარდეთ ის, რასაც უკრავთ და აკეთებთ.