Oil of Every Pearl’s Un-Insides – სოფის სადებიუტო ალბომი, რომელიც გრემის 61-ე დაჯილდოებაზე იყო ნომინირებული (საუკეთესო ელექტრონული საცეკვაო ალბომი) 2018 წელს გამოიცა ლეიბლებზე: Transgressive, Future Classic და MSMSMSM. ცხრა ტრეკისგან შემდგარი გამოცემა თამამი, არაპროგნოზირებადი, თავისუფლების და ექსცენტრიული ხმების ერთგვარი მანიფესტია.
ანონიმი შოტლანდიელი პროდიუსერის და DJ-ს მეტამორფოზა სოფიმდე ციფრული სამყაროს სინათლეზე გამოდის პირველივე ტრეკში, რომელსაც ვარდისფერ, თოჯინურ სრულყოფილებაში გადავყავართ. ლირიკიდან დასამახსოვრებელია – It’s ok to cry.
Ponyboy ტექსტურულად მრავალფეროვანი ინსტრუმენტალით გამოირჩევა, სადაც მეტალის და სამუშაო იარაღების ხმები კომპიუტერულ და ციფრულ ხმებს უერთდება, თითქოს სველი და მშრალის კონტრასტია გამოტანილი, ამასთანავე პოპ გავლენას ინაჩუნებს.
Faceshopping, ტრეკში ხაზგასმითაა უტრირებული უხეში, მეტალური და “უსულო” ინსტრუმენტალი და ერთადერთი ადამიანური მხოლოდ ვოკალია თითქმის მთელი ოთხი წუთის განმავლობაში.
კულმინაციური, გარდამტეხი ნაწილის შემზადებაა Is It Cold in the Water სამ წუთ-ნახევრიანი ტრეკი, რომელიც ძილის წინ მარტო ყოფნისას, შინაგანი ხმის უპასუხო კივილს ჰგავს. “მე ვიყინები, ვიწვები”, ლირიკა დაძაბულობას, ბგერები კი თავის მხრივ შფოთვას ამძაფრებს. Infatuation ალბომის გარდამტეხი ნაწილია, ბავშვის კივილის მსგავსი დამუშავეული ხმები, რეფრენად გამოყენებული “Infatuation”, “Who are you?”, “I wanna know” თვითგამორკვევის და საკუთარი თავის გამომჟღავნების სირთულეს შეგვაგრძნობინებს.
Not Okay ინდუსტრიული ხმების ცუნამი და ბითების სიძლიერის დემონსტრირების ერთობლიობაა. უამრავი სემპლის ფენებში, თითქოს რომელიმე ქარხნის, გაბურღვის, ჯახუნის, შედუღაბების და მსგავსი ხმები ისმის, ხელოვნური ინტელექტის, მატრიცას მსგავსი, რაც რობოტული ქარხნის გარემოს შეგრძნებას მიტოვებს.
Pretending – მეშვიდე ტრეკი, სრული სიცარიელის შეგრძნებას იწვევს. ასოციაციურად, ბრძოლის შემდეგ სიჩუმის ხმას წააგავს. თითქოს არტისტი გააზრებისთვის დროს გვაძლევს, რა მოხდა, საიდან სად მოვედით? ისევ ცოცხალი ვართ? კოსმიური ქაოსის ხმები ნელ-ნელა გვაბრუნებს საწყის განზომილებაში, თითქოს გვირაბიდან გამოდიხარ, სიბნელეში კი გამოარკვევ საბურავების ხმას და გონს მოდიხარ. გაურკვლობიდან, უცებ პოპ მუსიკის კლიპში პორტირდები (Immaterial), სადაც ყველაფერი ისევ პასტელური და თოჯინურია. ენერგიულ, მხიარულ, თანამედროვე პოპ სამყაროში, ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერი დაფრინავ. თუმცა, ჩემი აზრით, არტისტი ვოკალის დამუშავებული ჟღერადობითა და ტემპის ერთფეროვნებით დემონსტრირებს, რომ ყველაფერი მოჩვენებითი და ხელოვნურია.
მეცხრე, ბოლო ტრეკი სოფის აფეთქებაა და ახალი სამყაროს დასაწყისია. ტრეკი, სახელწოდებით Whole New World, სოფის სამყაროს დიდი კარიბჭეა, სადაც გვესმის აგრესიისა და სინაზის პოლუსები, ინდუსტრიული და ამავდროულად ციფრული, თანამედროვე და სრულიად ახალი სამყაროს მშენებლობის ხმები, რომელიც სწრაფი ტემპით სრულყოფილდება და თავისუფლდება სტერეოტიპებისგან.
ყველაზე დიდი აუდიტორიის წინაშე, აკვიატებადი პოპ მუსიკის და ძლიერი ბითების გამოყენებით სოფი თამამ მესიჯებს აგზავნის მსმენელებთან. ვფიქრობ, რომ კომერციული პოპი და ელექტრონული მუსიკა არ გაერთიანებულა ისე, როგორც ამ ალბომში. სოფი გაბედული და ინოვაციური არტისტია, რომელიც თავის მუსიკალურ ხედვებს ინსტრუმენტალსა და ხმის დიზაინში თარგმნის. იგი გვიზიარებს ინტიმურ, სხეულებრივ გამოცდილებას, გვამოგზაურებს სურეალისტულ, ხელოვნურ, ინდუსტრიულ ხმებში.
ვფიქრობ, SOPHIE ერთ-ერთი საუკეთესო პროდიუსერია თანამედროვე მუსიკალურ სცენაზე და Oil of Pearl’s Un-Insides ძლიერი პიროვნების, მრავალფეროვანი ხმოვანი დეტალებით მდიდარი პოპ-სატირული ალბომია.