Nothing is still ან ყველაფერი მიედინება
ბოლო დროს მოსმენილ ალბომებს შორის “Nothing is still” გამორჩეულია ფორმის სიზუსტით….”ყველაფერი მიედინება” თითქოს სათაურის ჰერაკლიტესეული პერეფრაზია, რომელიც ბუნებას განუწყვეტელ ცვლილებაში, მოვლენათა მრავალფეროვნების გამჟღავნებაში მოიაზრებს….ეს ალბომიც, გარკვეულწილად ცვლილებების, becoming (პროცესის) ანთოლოგიაა, რომელიც სამხრეთ დასავლეთი ინგლისის ერთ-ერთი პატარა ქალაქის, თავისი ნავსადგურით ცნობილი საუთჰემპტონის სანაპიროდან იწყება. ადგილი, სადაც ლიონ ვაინჰოლის ბაბუამ ტრანსატლანტიკური თავგადასავალი ჩაიფიქრა…
ალბომის პირველივე კომპოზიცია ზუსტად გადმოსცემს მთავარი გმირის განწყობას, თავდავიწყების სურვილს, უცნობ მომავალთან შეხვედრის სიხარულს, რაც სინთეზატორის ინტერვალური პედალირებით სიზუსტითაა გადმოცემული…
მომდევნო კომპოზიციები კი, მართლაც, ჰგავს პოლაროიდის ფოტოებში აღბეჭდილ კინოს. ვაინჰოლი მეორე კომპოზიციიდან სრულიად განსხვავებულ სამყაროში მიგვიძღვის, დამუხტული ენერგეტიკის მქონე სივრცეში, სადაც შემოდის რიტმი, ტემპი, უკიდეგანო ქუჩები, უცხო, თუმცა, მთავარი გმირისთვის ახლობელი კულტურა, ადამიანები, ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები! …თუმცა, ჩემი აზრით, აკუსტიკურად ეს ყველაფერი უფრო ფონია, მუსიკოსი მთავარ გმირზე აკეთებს აქცენტს, ამ სივრცეში „შთანთქმულ“ ადამიანზე, რომელიც თითქოს გვერდიდან აკვირდება გარემოს და განიცდის ტრანსფორმაციას..
ნიშანდობლივია, რომ ვაინჰოლის ერთგული მსმენელისთვის აკუსტიკურად სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ეს ალბომი, რაც , ვფიქრობ, დასაფასებელია არტისტისთვის, რომელიც სათაურშივე მიგვანიშნებს ცვლილებებისკენ….
და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვუსმინე ალბომს, მაინც ქართული მინი რომანის გმირის, სანდრო ირემაძის, „ჩინურ დღიურში“ გაკეთებული ჩანაწერი მახსენდებოდა:
„ერთხელ სამუშაო დღის შუაში,
რომ გამოხვალ გარეთ,
რამე ტრანსპორტს შეაჯექი და
სად მიდიხარ, არ დაიბარო
გაცდი კალუნს და ლანტაუსკენ აიღე გეზი,
სამხრეთით წავა შენი გემი ჩეუნგ-ჩაუსკენ,
სადაც ბაზარზე დაფართხალებს
აქა-იქ თევზი
და სულ ნათლად ჩანს
ნაპირიდან მთელი სამყარო.“