Tune-Yards – Sketchy
გქონიათ შემთხვევა, როცა 1 ალბომს იმდენი ხანი უსმენთ, რომ რამოდენიმე კვირის შემდეგ ჩერდებით და ფიქრობთ: – აქამდე რას ვუსმენდი?
ვთვლი, რომ Tune-Yards-ის Sketchy საუკეთესო ალბომია რაც ოდესმე მომისმენია? – არა
ვთვლი, რომ Tune-Yards-ის Sketchy ის (ჯერჯერობით!) საუკეთესო ალბომია რაც 2021-ში გვჭირდება? – კი
როგორ სიღრმეებშიც არ უნდა წავიდე ამ ალბომზე და იმის ახსნა დავიწყო რატომ და რა მიზნით შეიქმნა ეს ალბომი, საბოლოოდ მაინც დარჩებით თქვენ და ეს ალბომი და მთავარი იქნება რა განცდა იყო მნიშვნელოვანი თქვენთვის;
ჩემთვის ეს ალბომი არის იდეალური დეფინიცია 2021-ის შფოთვითი აშლილობის;
გაუაზრებელი ქცევები, ინერციით მოძრაობა, ბნელი ფიქრები, დეპრესიის მზით ჩანაცვლების მცდელობები და გაურკვეველი ხასიათის ცვლილებები, ესაა ზუსტად ყოველი კომპოზიციის წყობა ჩემთვის და უფრო გულახდილი რომ ვიყო, ამის წერის დროს პიჟამოთი ვზივარ, პირში კბილის ჯაგრისით და Under Your Lip-ის მისამღერს ვღიღინებ,
I’m Alive, I’m Alive!
Jazmine Sullivan – Heaux Tales
10-11 წლის წინ როცა ჩემმა სამეგობრომ ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ იმ დროისთვის პოპულარული სერიალის Glee-სთვის დრო უნდა დაგვეთმო, წარმოდგენაც არ გვქონდა წინ რა გველოდა, მაგრამ 1 რაც აღმოვაჩინეთ იყო – საკმაოდ საინტერესო არტისტები; (მართალია, საბოლოოდ დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა მთელი პროექტი, მაგრამ ეს სხვა დროს იყოს)
ერთ-ერთ სერიალში, დღემდე მახსოვს სიმღერა Bust your Windows – რომელიც ეჭვიან და გულგატეხილ გოგონაზეა, რომელიც მზადაა თავი დაიშრამოს, მაგრამ მაინც ჩატეხოს მისი ყოფილის საყვარელი მანქანის ფანჯრები. თვალწინ თუ დაგიდგათ 2000-იანების ნებისმიერი სტერეოტიპული ქალის სახე, რომელიც გასაღებით მანქანას ხაზავს, ზუსტად მიხვდით, ეგ არის რის მიღწევას ეს სიმღერა ცდილობდა. საინტერესო ისაა, რომ ზუსტად ეს გოგონა იყო Jazmine Sullivan, რომელიც საკმაოდ მომაბეზრებელ სტერეოტიპის ნაწილი იყო, ეს იყო 2008 წელს.
2021-ის 8 იანვარს ჯაზმინმა გამოსცა ალბომი, რომელიც ამ ყველა სტერეოტიპს ეხმაურება და სხვადასხვა ქალების გადმოსახედიდან გველაპარაკება; დამოუკიდებელი ქალის კულტზე, სოციალური ქსელების ყალბ სილამაზე და ურთიერთობებში საკუთარი თავის პოზიციონირებასა თუ საკუთარი თავის დაკარვაზე.
ჩემი აზრით ჯაზმინის ეს ალბომი ტრენდის საწყისი თუ არა, საკმაოდ კარგი და ხმამაღალი გაგრძელებაა, რომელიც მატერიაზე ნაკლებად კონცენტრირებულ, ახალ და საინტერესო მუსიკოსებს წამოგვაწევს.
Witch Camp (Ghana) – I’ve Forgotten who I used to be
ალბათ ბევრი არ დავფიქრებულვართ იმაზე, რომ ახლა დროში მოგზაურობა რომ შეგვეძლოს იმ ცოდნით რაც გვაქვს და თუ ქალი ხართ, რომელსაც წარსულში მოგზაურობა უნდა, დიდი ალბათობით ცეცხლზე დაგწვავდნენ ან სხვა სადამსჯელო ფორმებს მიმართავდნენ, რადგან თქვენ იქნებოდით – დიახ, გრძნეული ე.წ Witch და მანამ სანამ Hocus Pocus -ის (1993) ყურებით თავს ვირთობთ, ამასობაში განაში აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა,
ალბომი I’ve Forgotten who I used to be კრებულია განას მოსახლეობის ქალების, რომლებსაც დააბრალეს გრძნეულობა და ამის გამო სპეციალურ დასახლებებში უწევთ თავის შეფარება.
ეს ალბომი სწორად ამ თავშესაფარშია ჩაწერილი, ამ დასახლებას თავს აფარებს ათასობით ქალი. ალბომში წარმოდგენილი სიმღერები იმპროვიზაციაა, ინსტრუმენტებად მათ გარშემო არსებული ინვენტარია გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერები ინგლისურენოვანი არაა და ტექსტების გადათრგმნა დაგჭირდებათ, ნამდვილად გირჩევთ გამოსცადოთ, მარტივი და დამატყვევებელი კომპოზიციები ნამდვილად იმსახურებს თქვეს 35 წუთიან ყურადღებას.
4AD: Bills & Aches & Blues
ლეიბლი 4AD ისეთი უმშვენიერესი არტისტების სახლია, ჩამოთვლა რომ დავიწყო, მგონი მოთხოვნილი სიტყვებს რაოდენობას გავცდები, მაგრამ მიახლოებითი წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, ამ სიას ამშვენებენ – Pixies, Cocteau Twins, Tune Yards, The Nationals, Beirut, Helado Negro, Grimes, Holly Herdon, Big Thief-სის და კიდევ უფრო მეტი და მეტი არტისტები.
2021-ში ამავე ლეიბლმა გვაჩუქა ალბომი, სადაც თავიანთ ამჟამინდელ მოქმედ არტისტებს გადაამღერებინა 4AD-ის სახელის ქვეშ გამოცემული სიმღერები (where is my mind, Song of the siren, Futurism, Genesis, Oblivion, Seabird)
ეს ალბომი ჩემს ფავორიტებში ჩაჯდება, არვიცი ლეიბლს გათვლილი ჰქონდა თუ არა, მაგრამ 2021 კარგი წელია ძველის გადასამეორებლად და ნოსტალგიის შეგრძნების გადასახედად და სწორად ეს კომპოზიციები წაგეხმარებათ მაგ საქმეში.
Django Django – Glowing in the Dark
არ ვარ დარწმუნებული, Django Django Blur-ის სიყვარულს მივსებს თუ Tv On The Radio-ს დაშლის ტკივილს მიქარწყლებს, მაგრამ ეს ის ბენდია რომელიც ნამდვილად მუდამ ზის ჩემს ფლეილისთში. თუ პირველად უსმენთ ამ ბენდს, ჩემი რჩევა იქნება 2015 წლის ალბომს Born Under Saturn-ს მოუსმინოთ,
მაგრამ არც ამ არაჩვეულებრივი ალბომით დაწყება იქნება ურიგო.
როდის მოვუსმინოთ? – უთურას რეკომენდაცია იქნება – დილით, ორშაბათს, სამსახურს სანამ დაიწყებთ.
რატომ? – რადგან უკვე წელიწადზე მეტია სახლიდან ვმუშაობ და არცერთ კომპოზიციას ავუცეკვებივარ ორშაბათს დილას ისე, როგორც Glowing in the Dark-ს.
არანაკლები მშვენებაა კომპოზიცია Waking Up სადაც Charlotte Gainsbourg-ის დამატყვევებელ ვოკალს ფონად მისდევს ნოყიერი ინსტრუმენტალი; თუ გინდათ ცოტახანი მოწყდეთ დედამიწას, მაშინ Free From Gravity-ის მოუსმინეთ და ცოტახანი თქვენს თავს უფლება მიეცით იყოთ თავისუფალი იმ აზრებისგან რომელიც
დიდი ხანია ქვევით გექაჩებათ:
Pick yourself from the gutter
No one even knew you fell
საერთო ჯამში, მთლიანი ალბომი ერთი დიდი ლამაზი ინდი მოგზაურობაა, თითქოს ძველი და თითქოს ახალი და ყველა იმ კომპონენტით რაც კარგ ალბომს სჭირდება.
ავტორი: გვანცა უთურაშვილი
Throttle Elevator Music – Final Floor
Throttle Elevator Music კამასი ვაშინგტონისა (Kamasi Washington) და ერიკ ჯეკაბსონის (Erik Jekabson) კოლაბორაციაა მეთ მონტგომერისა (Matt Montgomery) და გრეგორი ჰოუისთან (Gregory Howe). Throttle Elevator Music 2011 წლიდან 2017 წლამდე სტუდიურ კოოპერატივად არსებობდნენ.
Final Floor მეშვიდე სტუდიური ალბომია, რომელიც მოიცავს 11 კომპოზიციას, აქვს დინამიური ჯაზ ენერგია, როკისა და პანკის ელემენტებით. კომპოზიციები აქამდე გამოუცემელი სესიებიდანაა შეკრებილი და როგორც ჰოუი აღნიშნავს, ეს არის კოლექტივის საბოლოო ნება და ანდერძი.
Final Floor დიდი მუსიკალური იდეების ნაკრებია, რომელიც გასული დეკადის საერთო ჯაზ ჟღერადობებს და Throttle Elevator Music-ის ესთეტიკას გაგაცნობთ.
TOMAGA – Intimate Immensity
Intimate Immensity ლონდონელი ექსპერიმენტალური დუო – TOMAGA-ს მეექვსე ალბომია, რომელიც 26 მარტს გამოიცა Hands in a Dark რექორდსზე. Tomaga მულტი ინსტრუმენტალისტ ტომ რელინისა (Tom Relleen) და პერკუსიონისტ ვალენტინა მაგალეტტის (Valentina Magaletti) პროექტია.
ალბომი შთაგონებულია კინორეჟისორ დერეკ ჯარმენის (Derek Jarman) ფილმით Blue (1993) და ფილოსოფოსს გასტონ ბაშელარდის (Gaston Bachelard) წიგნით – The Poetics of Space. ალბომი მოიცავს 10 კომპოზიციას და გაჯერებულია ბგერითი სპექტრის მრავალფეროვნებით, რომელსაც საძირკვლად ცივი, ემბიენტური საუნდსქეიფები უდევს.
Intimate Immensity განსხვავებული განზომილებაა, რომელიც კრისტალურ სამყაროში გამოგზაურებს.
Thomas Fehlmann – Böser Herbst
Böser Herbst კომპოზიტორ თომას ფელმანის / Thomas Fehlmann სტუდიური ალბომია, რომელიც შეიქმნა დოკუმენტური ფილმისთვის (“Herbst 1929, Schatten Über Babylon”), რაც გერმანული სატელევიზიო სერიალის, ბაბილონ ბერლინის, მესამე სეზონის ისტორიული ინსაითია.
1920-იანი წლების არქივებიდან დასემპლილი ათი კომპოზიცია, გაჯერებულია ფელმანის ემბიენთ ჟღერადობებით და აბსტრაქტული ტექსტურებით. ალბომის კომპოზიციების მუსიკალური განვითარება მსგავსია, ჰიპნოტური ხმაური ქმნის რითმს და უფრო მეტად მინიმალისტურია.
კომპოზიციები, თავისი ალუზიური და ისტორიული ექოებით, რომლებიც ხმოვანი ლანდშაფტების ფენებში იშლება, შთამბეჭდავი მოსასმენია; შთამბეჭდავია, როგორც ფილმის ორგანული ნაწილი, ასევე, დამოუკიდებელი ალბომი.
ავტორი: სალომე ოთარაშვილი
Lost Girls – Menneskekollektivet
წარმოგიდგენთ დაკარგულ გოგონებს ნორვეგიიდან! ავანტ-გარდ არტისტ Jenny Hval და მულტიინსტრუმენტალისტ Håvard Volden კოლაბორაციული პროექტის სადებიუტო ალბომი Menneskekollektivet (ნორვეგიულად ადამიანების კოლექტივი) თავისუფალი, იმპროვიზაციული, ექსპერიმენტული ჟანრის ალბომია, რომელიც ძალიან მარტივად დაგაჰიპნოზებთ. ალბომი ძალიან ფამილარული ხასიათისაა და მოსმენისას დაგრჩებათ განცდა, რომ მუსიკის შექმნის პროცესს თავადაც ესწრებით.პირველი კომპოზიცია კი ასე იწყება“In the beginning there is no word and no eye, in the beginning there is sound”.
მოსმენა
Madlib – Sound Ancestors
ჰიპ-ჰოპ პროდიუსერმა, DJ, მულტიინსტრუმენტალისტმა და სხვა მრავალი წოდების მატარებელმა Otis Jackson Jr. იგივე Madlib 100 მდე დაუსრულებელი და გამოუქვეყნებელი ბითები ელექტრონულ მუსიკოს Kieran Hebden იგივე Four Tet-ს გადაუგზავნა და ბუმ, შედეგად 41 წუთიანი ალბომი მივიღეთ.ეს ის მუსიკაა, რომელიც არ იცით რომ გჭირდებათ, სანამ არ მოუსმენთ.So enjoy 😉
LEON VYNEHALL – Rare, Forever
ბრიტანელ პროდიუსერ ლეონ ვაინჰოლს ძალიან უყვარს ისტორიები, ყოველ ალბომსა და LP-ის მუდამ თან სდევდა წარსულის სენტიმენტები.
ამჯერად Rare, Forever უბრალო ექსპერიაა თანმდევი ისტორიის გარეშე.
ერთგვარი აქ და ახლა ან არსად.(now,here or nowhere) მოკლედ რომ გითხრათ ეგ სივრცეც(space) თქვენი გადასაწყვეტია, რადგან ალბომი საკმაოდ აბსტრაქტულია.
განსაკუთრებული სიმპატია “An Exhale“-ს.
ავტორი: სალომე ვარდანაშვილი
Nick Cave & Warren Ellis – Carnage
Carnage ნიკ ქეივისა და უორენ ელისის 2021 წლის სტუდიური
ალბომია, რომელიც 8 კომპოზიციას აერთიანებს. მიუხედავად იმისა,
რომ მუსიკოსებს
მრავალი საუნდტრეკზე უმუშავიათ ერთად და უორენი The Bad Seeds-
ის წევრია, მათ პირველად გამოუშვეს ახალი სიმღერების მთელი
ალბომი.
Carnage ძალიან ემოციური ალბომია, რომელშიც კარგად ჩანს ნიკ
ქეივისა და უორენ ელისის ნებივრობა ესთეტიკით, რომელიც თავად
წინა The Bad Seeds-ის ტრილოგიით შექმნეს.
Genesis Owusu – Smiling with No Teeth
Smiling with No Teeth ჯენესის ოვუსუს საკმაოდ ამბიციური და, ამავდროულად, შთამბეჭდავი სადებიუტო ალბომია. მუსიკოსი იღებს ბევრ განსხვავებულ ხმას და სტილს და შესანიშნავად აერთიანებს მათ ერთ ალბომში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯენესის ოვუსუ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანია მუსიკალურ ინდუსტრიაში.
Doohickey Cubicle- Don’t Fix Anything 😉
კანადური სინთ-პოპ დუეტს, Doohickey Cubicle-ს, ჯაზისა და ელექტრონული მუსიკის შესანიშნავი სინთეზი შემოაქვთ სადებიუტო ალბომში, Don’t Fix Anything ;), რომელიც 9 კომპოზიციისგან შედგება. რბილი ბითები, ბასი, ჰიპნოზური და მშვიდი ჟღერადობა მოსასმენად მარტივ მუსიკას ქმნის, მიუხედავად ამისა, ალბომი მუსიკალურად adventurous რჩება.
ავტორი: ლიზი მახარაძე
Floating Points, Pharoah Sanders & The London Symphony Orchestra – Promises
ბრიტანელი მუსიკოსის, პროდიუსერის, DJ-ის Sam Shepherd-ის (იგივე
Floating Points), ამერიკელი ლეგენდარული საქსაფონისტის Pharoah Sanders
და ლონდონის სიმფონიური ორკესტრის გენიალური კომპილაცია, რომელიც მისი
ყველა შესაძლო გაგებით იშვიათი ალბომია. Promisses მუსიკის
აკადემიურ-კონსერვატულ აღქმას და ექსპერიმენტულ, ელექტრონულ სტრუქტურებს
თავს ერთად უყრის და სპეციფიურ, სრულიად ახალ ხმას ქმნის. რამდენჯერმე
მოსმენის შემდეგ ალბომი “ტკბილდება”.
Armand Hammer & The Alchemist – Haram
რამდენადაც შემზარავი და თვალშისაცემია ამ ალბომის ყდა, იმდენადვე
მტკივნეული და ხმამაღალია ის თემები, რომელიც ალბომით პროტესტდება.
ნიუ-იორკელი დუო Haram-ში კაპიტალიზმის შავ ხვრელების, “აკრძალულ”
ჩვევების და ჰუმანურობის ახალ გამოწვევების შესახებ დებს მესიჯებს.
ალბომის დრამატურგია არც ერთ შემთხვევაში არ არის სტანდარტული Hip-hop, რაც კიდევ უფრო თავლშისაცემს ხდის ამ ჟანრის მოქნილობას და მასშტაბურობას სხვადასხვა მწავავე სოციალური პრობლემის მიმართ.
Haram – არაბულად: “აკრძალული”, “წმინდა”.
Arooj Aftab – “Vulture Prince”
ეს ალბომი სულ ახლახანს, 20 აპრილსდარელიზდა და მგონია, რომ ძალიან საინტერესო შეძლება იყოს მათთვის, ვისთვისაც Singer-songwriter ჟანრი აქტუალურია. Arooj Aftab ბრუკლინში, ნიუ-იორკში მოღვაწე პაკისტანელი ქალი-მუსიკოსია, რომელიც კლასიკური ვესტერნული Songwriter მიმართულებას აღმოსავლურ გამებს ძალიან გემოვნებიანად, ზომიერად და ესტეთიურად ურევს. გაზაფხულის წვიმიანი დღეებისთვის რატომაც არა?! მშვნიერია.
ავტორი: ნინო დავაძე & თინათინ მიქიაშვილი
Tomas Nordmark – Exit Ghosts
მოუსმინეთ ამერიკაში მოღვაწე სკანდინავიელ არტისტს. მისი მუსიკალური სივრცეები, მიღმიერ სამყაროში გაგიხსნით კარს.
ავტორი: თინათინ მიქიაშვილი
Sleaford mods – Spare Ribs
ბრიტანული პოსტ-პანკ დუოს XI სტუდიური ჩანაწერი საკმაოდ საინტერესოა და სოციალურად საჭირბოროტო საკითხებით არის ინსპირირებული. ჯგუფი ჩასახვიდანვე სოციალურ უსამართლობაზე და ძირითადად ბრიტანეთში მიმდინარე საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. მოცემული ალბომი ხმამაღალი და ასევე კოლექტივისგან გასაკვირად სლოუ-ტემპოც არი. თურმე ნელაც შესძლებიათ). ბრექსიტი, სნობი მმართველი პარტიის შეცდომები ,მაღლიდან ყურება და პანდემია. აი ეს თეგები წარმოადგენენ ამ პანკით ,რანტ-რეპინგითა და ფანკით გაჟღენთილი სიმპათიური ნამუშევარის მოკლე შინაარს.
Alice Phoebe Lou – Glow
ეს სამხრეთ აფრიკელი გოგო პრინცილულობის განსახიერებაა. 2014 წლის შემდეგ მან ყველა ჩამწერ კომპანიას მტკიცე უარი უთხრა. “მე არ მჭირდება , რომ ვიყო “დაცული” და არც კომერციული წარმატებისკენ ვილტვი.
Glow არის ჩამნაწერი , რომელშიც არტისტი მღერის სიყვარულზე(რისგანაც წინა 2 ალბომში თავს იკავედბა).
Paul McCartney – McCartney III Imagined
ეს ალბომი არის 70 წელს დაწყებული ტრილოგიის მესამე ნაწილის რემიქს რელიზი. ვერ ვიტყოდი, რომ ნამუშევარი სერ პოლის განსაკუთრებული,ან განსხვავებული კუთხით წარმოაჩენს. განსაკუთრებული კი ამ ალბომის კოოპერატორები ნამდვილად არიან.აქ შეკრებილი პოპ, ალტერბატიული როკის და ინდი არტისტები ნამდვილად შეშურდებოდა ნებისმიერ ფესტივალს.
ავტორი: კატიშა დაშნიანი
Cylinder Loops – Hali Palombo
ჩიკაგოელი ჰალი პალომბოს 12 კომპოზიციანი Cylinder Loops 29 იანვარს Astral Editions-ზე გამოიცა. მან ალბომისთვის კალიფორნიის უნივერსიტეტის არქივში – UCSB Cylinder Archive, დაცული 1893-1920-იანი წლების ფონოგრამები გამოიყენა.
„ჰალი პალომბოს მკვდრის გაცოცხლების უნარი აქვს. მისი ნამუშევარი ძიებაა, როგორც ტექნოლოგიაში, ასევე მუსიკაში, რომელსაც მოკლემეტრაჟიანი რადიოჩანაწერებიდან ხმის კოლაჟების შემუშავებითა და მიტოვებული ადგილებიდან გლიჩ ხელოვნების კადრებით იქმნება“. – წერს Bandcamp Weekly, კატეგორია Best Ambient Music 2021.
Demonologia – Mala Herba
პოლონელი მუსიკოსის ზოშა ჰოუბოვსკას (Mala Herba) ალბომი სახელწოდებით Demonologia გერმანულ ლეიბლზე aufnahme + wiedergabe 15 იანვარს გამოვიდა.
„Demonologia სავსეა აღმოსავლეთევროპული მუსიკის, მაგიის, ჰერბალიზმისა და დემოლოგიის ალუზიებით, რაც თანამედროვე ელექტრონულ მუსიკასთან ერთიანდება. შედეგი ჯადოქრული რიტუალის დისკოთეკის მსგავსია.“ – აფასებს მუსიკალური გამომცემლობა The Quietus.
Le Dernier Royaume – Observe since ‘98
1 იანვარს დადებული Le Denier Royaume რიგით მეოთხე სტუდიური რეპ-ალბომია, რომელის სრული პროდუსერიც Loretta Records-ის დამფუძნებლი Observe ’98-ია.
„მოტრაბახე ბითები ძველი ფრანგული პოპ ჩანაწერებისგან აღებულ სემპლებს გავს. Observe საკუთარ ბგერით მიწისქვეშა სამყაროს ისეთი MC-ებით ასახლებს, როგორებიც არიან Planet Asia, Knowledge the Pirate, Napoleon Da Legend.. აქ კი პროდუქციის სტილს ყველა ზუსტად ერგება. Le Dernier Royaume სრულყოფილად შესრულებული ალბომია, რომელსაც შექმნიდა მხოლოდ ის ჯალათი, ვის გენეტიკურ კოდშიც მუსიკა სრულადაა ათვისებული.“ – Bandcamp Daily Staff, კატეგორია Essential Releases
ავტორი: მარი ყალაბეგაშვილი
Bicep – Isles
ლონდონში ბაზირებული ჩრდილო ირლანდიური დუეტის, Bicep-ის მეორე სტუდიური ალბომი “Isles” 22 იანვარს, Ninja Tune-ზე გამოვიდა.
Electronica, Breaks, Breakbeat და UK Bass-ის ელემენტებით შემუშავებული LP, ელექტრონულ მუსიკაში წლის ერთ-ერთ უმთავრეს დაბრუნებად შეგვიძლია შევრაცხოთ. დასტურად კი, მისი მსოფლიო ჩარტებში მოწინავე პოზიციებზე (მათ შორის UK charts-ის მეორე ადგილზე) მოხვედრა და BRIT Awards-ზე ნომინირება შეგვიძლია გამოვიყენოთ.
10 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი Clara La San-თან, Julia Kent-თან და Machina-სთან კოლაბორაციებს მოიცავს. სპეციალურ იაპონურ გამოცემას კი, დამატებით კიდევ 3 ბონუს თრექი Light, Siena და Meli ახლავს.
Christian Löffler – Parallels: Shellac Reworks
გერმანელი მუსიკოსის Christian Löffler-ის ნეო-კლასიკური ელექტრონიკის ჟანრში შექმნილი LP, რომელშიც მან ბეთჰოვენის, ბახისა და შოპენის ნამუშევრები გააერთიანა, 12 თებერვალს, კლასიკური მუსიკის საკულტო ლეიბლზე Deutsche Grammophon-ზე გამოქვეყნდა.
ალბომი სადაც არტისტი 100 წლიანი ისტორიის მქონე აკუსტიკური ნიმუშების თბილ და ატმოსფერულ სიბრტყეებში გარდაქმნისა და ტრანსფორმირების იდეალურ მაგალითს იძლევა, გამოჩენილი კლასიკოსების მუსიკის ახლებურად დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს და კლასიკური და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს.
მოსმენა
Lauer – Answers 2 Trouble
დუეტი Tuff City Kids-ის წევრის, ფრანკფურტელი დიჯეისა და პროდიუსერის Phillip Lauer-ის რიგით მეოთხე სოლო ალბომი სახელწოდებით “Answers 2 Trouble” Permanent Vacation-ზე, 2 აპრილს გამოვიდა.
Gerd Janson-თან და Running Back-თან მჭიდრო თანამშრომლობის შემდეგ, ეს მისი მიუნხენურ ლეიბლზე ერთგვარი დაბრუნება და Borndom 2015-ის შემდეგ გამოცემული მეორე LP გახლდათ.
ახალი ალბომი 9 თრექისგან შედგება, რომლებშიც თითქმის ყველაფერ იმას მოისმენთ, რასაც მუსიკოსი კარიერის დაწყებიდან დღემდე, უკვე ორი ათწლეულია გვთავაზოვს.
ჰაუსის, ნიუ და იტალო დისკოს ელემენტები, აისიდისა და სინთეზატორის პარტიები და შედარებით უფრო პოპ ჟღერადობისკენ გადახრილი კოლაბორაციები, რომლის თანაავტორებად Fabrizio Mammarella, Jasnau და Dena მოგვევლინა.
ავტორი: ავთანდილ სიხარულიძე
Javier Santiago – Versus Vol. 2
სანტიეგოს Versus Vol. 2 მისივე 2018 წლის EP-ს “Versus” ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც ამჯერად უკვე ალბომის სახით გამოვიდა.
“We each have a verse in us – ready to be added to our collective human story; a truth only we can tell, recited in a poetry only we can execute. That truth makes us uniquely ourselves, given the fact that our truth comes exclusively from our personal experiences. Art enables us to channel these experiences and culminate them into stories ready to be shared for the healing in those who are ready for a word… Verses”
Anushka Chkheidze – Move 20-21
ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსი, ანუშკა ჩხეიძე CES Records-ზე მორიგ ალბომს “Move 20-21” აქვეყნებს, ეს ანუშკას მეორე რელიზია შარშანდელი “Halfie”-ის შემდეგ. ალბომი 10 კომპოზიციისგან შედგება და ატმოსფერული ელექტრონიკით არის სავსე. ანუშკამ ალბომზე პანდემიის პირობებში არსებული ჩაკეტილობის პირობებში იმუშავა და როგორც თავად აცხადებს, აქ წარმოდგენილი მუსიკა წარმოადგენს ცნობიერების მოგზაურობას დროსა და სივრცეში, ფიზიკური მოძრაობის გარეშე.
ავტორი: ნათია სართანია
Orche – An Eye To Windward
მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში, რომელშიც ბევრ ნათელ ფერს შეხვდებით. ფანტასტიკის ჟანრის საუნდტრეკები თითქოს აუჩქარებლად გვათვარიელებინებს მდიდარი, ლამაზი და სიურეალისტური სამეფოს ყოველ ადგილს. ქვიშიანი უდაბნო, ვარსკვლავებიანი ცა, ზღვა, ქარი… ყველაფერს შეხვდებით ზღაპრული ელფერით. ალბომი, რომელიც ჰოლანდიურმა ლეიბლმა Shipwrec გამოსცა ბრიტანელ ელექტრონულ მუსიკოსს Orche-ს ეკუთვნის.
Smadj – Dual
ეგზოტიკური და მულტიკულტურული ალბომი, რომელშიც ბევრ კულტურას იგრძნობთ. დომინანტი აზიაა თავისი ტრანს იდუმალებით. მიუხედავად იმისა, რომ განწყობის თვალსაზრისით ტრეკებს საერთო ცენტრი აქვთ, ყოველ მომდევნო კომპოზიციაში რაღაც მოულოდნელობა გვხვდება. ალბომში ერთმანეთთან შერწყმულია აკუსტიკური და ელექტრონული საუნდები. ავტორი ტუნისელ-ფრანგი არტისტია, რომელიც 90-იანებიდან გამოჩნდა ფრანგული მუსიკის სცენაზე.
Automatic – Signal Remixes
სიმსუბუქიდან სიმძიმეში სწრაფი ხმოვანი გადაადგილებები ალბათ Signal Remixes-ის მთავარი მომხიბვლელობაა. მარტში გამოსული ეს ალბომი ამავე ტრიოს 2019 წლის ალბომის რემიქსია. ელექტრონული საუნდები და შორიდან მჟღერი ვოკალი უცნაურად მშვიდ და თან ძალიან ენერგიულ განწყობას ქმნის. მოსმენისას აშკარად იგრძნობა, რომ ამერიკულ მუსიკასთან გვაქვს საქმე. ალბიმი Stones Throw Records-მა გამოსცა.
ავტორი: ქეთი რაზმაძე