25 დეკემბერს, Leno Records-ზე ცნობილი ქართული ბენდის, LOUDspeakers-ის ახალი ალბომი, “Pills Of Time” გამოვა. ეს კოლექტივის მეორე ალბომია, „Lighthouse“-ის შემდეგ, რომელიც 2015 წელს გამოვიდა. ახალი ჩანაწერი ბოლო წლების განმავლობაში ჩაწერილ 10 კომპოზიციას აერთიანებს.

თავდაპირველად აღნიშნული ალბომის გამოცემა პანდემიის დაწყებამდე იგეგმებოდა, თუმცა შექმნილმა ვითარებამ ჯგუფის მიზნები ცოტათი შეცვალა. Gvaji-ის ჩართულობით, ალბომის მუსიკალური სრულყოფის პროცესი უკვე დასრულებულია და მას მსმენელი 25 დეკემბერს, ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე მოისმენს.


„დრო რომ სწრაფად მიდის, ეს ცნობილი ფაქტია და დედამიწაზე ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ჩვენთვის ამის ნათელი მაგალითი ის 6 წელია, რომელიც ჩვენს სადებიუტო ალბომს “Lighthouse”-ს და მომავალ ალბომს “Pills of Time” -ს აშორებს. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს ვესტუმრეთ კონცერტით და გარდა ამისა ბევრ ისეთ ლაივზეც დავუკარით, რამაც, როგორც ჩვენი ცნობადობა, ასევე გამოცდილების დონეც აწია.

ამ ალბომში გაერთიანებულია ბოლო წლებში დაგროვილი და გამოცდილი ემოციები, რომლებიც დროის სვლასთან ერთად იცვლებოდა. პირველი ალბომის მსგავსად, ეს ალბომიც იმედთან და შეუპოვარ წინსვლასთან ასოცირდება. ცხოვრება დაბრკოლებების, პრობლემების და ბედნიერების სინთეზია. ვერ ვიტყვით, რომ დრო ყველანაირ ტკივილს კურნავს, თუმცა რასაც ბოლომდე ვერ ერევა, იმას მეტ-ნაკლებად ამსუბუქებს მაინც. მთავარია ადამიანმა  გაიაზროს სიტუაცია, არ დაკარგოს საკუთარი თავი და სწორად “იმკურნალოს”. ამ ყველაფერში კი, დამხმარედ “დროის აბები” შეიძლება მოევლინოს და თუ ეს ალბომი ერთ ადამიანს მაინც მისცემს საჭირო ემოციებს და წამლად მოევლინება, მაშინ თამამად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჩვენი და ალბომის მიზანი მიღწეულია.“

ალბომის გამოსვლამდე კი უკვე შეგიძლიათ ალბომის პირველი სინგლის, “Euphoria”-ს ოფიციალურ ჩანაწერს Youtube-ზე მოუსმინოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *