ეს საქმე ასე იყო:
27 დეკემბერს, ტელევიზორის მოხელე ანზორასთან ეკრანი დავბომბეთ. ასეთი გამოთქმაა და იმ დროის ტექნიკური რამ ილეთი – ტელეეკრანის უსაქმობისგან მიმქრალ ფერებს აცოცხლებდა. რა მაგია გახლდათ, არ ვიცი, მაგრამ ნაღდი და ამართლებდა. 29 დეკემბერს დავაყენეთ ბლოკი. ბლოკი ოთხმოცდაათიან წლებში დეციმეტრული არხების დაჭერას გულისხმობდა. დეციმეტრული არხები კი – რაღაც უცხოური მუსიკალური თუ შოუარხების. 31 დეკემებრს, იქნებოდა ასე ღამის ცხრა საათი – შუქი მოვიდა.
ჩავრთეთ ტელევიზორი.

როგორც ამერიკული საშობაო ამბების წესია, მოწითალო, მყუდრო ოთახში ქერა ბავშვები ბამბებით დათოვლილ ნაძვის გარეშემო ზუსტად ანგელოზებივით ისხდნენ და თითქმის ანგელოზებივით მღეროდნენ:
We wish you a Merry Christmas;
We wish you a Merry Christmas;
We wish you a Merry Christmas and a Happy New Year!
იმ ოთახში ფანჯარა მოჩანდა და ფანჯრიდან კიდევ – თოვა.
ბებიაჩემი გაშტერებული იჯდა და უყურებდა.

რა იყო ჩვენი ახალი წელი? – მამაჩემი ნაძალადევად გადიოდა, რომ ქათამი, რომელიც ვიცი, ძალიან, ძალიან ეცოდებოდა, დაეკლა. დედაჩემი დროდადრო ,,დუხოვკაში’’ ნამცხვარს ატრიალდება, ბაბუაჩემი კი ხაზის რადიოსთან მიმაგრებული სურათიდან – თვალებს. გადმოსული მეზობელები. დომინო, ნარდი. მერე სროლები და ადესის სმა. ამ ნელ-თბილი ყოფის სიმწარეს ბევრი ვერ გაიგებს. ტკბილი წარსულის ხალხი ხომ ვერ და ვერ და ვერც ბომბებში, ომებში და ქარიშხალებში გამოზრდილი ბავშვები მიხვდებიან. ამ ამბებს მხოლოდ ჩვენ, ოთხმოცდაათიანების საქართველოს ბავშვები შევიგრძნობთ, ვითომ მშვიდობიანი სოფლებიდან და ქალაქებიდან. ამ სინელთბილის სიტკბოს და სიმწარესაც.
ჰოდა, ბებიაჩემი იჯდა და გაშტერებული უყურებდა. უყურებდა და უცებ ჩემი სმენისთვის ახლაც კი წარმოუდგენლად, მაგრამ მაშინ ნამდვილად ცხადად, ხმა ააყოლა:
ჭრელო პეპელა, გაფრინდი ნელა,
ჭრელო პეპელა, გაფრინდი ნელა,
ჭრელო პეპელა, გაფრინდი ნელა,
დელია–რანუნიიი!

ძალიან დაბალ ხმაზე მღეროდა, თითქმის ღიღინებდა და მერე გაჩუმდა. გაჩუმდა და გაშეშდა. თვალები ისევ გაუშტერდა. და მე ჩავხედე და დავინახე მისი ბავშვობა, რომელზეც ძილის წინ მიყვებოდა. მერე მამაჩემის ბავშვობა დავინახე, მამაჩემის დიდობაც დავინახე და სიბერეც, რომელსაც ვერ მოესწრო. და დავინახე ჩემი მეზობლები და ნათესავები და მეგობრები და ჩემი თავიც და ვიგრძენი ის სიშორე და სიახლოვე იმ წითელ, მყუდრო ოთახთან, სიშორე და სიახლოვე, რომელსაც ბებიაჩემის თვალები გაჰყვიროდნენ. ვიგრძენი და მომინდა, მქონოდა ოთახი, სადაც ჩემს პატარა მეგობრებთან ვიჯდებოდი და ვიმღერებდი: ,,ჭრელო პეპელა, გაფრინდი ნელა, დელია რანუნიიი’’…

ჩემი მთავარი საშობაო თუ საახალწლო მინიატურა ეკუთვნით ნიქოზელ ბავშვებს. ეს არის სრულიად მისტიკური მღერა, რომელიც ხან არც არის მღერა, მაგრამ რაც არის – მოულოდნელად დიდია. გაცივებული, ჩახლეჩილი ხმებით, გაოცებული ხმებით, უძინარი ხმებით და უცაბედი ჩახველებით. ამას უნდა მოუსმინო და მერე დაიძინო – მართლა ანგელოზი დაგესიზმრება. მართლა და ნამდვილი. თორემ, ხომ იცით, ხან ანგელოზი გესიზმრება და ანგელოზი არ არის.

რაც შეეხება მთავარ ამბავს. ჩვენ უამრავი საკულტო საშობაო თუ საახალწლო თემატური ვიცით, ათასგვარი ვარიაციით და მაგათ ყველგან მოუსმენთ – ქუჩები, ბაღები, სუპერ-მარკეტები და ავტობუსები დაუღავალად მღერიან შლაგერებს და ძალიან ჯადოსნურია ეს ყველაფერი, გარდა რამდენიმე მცდელობისა, რომელთა შორის, ერთი აუცილებლად მერაია ქერის ეკუთვნის. მე რომ პროკურორი ვიყო, ამ სიმღერის ჩართვის გამო, რამე მსუბუქ საზოგადოებრივ სასჯელს დავაწესებდი. ჰოდა, ამიტომაც არ ვარ პროკური.

ხოლო რაც ვარ, ის რამდენიმე კომპოზიციას გთავაზობთ, სრულიად არასაშობაოდ განზრახულებს და დაწერილებს, მაგრამ ვფიქრობ ამ განწყობისებს – ზოგს მინორულს თუ მაჟორულს, ზოგს შენივთებულს ერთად.

ვინტონ მარსალისი და რიშარ გალიანო – Padam..Padam

ერთხელ ვინტონ მარსალისის კვინტეტი და რიშარ გალიანო შეიკრიბნენ და გაუდგნენ გზასა. ედიტ პიაფის და ბილი ჰოლიდეის სახელობის იყო ეს გზა და სრულიად მაგიური შეხვედრა გამოდგა. მათგან საახალწლოდ განთქმულ პადამ პადამ ს იღებს რიშარი უკვდავ ფრაზას და მეორე ხაზის ფინალში უკვე სხვაგან მიჰყავს, ოციოდე წამში ცივი ძახილით ვინტონიც მოდის და ასე უწევენ თითქმის მეორე წუთამდე, საიდანაც იწყება დიადი გაჯაზება კლასიკური ოაზისებით.

ლუი ამსტრონგი – Ochi Chernyie (Dark Eyes)

ეს ამბავი დღესასწაულის დადგომამდე 15 წუთით ადრე ჩართო ანუ მოლოდინის ბაგა-ბუგის თანამოსასმენია. შეყვანა ამსტრონგულად, ოდნავი რწევით და აჩქარება-დანელებით, მერე, გვიან კი – ბღავილი და ჩამონგრევა, საყვირის აღვირის აწყვეტა და ისე ჭენება. ასე დიდებულად ამ რუსულ რომანსს არავინ მოქცევია – თემის სრული ირონიზირება და დეკონსტრუქცია, თანაც საზეიმო ელფერით, როგორც ინსტრუმენტულ, ასე ვოკალურ დონეზე, ტექსტის სტრუქტურითაც. ხოლო ბოლოს, როგორც ლუის სჩვევია არის თქმა, რომელსაც სელინჯერის ერთი მოთხრობის სათაური უფრო მოუხდება: ,,ჭერი ასწიეთ დურგლებო!” ან ,,ნივნივები ასწიეთ ხუროებო!” – რომლის თარგმანიც უფრო გესიამოვნებათ.

მულატუ ასტატკე – Chifara

გაბმული თოკი, რომელზეც მსუბუქი როკვით გადადიხარ ერთი წლიდან მეორეში.

მულატუ ეთიოპიური ჯაზის მთავარი წმინდანია. არ ვიცი, ჯონ კოლტრეინივით ტაძარი აუგეს თუ არა, მაგრამ უტაძროდაც დიდია და ამ კომპოზიციაში ეს იოლად მოსჩანს. საქსაფონის და ვიბრაფონის მოუწყენელი დიალოგი და ზოგჯერ ბასის გრძელი ენის ჩაყოფა ამ დიალოგში – ეს არის Chitara

ტესფა-მარიამ კიდანე – Heywete

ეთიოპიური ჯაზის მეორე გურუ, სუფრაზე სადღაც შუაღამის პირველის თხუთმეტ წუთზე შემოდის. შემოდის ოდნავი თავის ქინდვრით, თავისებური ჩაყვინთვებით და ამოცურვებით. საქსაფონი, როგორც ჭიანური და თეკლე ადჰანომის კარგი ჯაზ-გიტარა. ეს საქმე სხვა ჯაზის მოყვარულებს შეიძლება ეზედაპირულოთ, მაგრამ არა – ეს Kenny G არამც და არამც არ არის. მე თუ მკითხავთ, უფრო სიდნი ბეშე, ცხადია – საყვირი ნაკლებად, უფრო საქსაფონი და საქსაფონი თითქოს კიდევ, როგორც უკვე ვთქვით, როგორც ჭიანური.

სიდნი ბეშე – Petite Fleur

ბეშე ვახსენეთ და საყვირი ხელში დაიჭირეო. გენიოსი სუფრასთან მიძინებულებს გვაფხიზლებს საკუთარი ყვავილების ქვეყანათი, რომელიც თითქოს რაღაცით ჩამოჰგავს კიდეც ჩვენსას. ეს არის ჯადოსნური და გაბმული თხრობა – ცოტა აფრო-არაბული ინტეგრალებით და დიდი დაჭიმულობით, რომელიც არ წყდება, თუნდაც დილამდე გაწელო.

ელის კოლტრეინი – Turiya and Ramakrishna

დილა მდორე უნდა იყოს. ფიქრის. მედიტაციის. ეგ კი ყველაზე კარგად კირტანს გამოსდის და კირტანის ჯაზად ქცევას ხომ – საერთოდ. შეფხიზლება – ნელი, უბახუსო. ქალი გოპალა ფორტეპიანოსთან – მზე კლავიშებიდან ამოდის. ზამთრის მზე.

Tringval Trio – Pinocchio

უკვდავ თემასთან შეთამაშება და მერე როგორი. პაინისტი მთავარ სათქმელს დიდი ოსტატობით ამზადებს და 3.30 წუთიდან მკაფიოდ ამბობს, როცა თემას საკუთრად აქცევს უცნაური ჩაქცევით. ეგეც არის ჯაზის მაგია. თანაც ახალი წლის. ოღონდ უკვე დღის, რომელიც მალე უნდა მოიღალოს და მინორულად იქცეს.

ბუგე ვესელტოფტი – O Little Town of Bethlehem

სახლში ხარ. ფიქრში ძველი წლის ცოტა ნარჩენით და ფანჯრიდან ჩანს ცა, რომელიც ჰგავს ზაფხულის ცას, მაგრამ იცი, რომ ზამთრისაა და იქ ღმერთის ყოფნას იჯერებ.

Tord Gustavsen Trio – At Home

სახლში ხარ. უკვე მსუბუქი ძველი წლისგან და გინდა რომ თოვდეს, მაგრამ არ თოვს. ძილი ახლოსაა. მხოლოდ ძილი. ცარიელი ძილი. მეტი არაფერი. ,,ჭრელო პეპელა, გაფრინდი ნელა” – ,,გარდამატარე ბედის სამძღვარი!”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *