ნინო დავაძე:

1. ერთი ქალაქის წინ დავდექით. “Welcome to the beautiful complexity” _ კეთილი ყიოს თქვენ მობრძანება კომპლექსურობის მშვენიერებაში ”. ამ ქალაქში შემოვედით.
2. ეს ტრეკი იმ პატარა ქალაქისთვის დაიწერა, სადაც ადამიანები სინქრონულად, ერთად და თანაბრად მოძრაობენ, ერთმანეთს უყურებენ, იღიმიან და არასდროს არ არღვევენ სინქრონიზაციის პრინციპებს.
3. დავვიწროვდეთ: ამ დალუპულ განსინქრონებულ ქალაქში ვიღაცას გაუჭირდა. ილაპარაკა. მოუსმინეს. ამ ქალაქში თურმე სხვა ვიბრაციაც არსებობს. “2 წუთით პატივიმივაგოთ ამ ტრაგედიის მსხვერპლს თუ შეიძლება” – ეს ადამიანი გაქრა. მაგრამ აქ არ მთავრდება ქალაქის ისტორია, ისევ ძველ, უკვე მონატრებულ ლუპის და სინქრონის დაბრუნების მცდელობამდე მივდივართ.
4. მეოთხე ტრეკისთვის უკვე დაგროვდა ისტორია. ისევ ლუპია, სევდიანი საქსაფონები, მაგრამ წუწუნა არა. აშკარაა, რომ ამ ქალაქში იმ გაჭირვებულის სიტყვები ვერ მოინელეს.
5. ბიორკის “All is full of love”-ის synth მესმის. აქ ქალაქის მისტიურ მოედანზე გავდივართ. იქ სადაც დღე ყველა მისვლას ერიდება და ღამე ყველა კუთხე დაკავებულია იმ ადამიანებით, ვისაც ოდნავ მაინც ჯერა მისტიური ენერგიის ძალაუფლების. აქ დგომა სასიამოვნო არ არის, მაგრამ აქ თუ არ დადექი გათენებული დილით ვერ ისიამოვნებ და დაიტანჯები.
6. აშკარად განსაკუთრებული ღამე გამოდგა . დილით ქალაქში ვიღაც სხვა ლუპით მოძრაობს. ქალაქი გართულდა – ფეხით მოსიარულეებმა სხვა რითმის არსებობის შესახებ გაიგეს. ერთ-ერთი ფეხით მოსიარულ უკვე ხმამაღალი და გაბედული ნაბიჯებით მოძრაობს.
7. თუ ერთი მოხდა, ნიშნავს, რომ სხვებიც მოხდება. ქალაქში ფუსფუსია და ფეხით მოსიარულეები სასოწარკვეთიები ეძებენ თავიანთ რითმს.
8. ტრანსფორმაციების ამაჟღერებელი ტრეკია. ეს მძიმე ბითი საერთოდ რა შუაში იყო?! მაგრამ ქალაქი შოკშია. ეპატიება. ქალაქის ფეხით მოსიარულეები სასოწარკვეთილების ფართის აწყობენ და მძიმე ენერგიულობით იწყებენ ცეკვას. ამ ღამის მერე ჩვეულებრივი დილა ვერ გათენდება.
9. დილა. გაგაფრთხილეთ. ფეხით მოსიარულეები სხვა რეალობაში აღმოჩნდნენ. აქტიური სიმშვიდეა. აშკარაა რომ ქალაქი ისევ იპოვის საერთო ლუპს. წინა ღამეს ეს უკვე გადაიხარშა.
10. Damn! თავიდანვე გითხარით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპლექსურების მშვენიერებაში.

ქეთი რაზმაძე:

1)ალბომის დასაწყისიდანვე ჩანს, რომ მოსმენა არის ავტორის შემოქმედების წყარო. პირველივე ტრეკში ისმის ხმების სიყვარულით სავსე, ჰარმონიული დიალოგი. ინსტრუმენტის მელოდიურ ხმას თან სდევს ნამდვილი, ბუნებრივი და ხელშეუხებელი ხმები. ტრეკი ვითარდება დამატებითი და ახალ-ახალი საუნდების საშუალებით. თითქოს იმ სამყაროს დიდი თავგადასავალია, სადაც წყალი და ჰაერი აუცილებლად არსებობს.

2) არ ველოდი ვოკალს. ტრეკის დასაწყისში ინდუსტრიული საუნდები უფრო მკვეთრია ვიდრე პირველ ტრეკში, თუმცა ჯაზური მელოდია მოულოდნელ სიამოვნებას იწვევს რუტინულ ქარხნულ საუნდებში. ამ მელოდიის განმეორებადობა უფრო და უფრო სასიამოვნო ხდება. დომინანტ ხმებს ზრდის პატარა ხმები. ეს ინტენტსიური, მგრძნობიარე და თამამი ხმის თავგადასავალია, რომელიც პარტნიორებს (სხვა ხმებს) ეძებს. კლავიშის ხმა დიჯიტალ ტრეკებში ძალიან თბილია.

3) მეტრო, ვაგზალი, ავტობუსი, ქალაქი – ეს ტრეკი ყოველდღიურობის ტემპს და პრობლემებს ასახავს. ადამიანების საუბრის ხმა ქაოტურობას ქმნის. ტექსტი არ მესმის, მაგრამ ტონი საყვედურიანია. იჩხუბეს. პაუზა, დიდი. და ჩუმი ფიქრი ერთმანეთზე, დრო ძალიან ძალიან ნელა გადის, თითქოს ხანგრძლივი განტვირთვაა საჭირო.

4) სუნთქვა, რომელიც ჩქარდება და თითქოს მალე პიკს მიაღწევს. თავიდანვე იქმნება კულმინაციის მოლოდინი. თითქოს სექსი ისმის. ერთმანეთში „შახმატურად“ ჯდება ხმები. ჩასაბერი ინსტრუმენტის ხმა ვერ გავიგე როდის შემოვიდა, ალბათ ყურადღება გამეფანტა.

5) ინდუსტრიულ ხმასთან ახლოსაა, მაგრამ თითქოს უფრო სუფთა და მოწესრიგებული. ადამიანი, ინსტრუმენტი და გარემოს ხმა. მკვეთრად გამოხატული მოულოდნელი 2-2 დარტყმა თანაც ძალიან იშვიათი, რომელიც ალბათ ყოველ 32 თვლაშია, ეფექტურობას მატებს ტრეკს.

6) ეს არის ამ ალბომის პირველი ტრეკი რომელსაც შავ, კლუბურ გარემოში გადავყავარ, სადაც არავინაა ფხიზელი. ყველაზე ხმამაღალი ტრეკია რაც აქამდე იყო, თითქოს სხვა ტრეკების გადაფარვას ხმაურით ცდილობს. ბოლოს ნელდება, მაგრამ აჩქარებულ გულს მაინც ტოვებს, გათენებულზე.

7)ტალახში ფეხით მარტო მიდის კაცი. სევდიანია. ფიქრობს, სხვადასხვა აზრები მოსდის თავში, თავდახრილია და ძირს უყურება. რაღაც იპოვა გონებაში, აზრი განავითარა, ამ აზრზე დაკვირვებით სიამოვნების ექსტაზში გადადის. გაიღიმა და იმედი გაუჩნდა, აჟიტირდა, თან სიხარულისგან ეტირება.
ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, ისეთი რო სხეულში შემოდის და გაშვება არ გინდა. ბოლოს ტალახში მიმავალი კაცი სიამოვნებისგან კვდება. ძალიან მოულოდნელად მთავრდება ტრეკი. – ეს ჩემი ფავორიტია

8)სწრაფი კაკუნი ძალიან მომზიდველია, რომლის მეგობარია სიმებიანი საკრავის ხმა. ტრეკი თითქოს მოუსვენარ ცხოვრებას ასახავს, რომელიც მუდმივ ძიებაშია. ცდილობს ქაოსი მოაწესრიგოს და სიმშვიდე ისე მოიპოვოს, რომ არაფერი დაკარგოს.

9) მეორედ კლუბში. ამჯერად არც ისე ბნელში. ეს ტრეკი გართობას მოგანდომებს. „მომრგვალებული“ ხმები ჩემთვის ძალიან შინაურს ხდის მუსიკას, თუმცა მაინც არის რაღაც უცხო რაც ძალიან მიმზიდველია. მეგობართან სახლში ყოფნას ჰგავს. – ეს მეორე ფავორიტი

10) ინტელექტუალური გზების ძიებაა, ცოტა ფილოსოფიური. თითქოს ალბომის მთავარი გმირი პოულობს ჰარმონიას და ხვდება, რომ ესაა სამყარო სადაც მოსმენა „გვამღერებს“ ჩვენც.

11) სიმშვიდე და შეგუება.

სალომე ოთარაშვილი:

ალბომის დასაწყისისთანავე პასიურ მოსმენაში გადავვარდი, წარმოსახვით სამყაროში კომპოზიციების ხატვა დავიწყე, სადაც მარტოობის და განშორების ემოციები ამოტივტივდნენ. ჩემს წარმოსახვაში ქალაქიდან შორს აღმოვჩნდი, სადაც მაყურებლის როლი მოვირგე და ვხედავდი ადამიანს, გვიან ღამით, წყლის პირას იდგა, ფიქრობდა და სციოდა. განწყობის ცვლილებები და დაბნეულობა ვიგრძენი. სიმების ხმა შფოთვას მმატებს, თუმცა განვითარებასთან ერთად მოლოდინს მიქმნის, რომ რაღაც ახალი ემოცია უნდა ვიგრძნო, რაღაც უნდა მოხდეს ისეთი, რაც ჯერ არ ვიცი. ამასობაში ისმის თოლიების ხმა დაგუდული საყვირის მსგავს ხმასთან ერთად (ეს უკვე კონტექსტის გათვალისწინებით გემის ხმაა) და შემდეგ უკვე ოპტიმისტურ განწყობას ქმნის ისევ სიმების ჟღერადობის საშუალებით. განმეორებადი ნაწილი კი მოლოდინის შეგრძნებას ამძაფრებს.
მეორე ნაწილში თავიდანვე წარმოვიდგინე ზაფხულის თბილი მზიანი დილა, როგორ იშვიათად სასიამოვნოდ მაღვიძებს მზის სხივები, ყავის სასიამოვნო სურნელი და როგორ ვუსმენ ფირფიტას, მზე მათბობს, ქალაქი ნელ-ნელა იღვიძებს. ამ სასიამოვნო შეგრძნებას ჯაზური თემები მიორმაგებს.
მესამე ნაწილიდან სახლიდან გამოვდივარ და იწყება დისონანსი.
მეოთხე ნაწილი მოძრაობით იწყება, ისმის რუტინული ხმები, თითქოს ერთი ყურსასმენი გამიფუჭდა და მხოლოდ მარცხენა ყურში მესმის ურბანული ხმაური, რაც არ მინდა გავიგო. თითქოს ციფრული მოწყობილობებიდან მესმის ხმები, რასაც მინდა გავექცე. გაქცევის შეგრძნებას ძირითადი, განმეორებადი მოტივი მაძლევს, რომელიც შფოთვას აორმაგებს, შემდეგ კი მონოტონურ ხმაში გადაიზრდება. ამის შემდეგ, უკვე იწყება არც ისე გაუსაძლისი ნაწილი, თუმცა მაინც განმეორებადი, შიგადაშიგ საქსოფონი წინა პლანზე, კლავიში და მამაკაცის განმეორებადი ოხვრა, რომელიც ბოლოს მალევე წყდება.
იწყება ახალი ეტაპი, სიბნელეში ვარ… მეხუთე ნაწილში თითქოს “თრიფი” ხმებია, იკარგები, ცოტა პანიკა, მაგრამ უცებ აზრზე მოდიხარ და გესმის ძლიერი ბითი, დინამიკთან ახლოს ხარ და გულში გირტყამს. ცდილობ, მუსიკა გაიგო, თან ცეკვავ და გინდა დაბრუნდე სიფხიზლეში. ამას, მიმძაფრებს გულის ცემა და ცოტა ყვირილის მსგავს ხმაში გადასვლა, თითქოს შინაგანი მე ყვირის.
მეექვსე ნაწილი, წვიმიან, ტალახიან სურათს მისახავს, სადაც სიბნელეში მიდიხარ და ცდილობ ყველაფერი ყურადღებით დაინახო, არ წაიქცე. გაურკვეველ ფიქრებში გართულს სასიამოვნო მუსიკა მესმის და შფოთვისგან მათავისუფლებს.
მეშვიდე ნაწილზე მაქვს ასეთი მინაწერი – ლევიტაცია. არ ვიცი, რატომ წარმოვიდგინე, ჰაერში მოცეკვავე ადამიანები, თავისუფალი, მოურგებელი ტანსაცმლით. დისკო ბურთი ტრიალებს. ყველა და ყველაფერი ჰაერშია. ყველა ერთობა, თუმცა ბოლოს მაინც სევდიანი მელოდია შემოდის.
მერვე ნაწილი, სადაც ჩიტების, ბუნების და მანტრის მსგავსი ხმა ისმის, მედიტაციურ მდგომარეობაში გადავყავარ. აქ გამახსენდა ფილმი “the fountain”, სიცოცხლის ხე და ლოტუსის პოზაში გასხივოსნებული ადამიანი. თითქოს რაღაცას შეეგუე, გადალახე შფოთვები და ნირვანას მიაღწიე.
ბოლო, მეცხრე ნაწილში უბრალოდ ლამაზი მელოდიით ვისიამოვნე. Pureness, ასეთი მინაწერი მაქვს, რაც ალბათ ვიოლინოს ბოლო აკორდმა მიკარნახა.

ვფიქრობ, საკმაოდ კარგი ალბომია, როგორც მუსიკალურად, ასევე კონტექსტიც საინტერესოა. მოსმენისას ემოციური სათქმელი კონტექსტის გარეშეც, მხოლოდ შეგრძნების დონეზე, ყველასთვის გასაგები გახდა. პირადად მე, მუსიკაზე მეტად გამიტაცა ისტორიამ, თუ რას შეიძლება გვიყვებოდეს. სანამ კონტექსტს და ისტორიას გავიგებდი, შთაბეჭდილება მქონდა, რომ შემოქმედებითი ადამიანის რუტინულ ცხოვრებაში შფოთვაა აღწერილი, მის შესაძლებლობებში გაურკვევლობა, შიში, ხოლო პოზიტიური აქცენტები, საკუთარი თავის პოვნას და გამოხატვის შესაძლებლობებს უკავშირდება.

მარიამ ტალიაშვილი:

ალბომი გადმოსცემს ცვლილებების მთელ ციკლს, 40 წუთში გავივლით სრულ ისტორიას დაბადებიდან გარდაცვალებამდე, რაღაც ახლის დასაწყისიდან დასასრულამდე. ეს სიახლე და ტრანსფორმაცია კი ისეთივე ინტენსიურია, როგორც დიდი აფეთქება.

ალბომის პირველი ტრეკი 3 წუთში გადმოსცემს ამ დიდი აფეთქების მომენტს, გვაჩვენებს ყველაფერს, რისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. კომპოზიცია იწყება სიჩუმიდან, ბუნების ხმების სრული ჰარმონიით, სიმშვიდით შტორმის წინ. მოულოდნელად ამ ჰარმონიაში შემოდის სიახლე, დაძაბულობა, რომელიც ისე იზრდება და ფეთქდება ნელნელა, როგორც სუპერნოვა. ამის შემდეგ კი ყველაფერი უფრო მშვიდი რიტმით გრძელდება და იწყება ამ სიახლესთან შეგუების, გათავისების ერა.

მთელ ალბომს გასდევს ფონად მაჯისცემა თუ საათის ისრების წიკწიკი, მთვლელი, რომელიც იცვლის რიტმს, მაგრამ მთავარია, რომ არ ჩერდება და გაიძულებს დაეწიო.

მეორე და მესამე ტრეკები იდეალურად ასრულებს მეორე და მესამე ტრეკების როლს, ანუ გვიჩვენებს ალბომის მრავალფეროვნებას, პირველი ტრეკისგან განსხვავებულობას და იმას, რომ კიდე ბევრი ცვლილებისთვის უნდა ვიყოთ მზად მომდევნო წუთებში. აქ უკვე ქაოსიდან და სიმძაფრიდან წარმოიშვება კანონზომიერი, გარდაისახება შედარებით ნელ, უფრო მარტივად პროგნოზირებად, სტაბილურ რიტმში.

მეოთხე ტრეკიდან ვხვდებით მოძრაობას, საუბარს, ფუსფუსს, რაც ჯაზური თემებითაა გამოხატული. ნელ-ნელა კომპოზიციებში შემოდის ჩასაბერი ინსტრუმენტის უნებლიე ხმები, რომლებიც თითქოს შიშზე, შფოთვასა თუ სიჩქარეზე მიგვანიშნებს. ესაა არსებობა მთელი თავისი სევდიანი მშვენიერებით: დაღლა, დაგვიანება, არეულობა. რადგან ცვლილებები, „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მომცემი“.
ბოლოს კი იკვრება ჯაჭვი და ყველაფერი უბრუნდება ლოგიკურ საწყისს, ანუ ზუსტად იმ ხმებს, ჰარმონიას და სიმშვიდეს, რომელსაც ალბომის პირველივე წამებზე ვხვდებით პირველ ტრეკში.

არტისტს არც ის ავიწყდება, რომ დასასრული რაღაც ახლის დასაწყისია და ამ დასასრულის მშვენიერებას სრულიად მოულოდნელ ბოლო კომპოზიციაში კლასიკური კლავიშითა და ვიოლინოთი გადმოსცემს.

ლიზი მახარაძე:

  რამდენიმე დღის წინ პირველად მოვუსმინე ლიონ ვაინჰოლის 2018 წლის ალბომს Nothing Is Still. ბრიტანელმა არტისტმა პირველი ალბომი თავის ბებიასა და ბაბუას მიუძღვნა, რომლებიც დაახლოებით 50 წლის წინ გაერთიანებული სამეფოდან ნიუ იორკში გადავიდნენ. Nothing Is Still სწორედ ამ მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს.

  პირველად, როცა ამ ალბომს მოვუსმინე არ ვიცოდი არც შემსრულებლის შესახებ, არც კონცეპტზე მქონდა რაიმე წარმოდგენა, თუმცა ვთვლი, რომ არც იყო საჭირო, რადგან ალბომი თავად გგიყვება ამ ამბავს.

  პირველმა ტრეკმა ჩემში ბევრი სხვადასხვა ემოცია გამოიწვია. თავიდან მოსმენისას თავი მატარებელში მეგონა, ალბათ იმიტომ, რომ პირველი რამდენიმე წუთი მუსიკასთან ერთად ფონად ისმის ადამიანების საუბარი, თითქოს ახლოდან, თუმცა სიტყვები ვერ გაარჩევ.  From The Sea/It Looms (Chapters I & II)-ის პირველი სამი წუთი შემდეგ ბითი იცვლება და ტრეკის ახალი ნაწილი იწყება. მგონია, რომ აქამდე It Looms-ს ვუსმენდი და შემდეგ იწყება From The Sea. თუმცა სანამ ეს გადასვლა მოხდება, მანამდე პანიკური შეტევიდან გამოსვლის ემოცია დამიტოვა, ყურში წუილი, რომ გესმის და დრო, რომ გაჩერებულია. დროის შეგრძნება ალბათ მე-3 წუთზე შემოსულმა ინსტრუმენტმა, თუ ბითმა გამიმძაფრა. ეს ტრეკი მშვიდად იწყება, შემდეგ რაღაც ემოციურ კულმინაციას აღწევს და მშვიდად მთავრდება. ეს მშვიდი დამთავრება კი ზღვის დახმარებით მიიღწევა: ბოლო რამდენიმე წამი მუსიკა ტალღის იმიტაციას აკეთებს. ზუსტად ეს ქმნის, ვფიქრობ, სევდიან, მაგრამ მშვიდ ემოციურ გარემოს. ასევე სწორედ ამ მომენტზე გამახსენდა ჰაიაო მიაძაკის ანიმეს, Spirited Away-ს, ერთ-ერთი სცენა, სადაც მთავარი პერსონაჟი ზღვაში მატარებელს ელოდება.

  მეორე ტრეკი პირველი რამდენიმე წამი ერნესტ ჰუდის ალბომს Neighbourhoods-ს დავუკავშირე, რადგან დასაწყისში დილის ოჯახის ხმები ისმის, თუმცა ეს მალევე იცვლება. სხვათაშორის, პირველად როცა მოვუსმინე ამ ტრეკს ჩავიწერე, რომ “ეს ტრეკი მოძრაობას საჭიროებს” და შემდეგ როცა უკვე მარტომ მოვუსმინე ალბომს ვნახე, რომ მეორე ტრეკს Movements (Chapter III) ჰქვია და ძალიან მესიამოვნა, რადგან ვიფიქრე, რომ რაღაცით გავუგე არტისტს.

  მეოთხე ტრეკზე ჩემს ჩანაწერში სულ ერთი სიტყვა მიწერია: “ფილმი.” აქ ყოველდღიურობის ხმებს ფილმის ხმა ცვლის. მგონია, რომ 50-60-იანი წლების ფილმში წყვილის საუბარი იყო გამოყენებული ფონად. ხოლო ამის შემდეგ ტრეკზე მიწერია “სამი განზომილება”, ალბათ იმიტომ, რომ სამ ნაწილად იშლება ჩემთვის ეს ტრეკი. ვფიქრობ, რომ მე-4 და მე-5 ერთმანეთს ძალიან კარგად ებმებიან. პირველი თითქოს ფილმია და მეორე თანამედროვე ფილმი, სამ განზომილებიანი.

  პირველ ოთხ ტრეკს ფონად ყოველდღიური ხმები და ხმაური გასდევს, რაც რუტინის გრძნობას გიღვიძებს და ხვდები, რომ რაღაც ამბავს გიყვება ალბომი.  თუმცა ამის შემდეგ, ანუ ალბომის შუაში ეს წყდება და სხვა მიმართულებით მიდის მუსიკა. როცა პირველად მოვუსმინე, ჩემთვის ყოველდღიურობა გაქრა და ამბავი დაიკარგა. თუმცა  მეორედ მოსმენისას მივხვდი, რომ შუა, ჩემთვის ამოვარდნილი რამდენიმე ტრეკი, ამბის ნაწილია.

  მე-7 ტრეკის დასასრულმა ძველი, 90-იანი წლების, ბლოკბასტერების დასასრული გამახსენა, რაღაც ძალიან გრანდიოზულად მთავრდება და თან უცებ, როცა არ მოელი. დაახლოებით, ძალიან დიდი ხნის დაწყებულ სამუშაოს საბოლოოდ რომ ამთავრებ მაგას ჰგავს.

  მერვე ტრეკში ერთ მომენტში მუსიკა ჩერდება, სიჩუმეა და უცებ ბითი იცვლება და ეგ ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო, არ მოველოდი. სწორედ ამ მომენტში, ძალიან მკრთალად ისმის ვიოლინოს ხმა და ეგ ვიოლინოს ნაწილი, ჩემი აზრით, პირველ რამდენიმე ტრეკს კარგად ეხმიანება და ეგ ჩემთვის სასიამოვნოა, რადგან ამგვარად ალბომი უფრო იკვრება და ერთიანი ხდება.

  მეათე ტრეკი ჩემთვის ალბათ ყველაზე საყვარელია, რადგან  გამშვიდებს და თან გულს ცოტა გიმძიმებს. ეს ტრეკი არის სასიამოვნო სევდის მნიშვნელობა. თუმცა მეათე, ჩემი აზრით, თან ალბომის ნაწილია და თან ცალკე მდგომადაც შეიძლება აღიქმებოდეს. თავიდან ვფიქრობდი, რომ მე-7 ტრეკი ალბომის ძალიან კარგი დასასრული იქნებოდა, მაგრამ მწარედ შევცდი, რადგან უკმარისობის შეგრძნებას გამოიწვევდა ამით ალბომის დამთავრება. ბოლო ტრეკი მშვიდია, მშვიდად იწყება ალბომი და მშვიდად და სევდიანად მთავრდება.

  საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ Nothing Is Still შესანიშნავი და ძალიან სასიამოვნო ალბომია. მოგითხრობს რაღაც ამბავს ავტორი და ამას აკეთებს შთამბეჭდავად. ჩემთვის აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტრონული ალბომია და სიტყვების გარეშე გაჩვენა ყველაფერი რაც გამოიარეს მოგზაურობაში ლიონ ვაინჰოლის ბებიამ და ბაბუამ. ვფიქრობ, რომ ამ ალბომის სახით ახალი თანამგზავრი გავიჩინე.

თაკო თინიკაშვილი:

ალბომის დასაწყისშივე ჩანს,რომ წინ დიდი თავგადასავალი გველის. ის თავგადასავალი, რომელიც ამავე ალბომის უკან დგას და გვიყვება ისტორიას, რაც საფუძველია იმისა, რომ ჩვენ 40 წუთიანი, ემოციებითა და განცდებით,ჰარმონიით,სიმშვიდით,ქაოსით,სიცილით,ტირილით,ბედნიერებითა თუ უბედურებით სავსე ამბავი გველის. ანუ,წინ გველის ცხოვრება, რომელიც ავტორმა ჩატია ამ 40 წუთში და,რაც უნდა გასაკვირი იყოს,ეს დრო სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ჩვენი ამაღელვებელი და,ამავდროულად,დამამშვიდებელი თავგადასავლისთვის.

თითქოს შუა ზღვაში დგახარ, ემოციებით სავსე ზღვაში. ალბომის განმავლობაში,ხან იძირები,ხან ტივტივებ,ხან ხტუნავ ზედ და შემდეგ ცეკვავ კიდეც. გააჩნია,ცხოვრების რომელ ეტაპს გადიხარ მუსიკის იმ მომენტში.
ეს ალბომიც,ცხოვრებასავით აღმავალ-დაღმავალია. ყველაფერს განიცდი,რაც აუცილებელია რომ არსებობის განმავლობაში განიცადო. გვიჩენს კითხვებს,რომლებზეც პასუხი არ გვაქვს, ან არ არსებობს.
თითქოს მუდმივ ქაოსში ხარ, მაგრამ ეს ყოფა იმდენად სასიამოვნოა,რომ არ გახსოვს,როგორი იყო შენი ცხოვრება ქაოსის გარეშე.

ალბომის ბოლოს იმედით ივსები. გაზაფხულის მშვიდ საღამოს სახლის გზას მიუყვები,ჩიტები გაცილებენ. ცა ოქროსფერ-ცეცხლისფერ-წითელ ფერებშია მოხატული და თბილი სიო თმას ოდნავ გირხევს.
აი, მიაღწიე სახლამდეც. დაიღალე საკუთარ თავთან ბრძოლით და,დროა,რომ დაიძინო. ბედნიერი ხარ, რადგან შემდეგი 8 საათის განმავლობაში ვეღარაფერს იგრძნობ.
თუმცა,იცი,რომ ხვალ ისევ ბრძოლის ველზე გადიხარ. იცი,რომ ისევ იგივე განმეორდება. ეს სევდა ხომ უსასრულოა.
თითქოს იცი,რომ გზაც უსასრულოა, მაგრამ შენი ქალაქის ბოლოს მთავრდება.

სალო ვარდანაშვილი:

 The Album that tells a story
მუსიკის მოსმენისას სულიერი სიმშვიდე მოგიპოვებიათ?
გამოუძევებიხართ ედემიდან?
მზის სხივებთან ერთად ბრიზი მოგფერებიათ სახეზე?
გიფრენიათ თოლია ჯონათანის მხარდამხარ?
აღმოჩენილხართ ინდუსტრიულ ქაოსში?
გიგრძვნიათ ყველაზე ძვირფასი მოგონების სუნი?
არამატერიალური ექსტაზი გაგისინჯავთ?
და ბოლოს, ალბომის მოსმენა, გაოცებულს, სევდა ნარევი ღიმილით დაგისრულებიათ?

Leon Vynehall-ის 2018 წლის ალბომი „Nothing Is Still“ მსმენელს ერთ დიდ, გასაოცარ, ემოციურ მოგზაურობას ჰპირდება.

Ambient House, Nu Jazz, Experimental, Instrumental-ის ეს დაბალანსებული ნაზავი, 10 ტრეკისგან შედგება, რომლებიც კორტიზოლებისა და ენდორფინების კორიანტელს დაუდებს სათავეს თქვენს ნერვულ სისტემაში. სამსარადან ნირვანაში გაგიყვანთ და ისე , რომ ვერც შეამჩნევთ ისევ უკან დაგაბრუნებთ. კომფორტისა და დისკომფორტის ამ ჭიდილში, ხმაურიანი მეგაპოლისიდან -ედემში გადაინაცვლებთ, იქიდან კლუბში შეირბენთ და ბოლოს შეიძლება დილით მზის ამოსვლას სანაპიროზე შეეგებოთ, თოლიების თანხლებით.

შფოთვისა და სიმშვიდის ეს მშვენიერი ნაზავი, რაღაც ახალსაც გვპირდება და თან მელანქოლიურ-ნოსტალგიური ელფერიც დაკრავს.


მოკლედ რომ ვთქვათ ერთი გემრიელი კოგნიტური დისონანსია.
ალბომის აბსტრაქტულობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი გონება და ემოციური მხარე რასაც გასწვდება ნებისმიერი ადგილი თუ მოგონება მოვინახულოთ.

მაგრამ ალბომს მაინც გასდევს საერთო ნარატივი, რასაც ალბათ ყველა მსმენელის ყური დაიჭერს. ეს არის ისტორია გზაზე.
Someone’s on the Road 🙂

ხოლო თუ ვინ არის გზაზე და საით მიემართება, ეს უკვე თქვენი ფანტაზიისთვის მომინდია.

თამთა გვარლიანი:

1.       ინტროში პირველივე წამებზე ჩამესმა რედიოჰედის daydreaming ის პირველი წამები.

ანარეკლივით, რომელიც გაძლიერებულია სიმებიანი ინსტრუმენტებით.

ნელნელა სწორდება ფოკუსი, ვხვდებირ რომ გამოვედი იმ პირველი შთაბეჭდილებიდან, სხვაგან მივყავარ ამოწეულ მოტივს, რომელიც თავის თავს იმეორებს, კარგად რომ გაჯდეს, უნდა რომ არ დამავიწყდეს ვინ არის. სანამ ამაჩქარებენ ვიტრიალო ჩემთვის … მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ ….სანამ დამაჩქარებენ ვიტრიალო ჩემთვის… ვიტრიალო… ვიტრიალო… აი მგონი მსვამენ თვლაში, ნამეტანი მოგივიდაო… მაგრამ ძალიან ცოტა ხნით!  მოულოდნელად, პომპეზური აკორდები სუნთქვითი პაუზებით იკავებენ მთელ სივრცეს და ელექტრონული თოლიები მიმაცილებენ სადღაც. ვაჰ რა ნაცნობია აქაურობა. როგორ მეცნობა ეს ადგილი?! ააჰ საკამოტო!  არის ამ მონაკვეთში რაღაც საკამოტოსეული.  ჰარმონიულ ბადეს ედება მაღალი სიხშირის ვიოლინოების ხმა და საქსაფონი შემოდის გაუბედავად, რამდენიმე ფრაზით

2.       ვინ ჩაიარა ნეტა გულიდან ამოსროლილი სიმღერით. .. პატარა ბნელი ბარი, აბა ვინ უკრავს დღეს. ერთი თეთრი, ნახევრად მშრალი ღვინო თუ შეიძლება… რა სასიამოვნოდ დიალოგი აქვთ ამ ჩასაბერებს. იქ ვიღაც მესაყვირე ახურებს ინსტრუმენტს შიგადაშიგ. პიანისტის სოლო შეეჭრა საქსაფონების მშვიდ საუბარს და არ გამოუვიდა მთლად ძალიან საინტერესო საუბარი, მგონი მიხვდა და მალევე გაიძურწა.  ჩასაბერების დუეტი ისევ შეხმატკბილებულად გაგრძელდა.

3.       ხალხმა იმატა ქუჩაში, მონოტონური ბასი არეგულირებს მათ გულისცემას. პაუზა აქ მეგონა რომ ახალი თრექი დაიწყო და მგონი არა, უბრალოდ პაუზა იყო ? 11:29

ბარის კუთხეში პატარა შავთეთრ ტელევიზორში ინტერვიუა ხმამაღლა ჩართული. არ მესმის რას ამბობს, ძალიან მეცნობა ხმა…ინტერვიუ დაეკიდა ერთ აკორდზე, მგონი ითარგმნება სხვებისთვის სიგნალებად, უცხოპლანეტელებმა რომ გაიგონ. მე ვერ გავიგე რას საუბრობდნენ მარა მერე რა, მთავარია იმათმა გაიგონ კაცო

4.       რაღაც აჭარულივით შემოიპარა ეს თრექი. სუხიშვილების ახალ პროგრამას დააკვდებოდა, ფანტასტიურად იცეკვება, ტე ლო ხურო, ილიკო! ცოტა დაღლილი, ზარმაცი ჩაკვრები. რომანტიულ – მოდუნებული საქსაფონი დასაძინებლად უშვებს მოცეკვავეებს და ბოლოს ყველა ელვისებურად ჩაითრია ძილმა.

5.       ისევ ასოციაციები. Electric counterpoint გამახსენდა . ეს ალაგალაგ ჩამორტყმული წყვილი ბას დრამი მგონია რომ მეზობლის ბავშვმა ჩაუდო.  მოულოდნელი სასიამოვნო გაშლა ადამიანის ხმების, რომლებიც ნელნელა ისე ათამაშდა როომ ბზუილში გადავიდა და ამ ხმაზე გაიღვიძა დაბ მონსტრმა, რომელმაც კი შეიბრუნა ძილი მარა ხვრინავს საშინლად. ფუტკრები დაიშალნენ, თუმცა ერთი გმირი ფუტკარი ბოლომდე შემორჩა.

6.       აეროპორტთან ვცხოვრობ. ნეტა ვინ გაფრინდა სპეც. რეისით. გარეთ ისევ მიმოზა დადის წინ და უკან. გუშინ იწვიმა და პატარა გუბეა სახლის წინ, იქ დაჭყლაპუნობს. თან მძიმედ სუნთაქვს. ნეტა როდის დაიღლება.  გავიზმორე, ცოტა თავბრუ დამეხვა, ვიღვიძებ ნელ-ნელა.

 აი აქ ველოდები რომ დაიწყება რამე რეჩიტატივი 25 :40. ძალიან მინდა ვისაუბრო, თან ვიზმორები აუჩქარებლად, ეს ვიოლინოებია თუ უბრალოდ ცივი წყალი შევიშხაპუნე სახეზე . ხმას რატო არ იღებ, ძალიან საჭიროა აქ ადამიანის ან სიმღერა ან საუბარი. კაი ხო, ყავას ვიკეთებ. უცებ სიმებიანი საკრავები შემოიჭრნენ ერთიმეორის მიყოლებით გონებაში დღის გეგმებივით, რამდენი გეგმაა ღმერთო, რამეს თუ გამოვიტან აქედან. არ იმღერა … ☹

7.       რაღაც ქარხანაა ეს. მგონი სამკერვალო. საკერავი მანქანების კაკუნი, აქვეა მექანიკური საკერავი მანქანებიც, ფეხი რომ უნდა დააჭირო და ისე ამუშავო.  საინტერესო ხმა აქვთ. ეს ტანსაცმელი სადღაც მიდის ლიანდაგით, იქვე მოდელები დგანან და იცმევენ და გადადიან  სხვა ოთახში. ვაა რა ხდება აქ, ამ ოთახში, ჩვენებაა. აქ ნეტა ახალი თრექი ხო არ დაიწყო ? იდეა ისაა რომ იკერება და ეგრევე გადმოაქვთ ჩვენებაზე თურმე. მერე ისევ უკან ვბრუნდებით სამკერვალოში, დაღამდა, მკერავებს ჩაეძინათ მანქანებზე თავჩამოდებულებს.

8.       ბნელდება. ზღვა არის მშვიდი. ნელა შევცურე და ზურგზე დავწექი. ვტივტივებ. უფრო და უფრო მუქდება ყველაფერი. ვეღარ ვარჩევ ზღვას და ცას. ერთ დიდ უკუნეთ სივრცედ იქცა ყველაფერი და მე ვტივტივებ ზღვაზე თუ ცაში, აღარ ვიცი. არაფერი არ მთავრდება, არც არაფერი იწყება. მე ვტივტივებ, ზღვაზე თუ ცაში?

9.       ამ მიყრუებულ გვირაბში საიდან გაჩნდა ეს პიანინო? მოდი დავუკრავ. მომწონს. ისევ ხვრინავს ვიღაცა. თოლიებმა გადაიფრინეს? ვიოლინოები  უყვებიან ერთმანეთს სიზმარს. ნამდვილ ამბავზე გადაღებული ფილმების ბოლოს რომ რეალური კადრებია დართული, ეგ მომენტია.

სოფი სირაძე:

ლიონ ვაინჰოლის ალბომი, “nothing is still” პირველად ყოველგვარი ბექგრაუნდის გარეშე მოვისმინე და ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს დაკარგულ ოაზისში ვიმოგზაურე, სადაც თოლიებისა და ტალღების ხმას პერიოდულად ურბანული ხმაური ანაცვლებდა. რა თქმა უნდა ალბომის ისევ მოსმენის სურვილი გამიჩნდა, თითქოს რაღაც ნაწილი მივიღე, დარჩენილმა ნაწილმა კი სიცარიელის შეგრძნება დამიტოვა.

Nothing is still ვაინჰოლის შემოქმედებიდან უდაოდ ერთ-ერთი გამორჩეული და განსხვავებული ალბომია. არტისტი ამჯერად თითქოს დენსფლორის მიღმა გადადის და თავისი შემოქმედებითობის სრულიად სხვა მხარეს გვაჩვენებს, რომელშიც ემოციების ბევრად უფრო ფართო სპექტრია, ბევრად კომპლექსურიც არის და უფრო დიდ მნიშვნელობას ატარებს, ვიდრე მაგალითად 2016 წლის ალბომ Rojus (designed to dance), რომელიც ვაინჰოლმა აღწერა, როგორც
“functional club music”. იგივეს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ Nothing is still-s, რომელიც ბრიტანელმა პროდიუსერმა თავის წინაპრებს მიუძღვნა. ინსპირაციის წყაროც სწორედ მათი მოგზაურობა იყო გაერთიანებული სამეფოდან ნიუ იორკში, 50 წლის წინ.

ალბომის დასაწყისი მშვიდი, ბუნების ხმებით გაჟღენთილია. პირველი კომპოზიცია “From The Sea/It Looms (Chapters I & II)” ვოიაჟის დასაწყისს გავს,
შეგიძლიათ თვალები დახუჭოთ და ბოლომდე გადაეშვათ დედამიწის ხმებში.
მეორე კომპოზიციიდან “Movements (Chapter III)” შემოდის ჯაზის ელემენტები. ნაზ კლავიშებს ფონად საქსაფონის რბილი მელოდიურობა მიყვება, რასაც ანაცვლებს ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ხმები, შიგადაშიგ ჩართული დიალოგებით თუ მონოლოგებით, რაც ოჯახთან, თბილ ემოციებსა და სიმშვიდესთან ასოცირდება.

მაჟორული ხასიათის “Birds on the tarmac (footnote III)’-s დიალოგი ცვლის, და შემდეგ ისევ იწყება სიმშვიდე და მელანქოლოა ერთად. დასასრულისკენ ამაღლებული ნოტები კი თითქოს იქ ჩერდება, სადაც მას ყველაზე ნაკლებად ველოდებით. ეს კომპოზიცია გავს დაუსრულებელ ამბავს, რომლის გაგრძელებაც ჩვენივე წარმოსახვაში უნდა ვიპოვოთ.

ალბომის მეორე ნაწილი, რომელიც კომპოზიციით “Trouble – Parts I, II, III (chapter V) იწყება, ფანჯარას მაგონებს, რომელსაც ახალ სამყაროში გადავყავართ. ემოციები იცვლება, უფრო მძაფრი ხდება. წინა ტრეკებისგან განსხვავებით, ეს ტრეკი დაძაბული და ხმაურიანია. თითქოს ზღვისპირა ვოიაჟი მორჩა და ჩვენთვის უცნობ პორტალში შევდივართ.

კომპოზიციით “ice cream (chapret V), არტისტი ალბომის პირვანდელ ჰარმონიულობაში გვაბრუნებს. აქ თითქოს გვახსენდება, რომ ნებისმიერ პორტალში შეიძლება იყოს ფანჯარა, სხვა სამყაროსთან დამაკავშირებელი, საიდანაც ისევ ისმის ჩიტების ჭიკჭიკი.

Nothing is still განსაკუთრებით სასიამოვნო მოსასმენია, თუ ურბანული ქაოისდან ცოტა ხნით მაინც გადაწყვეტთ გაქცევას ბუნებაში, სადაც ალბომის განწობა უკვე გარესამყაროსთანაც ჰარმონიაში ექცევა.

ქუჯი ტაბაღუა:

ეს ალბომი სწორედ მათთვის არის ვისთვისაც მნიშვნელოვანია სულიერი ზრდა, თავგადასავალი, ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპზე გასვლა და არა მხოლოდ მეორე…
პირველი ტრეკის დაწყებისთანავე თავის ტკივილი მომეხსნა, რაც სინამდვილეში არ მაწუხებდა….უცნაურია, მაგრამ სასიამოვნო. სასიამოვნო, მაგრამ სევდიანი, მელანქოლიური და ამადვდროულად ნოსტალგიური. სწორედ ნოსტალგიის, სულიერი ზრდის დაუოკებელი სურვილის და თავგადასავლების მაძიებელი სულის კოლაბორაციის შედეგი იყო ლიონ ვაინჰოლის “nothing is still” ალბომის დაწერა.
როცა პირველად მოვისმინე, არანაირ ინფორმაციას ვფლობდი ალბომის, არტისტის, ჟანრის თუ დროის შესახებ, როცა ეს ალბომი დაიწერა. მუსიკის ტექნიკურ მხარეს დროებით რომ თავი დავანებოთ, მინდა მოკლედ გიამბოთ იმ ისტორიის შესახებ რაც თვალების დახუჭვისთანავე წარმომიდგა. ეს იყო შავკანიანი ადამიანის ემანსიპაცია საზოგადოებაში, და ამ ეტაპის შემდეგი ეტაპის – შინაგანი კომპლექსის და დაძაბულობის მოხსნის პროცესი. ბევრი ბრძოლის და თავგადასავლების შემდეგ შავკანიანი “ X “ ადამიანი იმარჯვებს საკუთარ თავზე და სასურველ შედეგს აღწევს. მაგრამ აქ მთავარი შედეგის დადგომა არ არის, ყველაზე საინტერესო ის პროცესია რა პროცესიც შედეგის დადგომამდე გაიარა….
ბევრ ლაპარაკს არ გავაგრძელებ….ისიამოვნეთ <3
პს. ნამდვილი ისტორია ძალიან ახლოს არის ჩემს ისტორიასთან – ერთი კონტინენტიდან მეორე კონტინენტზე გადასვლა, შფოთი, ნერვიულობა, წინსვლის დაუოკებელი სურვილი და თავისუფალი სული.
მუსიკის ტექნიკურ მხარეზე საუბარი ზედმეტი იქნება.
მადლობა ნახვამდის :დ

ლუკა ჭანუკვაძე:
აწეწილი სიზმარი, რომელშიც ყველაფერი ხდება, ეს ასოციაცია მქონდა, როცა პირვრლად მოვუსმინე leon wynehall – ის 2018 წელს გამოცემულ ალბომს “nothing is still”.

ლეონი ალბომით მოგზაურობის ისტორიას ყვება და ამას იმდენად კარგად აკეთებს, რომ ერთ ოთახში რომ ოცი კაცი დასვა და ამ ათ კომპოზიციან ალბომს მოასმენინო 20-ივეს გაუჩნდება ასოციაცია მოგზაურობის ან გზაზე ყოფნის.
გზაზე ყოფნას კი შეიძლება ქონდეს პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობა.

მშვიდი და ქაოტური, მსუბუქად სევდიანი და აღმაფრენი. ტრეკები ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც ჟანრობრივად ასევე ხასიათობრივად და ვფიქრობ ეს ალბომს განსაკუთრებულს ხდის. მიუხედავად განსხვავებულობისა კომპოზიციები ერთმანეთს კარგად ეხმიანებიან.

ალბომიდან კონკრეტულ კომპოზიციას ვერ გამოვარჩევდი, ის უბრალოდ ერთი მთლიანობაა რომელიც კონკრეტულ ისტორიას ყვება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *