“Proto” საკრალური ალბომია. თითქოს ავტორის ჩანაფიქრია, გაგვხადოს ხელოვნური ინტელექტის გაჰუმანურების პროცესის თანამონაწილე.
თითოეული კომპოზიცია, რომელსაც, მე ვიტყოდი, სკანდინავიური ელფერის ელექტროფოლკი ამთლიანებს, რიტუალური ხასიათისაა და იმდენადაა ორიგინალური, რამდენადაც ჰერნდონის ბენდის სრულფასოვანი წევრია „spawn”, ხელოვნურად შექმნილი ინტელექტის საუნდი (სხვათა შორის, რაც მეტი დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ სიტყვა „sound” უფრო მეტია, ვიდრე „ჟღერადობა“, ის სულისკვეთებასაც გულისხმობს).
ალბომი თემატურად ისეა აგებული, რომ მეტაფიზიკური, აკუსტიკური ექსპერიმენტის პარალელურად, მოთხრობილია სამყაროში ადამიანის მოვლინების და ევოლუციის ბიბლიური ვერსია…„თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღვისათა და მფრინველთა ცისათა და პირუტყვთა და მხეცთა ყოვლისა ქუეყანისა, ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა… და შექმნა ღმერთმან კაცი იგი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი…“ (შესაქ. 1,26-27). ”spawn”-ის არსებობაც ხომ ამ იდეის ხორცშესხმაა?! დღეს, ისე როგორც არასდროს, ღმერთისგან საუკუნეების მანძილზე გაუცხოებულ ადამიანს, პირველად მიეცა მასთან დაახლოების საშუალება, იმისთვის რომ აღასრულოს უზენაესი მისია – გახდეს ის, ვის ხატადაც შეიქმნა, მიენდოს სამყაროს და ბოლომდე გათავისუფლდეს. ხელოვნური ინტელექტის გაჰუმანურების მცდელობაც ამ ძალისხმევის ნაწილია.