ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის OPN (oneohtrix point never) aka Daniel Lopatin ბოლო ათწლეულის მანძილზე, ალბათ, ყველაზე თვალსაჩინო éლექტროარტისიტია, რომლის მნიშვნელობაც და გავლენაც თანამედროვე შემსრულებლებზე სულ უფრო მზარდია, თუმცა ჩემ შემთხვევაში “point never“ (ჰო, ასე დავარქვი პირველივე მოსმენიდან, აღფრთოვანების გამოსახატად, შინაურულად და სინამდვილეში ასეცაა ცნობილი) რამდენიმე დღის წინ კომპოზიციით “сryo” (ალბომიდან „R+Seven”) გაჩნდა ჩემ (მუსიკალურ) ცნობიერებაში და ვგრძნობ, სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი.

ალბომში „R Plus Seven” MIDI (Musical Instrument Digital Interface), VST (Virtual Studio Technology) ინსტრუმენტების სინთეთიკურ ხმოვანებას (ღმერთო ჩემო! არც კი ვიცი ეს ყველაფერი როგორ გამოიყურება!) აკუსტიკურ ლაბირინთში შევყავართ, რომელსაც თითქოს ვერც ვერასდროს დაეხსნები. ალბომის ნებისმიერი კომპოზიციის ხმოვანება წინააღმდეგობრივია, მოულოდნელი განვითარებებით, სადაც ბგერები თითქოს შემთხვევითი შერჩევით ენაცვლება ერთმანეთს. მეტიც, ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები კომპოზიცია “cryo”, თამაშში, ბგერების ლაბირინთში დაკარგული მსმენელისთვის, ემოციურადაც იმდენად ინტენსიური ხდება, რომ შეუცნობელი მშობლიურობის განცდა გეუფლება…გარკვეული სიმყუდროვის, რომელშიც გინდა „გაიყინო“.

აქამდე, თუკი ოდესმე, 2000-იანი წლების მიწურულს, მთხოვდნენ წარმომედგინა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო, 21-ე საუკუნის 20-იანი წლების კლასიკური მუსიკა, ალბათ ყველაზე ახლოს ჩემ წარმოდგენასთან ლოპატინის „R Plus Seven” იქნებოდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *