მუსიკის მოსმენისას, მითუმეტეს მაშინ თუ ის ჩვენი გულისკენ პირდაპირ გზას პოულობს, არ ვფიქრობთ, რამდენი დრო დახარჯეს მათზე არტისტებმა, რამდენი იფიქრეს მუსიკაზე, ტექსტებზე, ეპითეტებზე, რითმაზე. თითოეული ასეთი კომპოზიციის უკან უზარმაზარი შრომა დგას.
თათია ქორთუა ბერლინში მოღვაწე მუსიკოსი და ვოკალის პედაგოგია. იგი ამჟამად ახალ ალბომზე მუშაობს.
თათია, მოგვიყევი ალბომზე…
ალბომის თითქმის მზად არის. ძალიან დიდი დრო დავუთმე მუშაობას სიმღერების ტექსტებზე, რომლებიც ჩემს ამბებს გადმოსცემს. ტექსტები ინგლისურადაა, ბევრი ვიმუშავე მეტაფორებზე და რითმაზე. სიმღერეზე ძირითადად მარტო ვმუშაობ. ხანდახან საათობით ვეძებ დრამის ერთ ,,ქიქს’’. გავიარე მიქსინგის კურსებიც, რათა საკუთარ ნამუშევრებზე გადაწყვეტილებები მე მინდა მივიღო. ვარჩევ ინსტრუმენტებს. ეს მთელი კრეატიული პროცესია. მოლაპარაკება მაქვს ლეიბლთანაც. კომპოზიციებს შემდეგ ვუგზავნი ჩემს მეგობარ მუსიკოსს ირაკლი სანაიას, რომელიც თავის სტუდიაშივე ამუშავებს ტექნიკურად და ასევე უკრავს ცოცხალ ინსტრუმენტებზე და ძალიან საინტერესო ვერსიებს მიგზავნი ხოლმე.
რატომ გადაწყვიტე განათლება გერმანიაში მიგეღო?
ზოგადად, გერმანია ძალიან სტუდენტმოყვარე ქვეყანაა. უცხოეთში ცხოვრების გამოცდილება კი ძალიან მნიშვნელოვანია. ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე. მაშინ არ მქონდა წვდომა არც მუსიკასთან და არც პედაგოგებთან. სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ბავშვობაში შემეძინა ის უნარები, რაც შემდეგ შევიძინე და ამან დროც დამაკარგვინა. ზუგდიდან თბილისში წავედი, თუმცა არც იქ იყო შესაძლებელი კომპლექსური ცოდნა მიმეღო. ამიტომაც ავირჩიე გერმანია და ფრაიურგში დავამთავრე მეცნიერებათა და ხელოვნების ბაკალავრი, პოპულარული მუსიკის ფაკლუტეტი პედაგოგიკის განხრით. ეს კი ჩემმა მუსიკისადმი დაუოკებელმა ვნებამ განაპირობა.
რა შესაძლებლობებს გაძლევს ბერლინი?
აქ პანდემიის დროს გადმოვედი. როცა უკვე ივენთებიც აღარ ტარდებოდა. თუმცა მაინც შევძელი, ადამიანები გამეცნო. რისი შესაძლებლობაც ფრაიბურგში არ მქონდა. სოციალიზაცია და კონტაქტები უფრო ზრდის შანსს დაუკავშირდე შენთვის სასურველ ლეიბლსაც. ბერლინი ძალიან ბევრი შესაძლებლობას მაძლევს, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული დღე მკაცრად გაწერილი მაქვს და ცოტა დრო მრჩება გართობისა და დასვენებისთვის.
რა უნარებია საჭირო მუსიკოსისთვის?
ზოგადად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს. ეს ერთგვარი უნარების ერთობლიობაა. უნივერსიტეტებშიც მენტორები ხშირად ფიქრობენ რა უნდა იყოს კირუკულუმი, რა უნდა იცოდეს სტუდენტმა, რა უნდა გააკეთოს სასწავებელმა, რათა მოამზადოს მოსწავლე იმ ინდუსტრიისთვის, რომელიც ელვის სისწრაფით ვითარდება. ხშირად ვფიქრობ ამაზე მეც, რადგან მეც ვასწავლი. ვიცი როგორია, არ გყავდეს მენტორი. ამ ყველაფერზე ხშირად ვფიქრობ და მომავალში მინდა დავეხმარო სხვას, როგორ იპოვოს შუალედი აკადემიურ ცოდნასა და ინტუიციას შორის. მიხვდეს რა უნარები სჭირდება მას. ამ ეტაპზე მე ვწერ მუსიკას, მე ვზრუნავ მიქსინგზე, ტექნიკურ მხარეზე, იმიჯზე, გაყიდვაზე და ყველაფერ იმაზე, რაზეც ბევრი ადამიანი მუშაობს. რა თქმა უნდა, ყველაფრის ცოდნა ძალიან რთულია.
შენი გამოცდილება რომ გაგვიზიარო….
ჩემი გამოცდილებით დამწყებ არტისტებს ვურჩევ მოგზაურობას, სხვა ქვეყანაში თუნდაც მცირე ხნით ცხოვრებას, ბევრი მუსიკის წერას და ფიდბექზე ნაკლებ ორიენტირებულობას. ეს არაა მთავარი. მთავარია ვუსმინოთ მუსიკას, განათლება არაფორმალურიც შეიძლება იყოს და სწორედ ამიტომ, ჩვენი საყვარელი ბენდები ხშირად ყველაზე დიდი მასწავლელები აღმოჩნდებიან. მათი მოსმენით და თუნდაც დაკოპირებით ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ვისურვებდი საქართველოშიც იყოს ისეთივე მუსიკალური სასწავლებლები, რომელიც ყველა ასაკის ადამიანს, დაწყებული სკოლამდელი ასაკის ბავშვით, დამთავრებული თინეიჯერებით, ვინც უნივერსიტეტისთვის ემზადება, შესაბამის განათლებას შესთავაზებს. ასეთ საგანმანათლებლო პროცესში მეც დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი.
თუ გაინტერესებთ გერმანიაში განათლების მიღება, ან თვითგანათლება, რჩევები, ზოგადად სიმღერის, მუსიკის შექმნის პროცესის შესახებ, შეგიძლიათ მისწეროთ თათიას ინსტაგრამზე.