Kanye West მუსიკოსების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის შემოქმედების აღსაქმელად მარტო მუსიკალური გემოვნება არ არის საკმარისი. მისი რიგით მეექვსე ალბომის “Yeezus” პირველად მოსმენის შემდეგ შთაბეჭდილებებზე რომ შევჯერებულიყავი, სავარაუდოდ მხოლოდ ღმერთზე, რასიზმზე და გენიტალიებზე ნამღერი ტექსტები დამამახსოვრდებოდა. თუმცა, მისი განვლილი გზების გაცნობის შემდეგ – როგორ დაიწყო მისი შემოქმედებითი ცხოვრება, როგორ ჯიუტად იდგა თავის აზრზე და რამდენი შრომა დასჭირდა საბოლოოდ იმის სათქმელად, რომ ის ღმერთია – ალბომის მეორედ მოსასმენად სრულად ვკონცენტრირდი. თან ნამდვილად საინტერესო ფენომენია, ფანების და პრესის მიერ ალბომის ერთდროულად მიწასთან გასწორება და ციდან სამ მეტრზე აყვანა.
ალბომზე ერთმანეთისგან იმდენად განსხვავებული მუსიკოსები მუშაობნდნენ და იმდენი განსხვავებული სემპლის ნაზავია, ჟანრობრივად და ჟღერადობით ასეთი მრავალფეროვანი რომ არ გამოსულიყო გასაკვირიც იქნებოდა. Daft Punk, Hudson Mohawke, Arca, Gesaffelstein, Frank Ocean; თითოეული მათგანის შემოქმედებითი ძალები ძალიან ოპტიმალურად არის გამოყენებული. კანიემ ყველა ზემოთხსენებული და კიდევ ბევრი მუსიკოსი თუ მათი მუსიკა გააერთიანა და “თავის ჭკუაზე მოაქცია”. სწორედ ამ კოლაბორაციის შედეგად არის Yeezus კანიეს შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეული ალბომი, რომელზე შეფასებებიც ისეთივე არამდგრადია და იცვლება წლიდან წლამდე, როგორც კანიეს ხასიათი ბიპოლარული აშლილობის გამო და ალბომში შესული კომპოზიციების ჟღერადობა და თემატიკა. საბოლოოდ კი, ყველა ეს თემა რაზეც კანიე გვესაუბრება ძალიან სენსიბილური და პოპულისტურია, კანიეც გვინდა არ გვინდა კომერციულ ბაზარზეც მუშაობს და შესაბამისად ტექსტებიც პოპულისტური აქვს.
მაგრამ რაღაცა ხრიკებით უკვე ბევრჯერ ნათქვამს და დაწერილს ახლებურად თუ არა ისე გადმოსცემს, რომ თეთრებიც, შავებიც, ქერებიც და წითურებიც ერთნაირად ვეთანხმებით. “Black Skinhead”, “New Slaves” პირდაპირ გვიხატავს აწმყოს, რომელიც ოცდამეერთე საუკუნეშიც კი ყველანაირი უარყოფის მიუხედავად, რატომღაც მაინც რასისტულ პოზაშია.
მეორე შანსს ყველა იმსახურებსო ხომ არის ნათქვამი, ამ შემთხვევაში არა კანიე, არამედ მე აღმოვჩნდი ის, ვისაც მეორე შანსი მიეცა გაეანალიზებინა, რამხელა შეცდომა იყო წლების მანძილზე კანიეს შემოქმედების უგულებელყოფა.