ნიგერიული წარმომავლობის ბრიტანელი რეპერის, Little Simz-ის, მე-4 სტუდიურმა ალბომმა Sometimes I might be Introvert ინტროვერტთა უმრავლესობის ბედი არ გაიზიარა და შეუმჩნეველი არ დარჩა. სულ რაღაც ერთი კვირის წინ BBC 6 Music-მა ის 2021 წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, ახლახანს კი ამავე ალბომის საშუალებით Little Simz-მა MOBO Awards-ის საუკეთესო ქალი შემსრულებლის კატეგორიაში გაიმარჯვა.

MOBO Awards ბრიტანული დაჯილდოების ცერემონიაა, სადაც, როგორც თავად დაჯილდოების ინიციალებიც მიგვანიშნებს, (MOBO- music of black origin) ყოველწლიურად ფერადკანიანთა მუსიკის განვითარებაში მიღწევებისთვის გამარჯვებულთა გამოვლენა ხდება.

Little Simz-ისთვის ეს პირველი MOBO გამარჯვებაა, თუმცა მისი პოტენციალი ნათლად აჩვენებს რომ ეს უკანასკნელი ვერ იქნება: Livin’ in the present, still my future lookin’ sweet, ამბობს თავად არტისტიც.

Sometimes I might be Introvert-ს მოფერებით შეგვიძლია ვუწოდოთ SIMBI, რაც შემთხვევითი არ არის და არტისტის სახელის დასაწყისს და ზედმეტსახელს (Simbiatu “Simbi”) ემთხვევა. აქ Little Simz რეფლექსირებს იმ სირთულეებზე, რომლებსაც მუსიკალურ ინდუსტრიაში ქალი შეიძლება წააწყდეს, მითუმეტეს თუ მას სურს იყოს რეპერი, შავკანიანია და თან ინტროვერტი.

ალბომის პირველივე კომპოზიცია “Introvert” და ზოგადად მთელი ალბომი, მიუხედავად პოლითემატურობისა, მაიც შეიძლება დავასათაუროთ, როგორც ქებათა ქება ინტროვერტობისა.

” “Introvert”(იგულისხმება კომპოზიციას), ეს ვარ მე , რომელიც ინტროვერტობაში პოულობს ძალას, როცა ვუღრმავდები საკუთარ თავს და ვპოულობ სიმშვიდეს იმ ქაოსში, რომელსაც მთელი სამყარო მოუცავს.”

Simbi

არტისტი ცდილობს დაამტკიცოს რომ საკუთარ თავზე ჩაღრმავება, ეს არ არის სისუსტე და არც სიმორცხვის ნიშანი, არამედ ამის საშუალებით უფრო რეალისტურად შეუძლია აღიქვას სამყარო და შეამჩნიოს მისი მანკიერებებიც. თითქოს მთელი ალბომის განმავლობაში ის ეკითხება საკუთარ თავს: “როგორ მოხვედი აქამდე?” და ამავდროულად აფრქვევს თვითდაჯერებულობისა და სიმამაცის ენერგიას, რომელიც იმდენად გადამდებია, რომ მთელი საათის განმავლობაში მსმენელსაც თავი იმ რეპერად წარმოუდგენია, რომელიც ყველა წინაღობას მკაცრი სახით ეუბნება “Point and Kill”. თავად არტისთის თქმით, ეს სიტყვები გააცოცხლა ნიგერიული ფრაზიდან, რომელსაც თევზის ბაზრობაზე აჟღერებენ ხოლმე მაშინ, როდესაც მყიდველი ირჩევს, ხოლო გამყიდველი კლავს თევზს. მეტაფორულად კი ეს ფრაზა შიშის ეპიტაფიაა, რადგან Little Simz-ს ყველაფერი გამოუვა, რასაც კი ხელს დაადებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *