ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში, როდესაც ადამიანის წინაპარმა თავი გამოქვაბულს შეაფარა  და ცეცხლის დანთება ისწავლა ხელოვნების პირველი ნიმუშები გაჩნდა. ნივთიერებების შეზავებითა და სხვადასხვა პრიმიტიული ტექნიკის დახმარებით ერთ დღესაც გამოქვაბულში მყოფმა პირველყოფილმა ადამიანებმა თავიანთი ხელის ანაბეჭდები კოლექტიურად გამოქვაბულის კედელზე ასახეს და მათთვის ცნობილი ამ ერთადერთი მეთოდით თავიანთი ანარეკლი დატოვეს. ამ ქმედებით ჩვენმა წინაპრებმა რაღაც ინსტინქტურ დონეზე გაიაზრეს რომ ხელოვნება თვითგამოხატვის საშუალება იყო.

ათასწლეულების განვითარების მანძილზე ჩამოყალიბდა უამრავი დარგი ხელოვნებაში და ამასთან ერთად, ათასობით ხელოვანმა საკუთარ შემოქმედებაში პირადი გამოცდილებების ასახვის ორიგინალურ მეთოდებსაც მიაგნო. დინამიურად იცვლებოდა და იცვლება გამოხატვის ფორმები და მიდომები თუმცა ხელოვნება იყო და რჩება თვითგამოხატვის მნიშვნელოვან მედიუმად.

პირადი გამოცდილების და იდენტობის დაფიქსირებას ემსახურება დღეს მოღვაწე არტისტების საქმიანობაც, მათ შორის არის ბრიტანელი მუსიკოსის აიას (აქამდე ცნობილი როგორც LOFT) შემოქმედება. აია მუსიკალურ ინდუსტრიაში უფრო მეტად ცნობილი იყო ხმის ინჟინერიის მიმართულებით, ხოლო 2021 წელს მსმენელს ვოკალური შესაძლებლობებიც გააცნო.

2021 წლის სადებიუტო ალბომში სახელწოდებით I’m hole, აია პირადი განცდების და ისტორიის მოსაყოლად თანაბრად საინტერესო დატვირთვით იყენებს ტექსტსა და განსხვავებულ მუსიკალურ ბგერებს. ტრეკების შინაარსობრივ მრავალფეროვნებაზე, ის ფაქტიც მეტყველებს რომ ალბომის ტექსტები ცალკე წიგნადაც გამოიცემა და მკითხველისთვის ცნობილი იქნება როგორც ახალი სიტყვა თანამედროვე პოეზიის მიმართულებაში.

I’m hole სადღაც მეცხრე და მერვე სართულებს შორის იწყება. პირველი ტრეკი ერთგვარი  შესავალია სრული კომპოზიციის. ის უცნაური და განსაკუთრებულად არაკომფორტული ჟღერადობებით გამოირჩევა, სადაც მალევე ასევე არასასიამოვნო ხმები და ტექსტებიც ჩნდება. ტრეკის “Somewhere Between The 8th And 9th Floor” შინაარსი გენდერული ნარატივებით და საზოგადოებაში დამკვირდებული ნორმების შესახებ მითითებებით არის გაჯერებული. თითოეული ფრაზა გარკვეულწილად რაღაც სიმბოლურ დანიშნულებას ატარებს. არჩევანი წითელსა და ლურჯ ფეხსაცმელს შორის, გაისწორე მხრები, აწიე თავი, გაფუჭებული საათი, დაზიანებული ცერა თითი და ა.შ. ამ სიტყვათა ქაოსით აია ჯერ გაურკვეველ მინიშნებებს გვაძლევს ხოლო ტრეკის დასასრულს უკვე თამამად გვეუბნება სათქმელს:

 Hello everyone, And welcome to the show.

საკუთარ სამყაროში შეპატიჟებულ სტუმრებს არტისტი განაგრძობს მუსიკალური ბგერების უცნაური ფორმების განვითარებას. ის ერთდროულად გვთავაზობს ამაღელვებელ მუსიკასა და დეპრესირებად ჟღერადობებს. მეორე ტრეკში სახელწოდებით  “what if i should fall asleep and slipp under” საკუთარი პიროვნების საკითხს აყენებს და სხვადასხვა კონტრვერსიული კითხვის დასმით ცდილობს თვითონვე გასცეს პასუხი საკუთარ იდენტობას. აია ამ ტრეკშივე აფიქსირებს რომ განსხვავებულია, სხვებს არ ჰგავს და საკუთარ თავში არსებული სიცარიელის განდევნის გზას სექსუალური სურვილების საშუალებითაც ცდილობს.

როგორც უკვე ვახსენეთ ალბომში ტექსტსა და ჟღერადობას თანაბარი მნიშვნელობა აქვს და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ორივე ცალ-ცალკე ყვება სათქმელს. დიდი დოზით ექსპერიმენტული კლუბური მუსიკა, ამბიენთის ელემენტები და ფსიქოდელიური განწყობები საინტერესო და განსხვავებულ გამოცდილებას აძლევს მსმენელს. სწორედ ამიტომაც არის ალბომი ერთდრიულად სასიამოვნო და დისკომფორტული მოსასმენი.

მომდევნო ტრეკები ეტაპობრივად ვითარდება და მსმენელს ერთ ადგილას დიდხანს არ ამყოფებს, ერთი სიტყვით დინამიურობა ამ ალბომის კიდევ ერთი საინტერესო მხარეა. ყველა ზემოთ ნაახსენები გამოცდილების გასაზიარებლად გირჩევთ 40 წუთი გამოყოთ და აიასთან ერთად მის სამყაროში იმოგზაუროთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *