ავტორი: ქუჯი ტაბაღუა

ახალგაზრდა დამწყები მუსიკოსი, ცოტნე მაზმანიშვილი, სასცენო სახელით Tsotneh აქვეყნებს კომპოზიციას Christmas Bazaar და მასზე გადაღებულ  კლიპს თავისი მომავალი ალბომიდან “Open=Close”, რომელიც როგორც თავად არტისტი განმარტავს “Gentle Electroacoustic, Soft Tempo” ჟღერადობისაა. გავესაუბრეთ ცოტნეს და მის მეგობარ – ბასა მეტრეველს, რომელმაც კლიპი გადაიღო.

 

  1. საიდან წამოვიდა კლიპის გაკეთების იდეა და რატომ მაინცდამაინც ამ ტრეკზე?

ცოტნე: ამ კლიპის გაკეთების იდეა წამოვიდა წლების წინანდელი შთაბეჭდილებიდან. 2015 წელს დედაჩემს წინასაახალწლოდ გავყევი საახალწლო ბაზარში რაღაცების საყიდლად. ფოტო გადავუღე ამ ძალიან უცნაურ გარემოს, თავიდან ვერც მივხვდი, სად ვიყავი. აღმოჩნდა, რომ ღრმა ბავშვობაშიც ვყოფილვარ ამ ადგილას ნამყოფი, მაგრამ ასე დეტალურად არ დავკვირვებივარ.

როგორც კი შევედი, დავინახე შენობაზე აწერია სასა*ლაო. რაღაც რებუსივით იყო. ეს წარწერა “ სასაფლაო”, “სასაკლაოა” ?! რაღაცნაირი თრიგერი იყო, მესიჯი, თითქოს რაღაცას გეუბნებოდა, რაღაცას გიტოვებდა საფიქრალად. შემდეგ გარშემო მიმოვიხედე: გოჭები, ინდაურები, ლეკვები კნუტები, თევზები, თუთიყუშები.

2015 წლიდან მოყოლებული ჩამრჩა თავში ეს გარემო, ეს ემბიენსი. სულ მიტრიალებდა თავში ეს კონკრეტული ბაზარი თავისი აბსურდულობით, განსაკუთრებით კი საახალწლო დროს, თორემ სხვა პერიოდში დიდად არაფერი ხდება რომ გაიარო. ეს ტრეკი პანდემიის დროს ჩავწერე. არის ყველაზე განსხვავებული ამ ალბომიდან, თითქოს ამოვარდნილიც, თუმცა მაინც მინდოდა, რომ აუცილებლად ამ ალბომში მოხვედრილიყო, რადგან იდეურად მანდ ვხედავდი. ემოციურად უცებ დავლინკე იმ გარემოსთან. ზოგადად, არ მიფიქრია არც ერთ ტრეკზე კლიპის გადაღება, მაგრამ ამ კომპოზიციაზე ბუნებრივად მოვიდა ეს იდეა. ჩანაფიქრი ბასას  მას შემდეგ გავუზიარე, რაც ყოველდღიურ მეგობრულ საუბარში ახსენა, რომ დიდი სიამოვნებით იმუშავებდა მუსიკალური კლიპის გადაღებაზე. წამიერად შევთანხმდით და დავგეგმეთ ამ ტრეკზე კლიპის გადაღება. მისი და ჩემი ემოციური კავშირი ამ კლიპთან მიმართებაში ნამდვილად შედგა.

ცოტნე მაზმანიშვილი და ბასა მეტრეველი
  1. რა მესიჯი დევს ამ კლიპში? რისი გადმოცემა გსურდათ?

ცოტნე: ამ კითხვაზე ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი მაქვს.

ვფიქრობთ, რომ კლიპის მესიჯი რეალურად არაფერი არ არის. უბრალოდ არის ასახვა იმ აბსურდის, რაშიც ვარსებობთ ადამიანები, ფრინველები, ცხოველები. არავის არაფერს მოვუწოდებთ, არც ერთ ადამიანს არ ვკიცხავთ, იქ რომ დგას, ან ვინც ყიდულობს, ან ვინმე რატომ არ არეგულირებს,  ან ვიღაც რატომ არ ცვლის ამ ყველაფერს. მე პირადად არც ვიცი რა უნდა შეიცვალოს, აქედან გამომდინარე, არც არავის არაფერს მოვუწოდებ.

არ გვინდა, რომ ძალიან ტრაგიკული და სევდიანი მიმართულება ჰქონდეს კლიპს. არის კადრები, რომლებიც ამ ყველაფერს ამსუბუქებენ. ეს არის გარემო სადაც ვცხოვრობთ და ცოტა უცნაურია ეს ყველაფერი.

 

  1. რა სირთულეებს გადააწყდით კლიპის გადაღებისას? ან რა იყო ყველაზე სასიამოვნო ამ პროცესში?

ბასა: სირთულე ის იყო, რომ პირველად ვიღებდით, აქამდე ესეთი გამოცდილება არ გვქონია. სულ ორჯერ დაგვჭირდა ამ ბაზრის ტერიტორიაზე მისვლა, მაგრამ მეორედ მისვლისას, სამწუხაროდ, გამოგვყარეს.

ექსპერიმენტი იყო ეს ყველაფერი, არანაირი გეგმა, უბრალოდ მივედით კონკრეტულ ადგილზე და ავიღეთ კადრები, სანამ გამოგვყრიდნენ. შემდეგ ვეცადეთ იმ კადრებით აგვეწყო კლიპი, რა კადრების აღებაც მოვასწარით.

სასიამოვნო არის ის, რომ გამოვიდა ეს ყველაფერი, შეიკრა და მიიღო ისეთი ფორმა, რომლის გამოჩენისაც არ გვრცხვენია. სასიამოვნო გამოცდილება იყო, მონტაჟის ბაზისებს დავეუფლე ამ კლიპის აწყობისას.

  1. ალბომის სახელი რა იქნება და გარეკანზე რას გვეტყვი?

ცოტნე: ალბომის სახელი არის “Open = Close”. გარეკანის დიზაინი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, ამიტომ ჯერ არ ვიტყვი რა იქნება. ალბომის სახელი წამოვიდა ჩემი ერთ-ერთი პირველი კომპოზიციის იდეიდან. ამ ტრეკის სახელია “დამდეგი”, რომელსაც ალბომში ვიხილავთ. ჩაწერისას გადავწყვიტე, გამეღო აივნის კარი, გარედან შემოსული ხმები, ემბიენთი ჩამეწერა და ბოლოს ეს კარი ისევ დამეხურა.

ეს იდეა მომეწონა ძალიან, რომ ცხოვრებაში ამ ყველაფერს ისედაც ვაკეთებთ ყველაფერში.  თუნდაც ურთიერთობებში ან რაიმე ახლის სწავლაში. რაღაც კარს ვაღებთ, შევდივართ, მერე ვხურავთ და ამ ქმედებებში ტოლობაა, იმიტომ რომ ერთი რაღაცის დასასრული ახლის დასაწყისია ყოველთვის. ჩემთვისაც ეს პირველი მოგზაურობა იყო მუსიკალურ სამყაროში. პირველი ალბომია, ჩემთვის რაღაცის დასაწყისია და ამ ალბომის დასასრული კიდევ ბევრ კარს გახსნის.

ჩვენს სამყაროში ყველაფერი ასე მუშაობს, ასე მჯერა.

  1. აპირებ თუ არა ციფრულის გარდა ალბომის ფიზიკური ვერსიის გამოცემასაც?

ცოტნე: ვგეგმავ, რომ ფიცრულის გარდა ფიზიკური ვერსიაც არსებობდეს, რადგან პირველი ალბომია, ჩემი პირველი ნაბიჯია მუსიკალურ სამყაროში და მინდა, სამახსოვროდ დამრჩეს მეც და კიდევ მათაც, ვისაც სურვილი ექნებათ. ვაპირებ ფირფიტების სახით მცირე ტირაჟით გამოშვებას, მაგრამ ამას კომერციული ხასიათი არ ექნება. არც რომელიმე ლეიბლის ქვეშ გამოდის ეს ალბომი, რადგან ჩემთვის ის ძალიან პირადია. ამიტომ დიდი მოტივაცია არ მქონია კომერციალიზაციის.

  1. რას ურჩევდი დამწყებ მუსიკოსებს, რომლებსაც ასეთივე ჩანაფიქრები აქვთ?

ცოტნე: მთავარია გააკეთო, პირველი ნაბიჯი გადადგა. კარგია, როცა კარგი ფროდაქშენი გაქვს, კარგი გადაღება, კარგად დაგეგმილი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კარგ ხარისხს დებს საბოლოო ჯამში, მაგრამ არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ იდეას ფორმა მისცე და წარადგინო აუდიტორიის წინაშე.

ყველაფრის გაკეთება ძალიან მარტივადაც შეიძლება. ჩვენი კლიპი ტელეფონით არის გადაღებული ზედმეტი ძვირადღირებული გაჯეტების გარეშე. ეს არ უნდა იყოს ბარიერი, თუკი სურვილი და მიზანი გაქვს.

არ მჯერა იმ ხალხის, რომლებსაც ძალიან ბევრი იდეა აქვს და უბრალოდ ვერ ახერხებს აღსრულებას. თუ იდეა გაქვს, ადექი და გააკეთე.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბასას კლიპის გადაღება-დამუშავებისთვის; დედაჩემს – დარეჯან ჟორჟოლიანს, რომელიც ორ ტრეკზე დამეხმარა სიმებით გამეფორმებინა კომპოზიცია, ასევე ჩემ მეგობარ აჩი ბახსოლიანს მუდმივი მუსიკალური კონსულტაციისთვის ალბომზე მუშაობის პერიოდში; რა თქმა უნდა, ნასტია სართანიას მხარდაჭერისთვის და გიორგი ქორიძესთან დაკავშირებისთვის, რომელმაც დაამასტერა ჩემი კომპოზიციები. და კიდევ მრავალ ადამიანს, მათ შორის თქვენ, რომლებიც თავიანთი სიხარულით და გულშემატკივრობით აძლიერებენ ამ ენერგიას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *