ვიეტნამის ომი 1975 წელს დასრულდა. ომის ველზე კასეტებში ჩაწერილი მუსიკა, რადიოში გაჟღერებული, შხრიალა სიმღერები, ალბათ, ერთადერთი საერთო საყვარელი რამ იყო, რასაც ვიეტნამში მყოფი ჯარისკაცები და ამერიკაში დარჩენილი ადამიანები იზიარებდნენ. ომმა ჯერ ყოველდღიური ცხოვრება მოიცვა, მერე მელოდიებს შეეხო და ბოლოს სიმღერის ტექსტებშიც შეაღწია. მუსიკა, რომელიც პირდაპირ საუბრობდა ომთან, გახდა მტკიცებულება იმის, რომ ადამიანები, მართლაც, გრძნობდნენ და წუხდნენ გარდამტეხ, კატაკლიზმურ დროზე. სანამ მყვირალა მუსიკა მტკივნეული ტრავმების მახსოვრობის მარკერად იქცეოდა, 1969 წელი იყო. ამ წელს გადაწყვიტა დონოვანმა, წერილი ემღერა და “To Susan On The West Coast Waiting” შემოეწერა. ნეო-ფოლკლორულ რიტმში გახლართული სუზანი და დანარჩენი ტრეკები ალბომის – “Barabajagal”-ის ნაწილი გახდა. შორით მონატრება და სიყვარული, როგორც ომის საწინააღმდეგო ჰიმნი 1969 წელს ბევრჯერ გაჟღერდა. თუმცა, რიჩი ჰევენსმა მოახერხა, რომ ამავე წლის Woodstock-ის ფესტივალი ისტორიული ხაზისთვის ძალიან დიდ დღედ მიემატებინა და თავისუფლებაზე იმღერა. სცენაზე 3 საათიანი ყოფნის შემდეგ, რიჩი მიხვდა, რომ სამღერი აღარაფერი დარჩა და იმპროვიზაცია გადაწვყიტა. მისი აკუსტიკური გიტარის ინტენსიურად რიტმული ჟღარუნით, რიჩი ჰევენსმა ადგილზე დაწერა “თავისუფლება”. “ვფიქრობ, რომ ეს სიმღერა მე არ მეკუთვნის. იგი ეკუთვნის ყველაფერს, რამაც ის იმ წამს შექმნა.”, ამბობს იგი.

პროტესტის მუსიკამ არ დააყოვნა, უამრავ, ახალ-ახალ ალბომებში ტრანსფორმირდა, და, იმავდროულად, არც ომმა დააყოვნა. 11,000 ამერიკელი იმსხვერპლა ვიეტნამის ომმა, მაშინ, როცა ნიქსონი კამბოჯას საიდუმლოდ ბომბავდა. მთავარი რამ, რაც 1969 წელს ასე მძაფრად ახასიათებდა, სხვადასხვა მუსიკის ჟანრის, ანდაც, კონკრეტული სიმღერის მნიშვნელობათა სიმბოლიზაცია, შეცვლა იყო. CCR-იც, რომელმაც 20 წუთში დაწერა Fortunate Son-ის ტექსტი, იმ დროის საუნდტრეკად იქცა, რაც ასევე ვრცელდება ჩარლი ჰეიდენის ალბომზე – Liberation Music Orchestra-ზე. “War Orphans”, რომელიც ჰეიდენმა ორნეტ კოლმანთან ერთად შეასრულა 1967 წელს, 1969 წლის ალბომის ერთ-ერთი ტრეკი გახდა და ვიეტნამის ომს მიეძღვნა. სამოქალაქო მღელვარებაზე მიკ ჯაგერმაც დაწერა Street Fighting Man, რაც, იმავე წელს, რამდენიმე რადიომ აკრძალა იმ არგუმენტით, რომ იგი დამღუპველი იქნებოდა იმდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობისთვის.

პროტესტის მუსიკის წელი იყო 1969 და როკმა, როგორც კულტურული და სოციალური ცვლილების რეფლექსიამ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. მისი მნიშვნელობა და სიმბოლიზმი თანადროულ ტრავმაში გადაიწურა და ერთიანი, კოლექტიური ყვირილი, როგორც მესიჯი, საზოგადოებრივ პასუხისმგებლობად იქცა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *