სიტყვა ნამუშევარი უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონის განმარტებით ისაა, რაც მუშობით, შრომით შეიქმნა. თუმცა, ჩემთვის მუსიკასთან (და არამხოლოდ მასთან) მიმართებით ამ სიტყვის გამოყენება უფრო მეტ კონკრეტიკას და კრიტერიუმის დაკმაყოფილებას მოითხოვს. მხოლოდ შრომა არ არის საკმარისი. შრომის შედეგში სკრუპულოზურობის კვალი და საქმის შრომატევადობა უნდა ჩანდეს. ასეთი მუსიკა კი ნამდვილად ნამუშევარია. ნამუშევარი თავისთავად დახვეწილია. დახვეწილი ნამუშევარი კი ეროვნული სცენის თვალსაჩინო დანაკლისია.
ეკო და ვინდას პირველი ალბომი – „თერაპია“ ამ თვალსაჩინო დანაკლისის შემცირებისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო. მათი ნამუშევრის გამოცემა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა სოციალური ქსელის უმსხვილეს (პოსტ-პანკი/ახალი ტალღა) ჯგუფში სხვადასხვა ქვეყნიდან გაზიარებულ ახალ ალბომებს ეგოისტურად თვალს ვადევნებდი. თერაპია ნამდვილად ის ალბომი იყო, რომელიც ამ ჩემს ეგოიზმს გული მოფხანა და ჯგუფში ჩემი პირველი და უკანასკნელი აქტივობა შედგა: … the sophisticated Georgian post-punk album by Eko and Vinda Folio. ალბომი იმდენად მომნუსხველი აღმოჩნდა, რომ მოგვიანებით, Spotify-ზე ჩემს პერსონალურ ათბილიკიან სიაში, სახელწოდებით – Newest Georgian Wave – სამი ამ ალბომიდან მოხვდა.
დრო გავიდა.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეც ახალი ალბომის მომლოდინეთა სიაში ჩავეწერე. ბუნებრივია ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მომავალ ალბომზე მოლოდინები შედარებით მაღალია, რომლის სიმაღლე „აკუსტიკაში“ დუოს ახალი ნამუშევრის მოსმენამ კიდევ უფრო გაზარდა.
მოლოდინი, რაც უფრო მეტია მოწონება მით უფრო რთულია. ეს სირთულე ადგილობრივი სცენის დეისაძე-ეზუგბაიას გამორჩეულმა ტანდემმა ნამდვილად დაძლია. მტკიცებულება თავად ეს ტექსტია. თუკი ეკო და ვინდას პირველი ალბომი ჩემი ეგოიზმის თერაპია აღმოჩნდა, მეორე – თავხედობის საფუძველი. ახალი ალბომი „თავშეკავება“ ნამდვილად ჩემი თავშეუკავებლობის მიზეზია. ასე, რომ სათქმელს ალბომზე გეტყვით.
პირველად რამდენიმე ბილიკი ალბომის დახურულ წარდგენაზე მოვისმინე, თუმცა ეს ყველაფერი ამაო აღმოჩნდა (არც ხმა მესმოდა დიდად). ალბომის სათანადო მოსმენისთვის ჩემთვის იდეალური Spotify გახდა, ყურსასმენით.
დიახ, “თავშეკავება“ უფრო გრძელი ნაბიჯია, ვიდრე „თერაპია“.
პირველი რისი თქმაც შეიძლება ისაა, რასაც ახლანდელ დროში იშვიათად შეხვდებით – ალბომის კონცეპტუალურობა. ამისთვის პოეტს აქვს ენა, ვინდას კი – სმენა. წარმოდგენილ ჟანრობრივ მიმართულებაში კონცეპტუალურობა განსაკუთრებით დასაფასებელია. მეორე რაც უნდა ითქვას – მთლიანობაში ალბომი შეკრულია და ავტორებმა აშკარად იციან რას აკეთებენ.
მუსიკოსები ტრადიციულ ჟღერადობას არ ღალატობენ. კოლექტიურად, ალბომის ღირსებაზე საუბრისას გამართული რიტმ-სექცია გასათვალისწინებელია, ხოლო ინდივიდუალურს ბილიკ-ბილიკ მოგიყვებით.
„დრო აღებს კარებს“ გამხსნელია. მოსმენილი ჩემში პესიმიზმი საფუძველია. ბილიკი ალბომში არსებობას ნამდვილად იმსახურებს, მაგრამ ადგილი არასწორი აქვს. მართალია, პროლოგის ბოლოს გიტარა შუგეიზში გადაჭრას ლამობს, მაგრამ მოლოდინის მიჩენს იმისა, რომ მთლიანი ალბომი ძველის ახალი გადამღერება იქნება.
მეორე ბილიკი ჩემს პესიმიზმს მყისიერად აცამტვერებს. „სამალავის“ მრავალფეროვნება საწყისებიდანვე სააშკარაოზეა. ბილიკს გამართული რიტმ სექცია მეტ ღირსებას სძენს. აღსანიშნავია დრამის არაკონვენციურობა და ბასის დახვეწილი ხაზი, რომლის ფონზე გიტარა და ეკოს სიტყვები ბევრად უფრო ლამაზია. Spotify -ის ალგორითმი ამ ბილიკს ჩემს On Repeat-ში ბევრჯერ მოახვედრებს.
„ქარიანებს“ ის ბილიკია, რომელიც ალბომის პოპულარიზაციისთვის ადრე გამოიცა. შესაბამისად, ალბომამდე მოსმენილიც მქონდა. დასაწყისშივე ძალიან ნაცნობია, მაგრამ ეს სულაც არ არის ცუდი, რადგან ფავორიტ ავსტრალიურ ბენდს მახსენებს. ამ ბილიკის ტალღები აშკარად ოკეანისას ჰგავს. Reptile-ის (The Church -ის 1988 წლის ალბომიდან) მსგავსად ეს ბილიკიც გიტარის გამორჩეული რიფების ირგვლივ ტრიალებს. ალბომის პრეზენტაციაზე ერეკლემ სწორედ ამის ტექსტზე თქვა, რომ სამშობლოს წინაშე ვალი მოიხადა, როცა ეს დაწერა. ეს მენიშნა და ტექსტს უფრო ყურადღებით დავაკვირდი. განზრახვა დიდია, ვიდრე პეიზაჟის ჩვენება. ის პოლიტიკურია. თითქოს ავტორი ცხოვრების საზრისს ეხება, მსმენელს ოპტიმიზმისკენ მოუწოდებს. „მდინარე წრეზე არ ტრიალებს“ და „დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან“.
მეოთხე ბილიკი ამავე ალბომის სახელწოდებას ატარებს. „თავშეკავება“ გულახდილია და ღიად ამბობს, რომ განზრახვა საუკეთესო ტრადიციებში, გემოვნებიანი პოსტ-პანკის შექმნაა. თუმცა, ამ ბილიკში ტექსტი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, რომლის ავტორის უფრო მეტი უნდა ჰკითხოთ, მაგრამ მე ტრაგიკული ამბავი გამახსენა.
ტექსტიდან ამონარიდი: „იქ სადაც განთიადია, ნაპირებს ვკარგავთ ჩვენ. ვერავინ გაგვაგონ სახურავიდან ხმა … ვერავინ გაგვაგონოს სახურავიდან ხმა“.
წინა წლის ახალი ამბების ქრონიკებიდან: „საცხოვრებელი კორპუსიდან დევნილი მამაკაცი გადახტა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, პროტესტის ამ ფორმას მამაკაცმა ყურადღების მისაქცევად მიმართა. თვითმკვლელობამდე ის კორპუსის სახურავზე ავიდა, დევნილებს დაუძახა და მათი თანდასწრებით დემონსტრაციულად გადმოხტა“.
ვიკიპედია: განთიადი (აფხ. Ганҭиади; ყოფილი პილენკოვო; წანდრიფში) — დაბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე მეხადირის ნაპირზე საქართველო-რუსეთის საზღვართან.
ალბომი მეხუთე ბილიკს გოთიკურობა გასდევს. ამას დეისაძის ვოკალით გამძაფრებული სიპირქუშე უფრო გამოჰკვეთს, რომელიც ჩემი ფავორიტი „პიზის“ „დუმილის დროს“ მახსენებს (ჯგუფის ერთადერთი ალბომი ერთ-ერთი საუკეთესოა). ვინდა და ეკოს მეხუთე ბილიკმა შეიძლება წარსული გრძნობები ამოგიტრიალოთ, რადგან „ვარსკვლავს ნაადრევს“ ჭეშმარიტად გულგატეხილთა პროფკავშირების ჰიმნია (ტერმინის ავტორი ვახტანგ ქანთარია).
მეექვსე ბილიკი „ქვემოდან ზემოთ“ რიტმ-სექციის მონოტონურობით გამოირჩევა, რომელიც დამღლელად იქცევა. ამ ბილიკს არც უცნობი ხმები და არც ნაცნობი გიტარა შველის. ამ ალბომისთვის ეს ბილიკი ჩავარდნაა.
დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ „სიცხადე ჰგავს კომეტის ნატეხებს“, მეორე ბილიკის ბედს გაიზიარებს და ხშირად მოხვდება Spotify-ის On Repeat -ში! ახალი განსაკუთრებით არაფერი. არტ-როკისთვის დამახასიათებელი, ექსპერიმენტული და არაკონვენციური ინსტრუმენტის ინტეგრაცია კლასიკურ პოსტპანკში. ბილიკი ათასჯერ მოსმენილ ძალიან კარგს ჰგავს. ძალიან მინდა პიტერ ჰუკმა მოისმინოს და თუ ეგოისტი არ არის აზრიც ვკითხო (Joy Division და New Order დამფუძნებელი ბასისტი).
მერვე ბილიკში ერთად გიტარის სილამაზე და მსუბუქი მელანქოლიურობა გულგატეხილთა cure-ია. ლექსიკონი: ინგ. არს. სხ. Cure უებარი წამალი; ზმ. განკურნვა (<გან>კურნავს); ბრ. მუს. The Cure ლეგენდარული რობერტი ძიას ჯგუფი. „არევადია“ მშვენიერია. აქვე უნდა ვაღიარო, რომ პირველივე წამებიდან ფეხი ამიყოლია.
„უმისამართო ღელვა“ 80-იანი წლების ახალი ტალღის ღირსების დემონსტრირებას ცდილობს. რობერტ მუგის ინოვაციის კარგი გამოყენება, ყოველთვის კარგ შედეგებს დებს.
ალბომის ბოლო ბილიკი „წითელი დროშა“ სხვა გალაქტიკიდან არის. ის არ ჰგავს წინამორბედებს, მაგრამ არც ალბომის ერთიანობას არღვევს. ეს ბილიკი ფსიქოდელიურების ახალ ტალღაში ცურავს. სხვას ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ძალიან მომწონს.
და ბოლოს, ჩემი აზრით, ბოლოში პირველის ადგილი იყო, რომელიც ალბომის დასასრულს მსმენელს „თერაპიაზე“ გადასვლას უბიძგებდა, რადგან „დრო აღებს კარებს“ ბმულია დუოს პირველი ალბომის.
ავტორი: ეგნატე შამუგია
ფოტოები: ვაკო ტაბატაძე
Მუსიკალური პროდიუსერი: თორნიკე გველესიანი